სანამ

 

წადით გოგოებო, ყავა მოადუღეთ –

შავი შოკოლადით და დარიჩინით,

მე მიყვარს უშაქრო, თქვენ როგორც გენებოთ,

ოღონდ ნურაფერზე დაიჩივლებთ.

წადით გოგოებო, ყაისნაღით

მზის სხივის ფეხი ამოიღეთ,

წადით გოგოებო, გაილაღეთ,

გულთან არაფერი მიიტანოთ,

წყენა მეწყერივით  მიწისაა,

როცა დაიძვრება მაშინ იყოს,

თქვენ კი მოასწარით ახლა იმ დროს,

წადით გოგოებო!

ჩამოუსხედით მუხლებზე და

ჩამოეკიდეთ კისერზე და

საიდუმლოდ ბევრი უთხარით.

სამმა დამ იტირა მამაჩემი,

სამმა დამ ჩაიცვა შავი და…

წადით გოგოებო, ვისაც ლეღვის რძით

და ლეღვის ცოდვით გიწყალებენ,

წადით, ყველა სიტყვა ჩაიწერეთ,

წადით გოგოებო, მამებთან!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8