***

 

აქ ყველაფერი იძვრის,

გარდა მუცელში ნაყოფისა,

გარდა მიწისა, მარცხენა თვალით

ცუდად ვხედავ, მარჯვენა თვალით

რასაც ვხედავ, ცუდია ისიც.

თითქოს მომწყვიტეს ძუ მგლის

ძუძუს დამჭკნარ სიზმარში

და მეხვეოდნენ ჭირისუფლები,

როგორც უსაქმურ, მოზუზუნე

ბუზებს ხელს აუქნევენ,

მეც გზას გავცქერი უხალისოდ

და არაფერი, სულ არაფერი

აღარ მაწუხებს.

მკვდარი ხომ არ ხარ?

მეკითხება თეთრ ცხენზე მჯდომი,

დიდი ხნის წინათ, ჩავლილი საქმრო,

მკვდარს წესს უგებენ,

ეუბნება შავ ცხენზე მჯდომი

და შავთვალწარბა

ჩემი ძმობილი. ვის გავუმხილო

მის მიმართ ჩემი, უნებური,

გონების წასვლა?

ჩანჩქერზე მიშვებულ მზის სხივებს

სულ სხვა სინათლე დაჰყვებათ.

რას არ გაუვლია ამ მღვრიე

კლდე-ღრეში?

მოდი, ერთხელ და სამუდამოდ

ვნახო, რა გინდა?!

ღმერთს უთქვამს: ამ ოჯახს დავაქცევ,

რომ სხვებმა იცოდნენ, ღვთის რისხვას რა მოაქვს?

ღმერთს, ჭალა-მინდვრებში მოფენილს,

რომლის წინაშეც მიწა მრგვალია,

კაცი ხათრიანი.

– ვინ შეედრება იმას,

– ვისაც გული დავუთმე?!

 

1 2 3 4 5 6 7 8