*  *  *

საკუთარ თავში მჯდომარეს

გულის სიმახინჯე დაგწვავს.

ხმაურს ვერშეჩვეული მეზღვაური

ნელა იხდის კოსტიუმს

და წვება ზღვის სულებთან.

შეგიძლია ჩამოგდებულ მზეს მიეფერო,

ჩვენი ვარსკვლავები მალე დაგვიბრუნდებიან

და ჩვენი კანი, ბალანი თუ ავატარები

მეტად გახდება მობრჭყვიალე ციურ ნათებით.

ამ კომუნალურ მარტოობისას

მესმის, რომ რთულია დარჩე ადამიანური.

ალბათ გირჩევნია ლოცვა განაგრძო,

გარშემო აისბერგივით აგრეგატული ბურუსია

და ეხვეწები მას, ემუდარები…

ილოცე დაყრილ თმაზე,

რომელიც იატაკს არც კი ემჩნევა,

ყვავილების სველი ფურცლები დაბობღავენ,

ბავშვობის სუნით გაჟღენთილნი,

გაყიდულ ბოლქვებს კანზე ლოშნიან.

შენც აქვე წევხარ, –

ნათელი საიდუმლოებებისაგან დაზაფრული,

გაძრწუნებს ბედი ახლო წარსულის,

მოსალოდნელ სიმწუხარეთა დაღლილი თვლემა, –

გიგანტური უნიტაზის ჩრდილს ქვემოთ,

ნერწყვთან ერთად დაყრილი,

ჩაძირული სიტყვებით.

შიგნით ფაშვი ინელებს იმ განსვენების ნებისმიერ პოზას

და თვითონ მე,

საკუთარი თავის ამოცნობით დატანჯული,

ცხადად შევიგრძნობ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება,

მაგრამ ყოველივე ისევ უცხოა ჩემთვის.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10