*  *  *

ვუყურებდი კანდინსკის, ან მალევიჩს,

ინტერიერში ჩაკეტილ სათამაშოებთან,

ცხვირწინ მიხურულ კარებთან,

ჭიანჭველების გამოძახებით დინასტიებთან.

შენი სათამაშო მასავით ამძუვნებულია,

კიბეზე ფეხსაცმელს აჭრაჭუნებ და სრულყოფილების გეშინია.

სუნთქავ, როგორც მომაკვდავი

მოჩვენებითი აგონიისას.

ხან ფრჩხილებს იკვნეტ

და გესიზმრება ჩემი ხელები სარკისებრ თხემზე.

მე შენი სიცივის მეშინია

და აღარ გკოცნი,

მე დამღალეს სასიყვარულო დისტანციებმა.

მხატვრის რეპროდუქცია აქ შემთხვევით მოხვდა.

თვალებიდან, ვულკანის კრატერებივით,

ამოხეთქვას ლამობენ  ჩემი ცრემლები.

 

*  *  *

თოვლით დაფარეს დეციბელებმა გარემო.

სიზმრიდან გამოსულს, პლაცენტასავით მიკრული ნიჟარით,

სურს გაიგოს საიდუმლოება

ჰაერში დამხრჩვალი ნივთების,

ხატის უმანკოებათა ნარჩენის –

ბავშვის ძილივით სევდიანი

და მომსწრე იმ დღეთა გახსენების,

რომლებსაც არაფრის კეთებაში ვატარებდი.

დამირეკე,

ისევ იმ სახლში ვცხოვრობ,

ნუ იტყვი ჩემზე უარს,

მომეცი უფლება ღამით შენთან ერთად მეძინოს.

დაუვიწყარია მეტადონის დიეტა და ტელესიზმარი,

სიმულაცია სიგიჟის.

როდესაც საბოლოო სახეს იღებ,

თითქოს უფრო მეტად მწუხარე ხარ,

ვიდრე შეშლილი,

რადგან ჯერ კიდევ არ ჯერათ სევდიანი გიჟების.

ხელოსნური ერთგულებაა, იყო უკვდავი,

გრაფიკულ ვიბრაციათა

ხახუნის შედეგად მიღბული

ან აწყობილი სათამაშო

სიყრმიდანვე იდიოტის.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10