ნორბერტ ჰუმელტი – მიღმიერი სამყაროს მოგზაური

ნორბერტ ჰუმელტი თანამედროვე გერმანულ პოეზიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დაფასებული ავტორია. მისი პოეზია გამორჩეულია იშვიათი მგრძნობელობით და უნარით, გადალახოს საზღვარი ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის, გახსნას იმ სამყაროს ჭიშკარი, სადაც ბავშვობისდროინდელი მოგონებები სახლობენ და მოუხმოს ისეთ გრძნობებს, რომელთა ადგილი ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო ცოტა რჩება.

პოეტური ტრადიციების ხელახალი გააზრებისა და მიღების გზაზე იშვიათად თუ უვლია რომელიმე თანამედროვე პოეტს ისე ჯიუტად, როგორც ნორბერტ ჰუმელტს.

მის ლექსებში ისმის აიხენდორფის რომანტიკული ინტონაციები და შტეფან გეორგეს პოეტიკის გამოძახილი, რომელთა ესთეტიკასაც ჰუმელტი თანამედროვე პოეზიის ენას არგებს.  2016 წელს გამოცემული მისი კრებული „განსაწმენდელი“ კი  დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ ეხმიანება.  ამ კრებულში შემავალი ლექსები წარმოადგენს ერთგვარ პოეტურ მოგზაურობას მიღმიერ სამყაროში, რომელსაც მსუბუქი, სასიმღერო ტონალობა ახლავს. პოეტის ლირიკული მე მოივლის მოგონებების ადგილებსა და სივრცეებს დანტესეული ტერცინებით, მსუბუქი შიდარითმებით, 14 თუ 16 მარცვლიანი მშვიდი სტრიქონებით და არღვევს მიჯნას ოცნებასა და ილუზიას, რეალობასა და წარმოსახვას შორის. ამ მოგზაურობისას ჰუმელტის ლირიკულ გმირს გარდაცვლილთა ხმებიც ჩაესმის და  მათი ენით გვესაუბრება. კრიტიკოსები ჰუმელტის ბოლო კრებულს პოეტურ პროვოკაციასაც უწოდებენ, რითაც პოეტი თავისი თანამედროვე კოლეგების ქაოსურ ფრაგმენტარიზმს ემიჯნება და უფრო საგანთა სიახლოვეზე კონცენტრირდება. მის პოეტურ სამყაროსთან უფრო ახლოს არის მაყვლისა და ქლიავის ბუჩქები, ფარვანები და მერცხლები, ვიდრე უახლესი ტექნოლოგიური ტერმინები თუ სურათები, რომელიც ბოლოპერიოდის გერმანულ პოეზიაში ასე პოპულარული გახდა.

ამჯერად ქართველ მკითხველს კრებულ „განსაწმენდელიდან“ ორ ლექსს ვთავაზობთ. ესენია:  „თავსაფარი“ და „მცველი“.

ლექსები „სალოცავი“ და „ჩრდილი“ ნორბერტ ჰუმელტმა საქართველოში, კერძოდ თუშეთსა და ფშავში მოგზაურობისას დაწერა. როგორც თვითონ იხსენებს, საქართველოს ამ კუთხეებმა იგი მითოსურ წარსულში გადაახედა. ქართველი მკითხველი ჰუმელტის ლექსებს 2015 წელს ჟურნალ „ახალ საუნჯეში“ გაეცნო მაია ლიპარტელიანის თარგმანით. თუმცა მისი სახელი ქართველი პოეტებისთვის იმით გახდა ცნობილი, რომ მან ბწკარედის დახმარებით 13 ავტორის ლექსები თარგმნა გერმანულ ენაზე, მათ შორის ბესიკ ხარანაულის 5 პოემა, რომელიც გასულ წელს წიგნად გამოიცა სათაურით „მიკარნახე, ანგელინა“. (გამომცემლობა „დაგიელი“).

ჰუმელტი პროფესიონალი მთარგმნელია, მას ელიოტის და იეიტსის მთარგმნელად იცნობენ. ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს პროექტებში, რაც ბწკარედიდან თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპელ ავტორთა ლექსების გერმანულ ენაზე გადატანას ემსახურება.

1962 წელს რაინისპირა ქალაქ ნოისში დაბადებული პოეტი ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და საქმიანობს.  ესეისტიკა, სარედაქციო საქმე და რადიოგადაცემები მისი მოღვაწეობის შემადგენელი ნაწილია. ბოლო წლებში ნორბერტ ჰუმელტმა რამდენიმე რადიოგადაცემა ქართულ პოეზიაზეც გააკეთა. „მე არ შემიძლია წავიკითხო ქართული ლექსი დედანში, მაგრამ მივხვდი მის აგებულებას და ხასიათს“ – გვითხრა ერთ-ერთი შეხვედრისას.

გასულ წელს ნორბერტ ჰუმელტს ჰელტის პრემია გადაეცა. ეს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა გერმანულენოვან პოეზიაში, რომელიც მე-18 საუკუნის პოეტის ლუდვიგ კრისტოფ ჰაინრიხ ჰელტის (1748-1776) სახელს ატარებს.

მთარგმნელისაგან

 

სალოცავი

 

მდინარის ფონი პირველად რომ გადავიარეთ,

ბილიკზე გველი გაიკლაკნა, უკვე ქვიანზე,

მერე ფერდობი მეტისმეტად დამრეცი გახდა. ზევით

 

ეულად მდგარი ხის ქვეშ, ცხვრის რქები დაგვხვდა,

ერთი თვის უკან შეეწირათ მსხვერპლად და მკაცრად

გვეკრძალებოდა შეხება მასთან.

ეს რა ხე იყო, რომ ვიკითხე, ტელეფონს ერთმა

ჩახედა წამით და პასუხი სატელიტმა მყის გვიკარნახა.

ასე როგორ დაბნელდა მიწა, რომ არც ერთ ჩვენგანს

აღარ ძალგვიძს რამის დანახვა.

ფერდობი კი მიიწევდა კვლავაც ციცაბოდ. მაგიდა დაგვხვდა,

ხატობას რომ ტრაპეზობს მრევლი. მის შორიახლოს

ღვთისმშობელის საკუთრთხეველი.

ქალები სწორედ აქ შეჩერდნენ. მსურდა, მეთხოვა

შემწეობა, დანაკარგი მაკმაროს ძველი.

გზა გავაგრძელეთ  ზემოთ, ნიშისკენ,

სახვევები იქ რომ ეკიდა, სამსხვერპლო ცხვარს იცავს შიშისგან,

მორჩილად ხვდება ყელის გამოჭრას.

და კიდევ ერთი კოშკი გამოჩნდა უხატო ხატის.

მამაკაცებსაც ეკრძალებათ შეხება მასთან, სიტყვები გაქრა.

მეც ხომ ასე გამომჭრეს ყელი, თუმც ახლა აქ ვარ,

ჭრილობამაც შეიკრა პირი. დღე იყო ისევ

იქიდან რომ დავეშვით თავქვე, გადმოვიარეთ ის ფონი უკან

და თვალი ვკიდეთ საჭმელებით დატვირთულ სუფრას.

ახალდაკლული ცხვარი იდო ტარხუნის და ტყემალის წვენში.

იმ დღესავით გამჭვირვალე დიოდა ღვინო,

სისხლი იყო მუქი და მრეში.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8