Goalkeeper

         „და ორთქლზე ხელებმიფიცხებული

               ოცდაცამეტი წლის ბიჭი,

               ლოთი და ნიჭიერი

          ბიძა იყო ჩემი“

                          ელა გოჩიაშვილი

 

შუაღამისას მატარებელს ჩამოყვებოდა,

გავფხიზლდებოდით მძინარე დები,

დავესეოდით ნამგზავრს მძვინვარედ,

თითქოს ლომებმა გალიები გამოტეხეს.

გაჩუმდით! – ყვიროდა მამიდაჩემი

და ისეც უხმო ბიძაჩემს ეძახდა,

ჩვენ კი გვიხაროდა, ისე გვიხაროდა,

თოვლიც რომ მოსულიყო

ახალ წელს შევხვდებოდით.

სულ ბოლო ოთახში,

ნამდვილი, წისქვილის ქვა ბრუნავს

და სიმინდს ხან ღერღავს,

ხან წმინდად დაფიფქავს,

მე მიკვირს, რას ფიქრობს ამდენს და

რა უჩენს საფიქრალს ჭას,

შუა ეზოში პირთამდე წყლით სავსეს?

პეტრე კი იცინის, -აგი, სულ მასეა.

პატარა რომ იყოს, ახლაც და იცინოს,

როგორ გავიხარებ! –  დაი, დამირეკავს

ხანდახან და მეტყვის,

რომ ის არ მთავრდება,

არასდროს მთავრდება,

რომ ისევ ვუყვარვართ,

რომ ისევ ზრუნავს და

სულ ჩვენთვის აგროვებს: თხილს,

კანფენტს, მარმალადს, ათასგვარ სასუსნავს,

იცის, გაგვახარებს გოგოებს ძალიან.

ჩვენ კი გავურეცხავთ მეკარის

ფორმას და მოვყვებით საქვეყნოდ

მის ამბავს, რომ ერთი გოლიც კი

ვერ გაუტანეს და რომ ყველა მის

სახელს იძახდა.

შენ ალბათ,  ასეთი გეგონა ყოველთვის…

_რაი უქნიენ, თუ იცი იგენს?

წოუღიენ გოგორე და…

უპოვიენ მკვდარი ძაღლი,

ღვინო ქე მაქ, ჯავრი ქე მაქ,

რო მოის და მოხრიგინობს

ნეტა აგი რაი არი?!

გიჟებს შორის ყველა მართალია,

ზოგჯერ სიყვარულის გაძლება

გვიჭირს.

_მიყვარხარ დაი, დამირეკავს

გულნატკენი და უიღბლო, ბიჭი!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8