***

 

მთვარე – მამაჩემის თვალის კაკალი,

შელოცვა ვიცოდი,

სიცოცხლეს ვაბრუნებდი წყალში,

წყალი პატარა გუბედ იდგა,

სახლის წინ ორმო –

ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის,

შავი თავშალი, მეზობლის პირი

მაწყევარი.

რად გინდა ყვავო, ამხელა ვენახი?

იფრინე, იჩხავლე, ოღონდ

ცუდ ამბავს ნუ მომასწრებ.

ცალი თვალი სადღა გაქრა,

ეზო-კარის მეთვალყურე?

სახე და ტანი წითელამ დამიფარა,

სახე და ტანი სიცხეში გავიტანე,

მამამ წიკო-წიკო მიყიდა,

მწვანე, შავ-თეთრი კლავიშებით,

გადავდექი აივანიდან

მთელ ქვეყანას მივაწივლე

დიდი ბატონების დაბრძანება.

რა ცამ ჩაგყლაპათ ალქაჯებო?

გამოდით, საცაა დავბერდები!

 

 

 

 

* * *

ფეხზე წამოდგომის მეშინია,

ვეგდო, ვინ არ გდებულა?

ბადის ჩანთა მედოს ჯიბეში,

როგორც მამიდაჩემს და

რძის საყიდლად მივდიოდე,

მეცვას საყელოდაშვებული,

მზით გაცვეთილი პალტო,

ქვეყანამ იცოდეს,

რომ ძმისშვილი მყავს,

მზეც მასზე ამომდის,

მთვარეც. ახლა კი მარტო,

ჩემს ჭკუაზე უნდა დავბერდე,

ამიტომ ვცხოვრობ სხვა ქალაქში.

მუხლებზე დაჩოქილი

დედა კი ჩურჩულებს:  ნუთუ

გაწყრებიან ანგელოზები,

წითლად შეღებილ ცომის

ფრთებს დაკეცავენ?

 

მოდი, ღმერთობანა ვითამაშოთ,

მე შენ გაგაცოცხლებ

და რასაც გეტყვი კანონი იქნება.

 

მოდი,  უფრო მეტი ვითამაშოთ:

 

ქვა ვერ  მოიქცევა,

როგორც წყალი,

მაგრამ  შეიძლება

ორივე დაიღუპოს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8