***

 

ვისხედით, ქალაქს გავყურებდით,

სხვაგან უკეთესი მეგულება.

თითქოს ზამთრის ხეზე ხურმა ესხას,

შაშვებს კი ახლოსაც  არ უშვებდეს.

კიოდეს ზარნაშო. – დაიცა,

ვინ უნდა მოვიდეს?

ვინ უნდა მოვიდეს?

არ მახსოვს…

– არავინ, დაწექი, ჯერ შუაღამეა.

ზოგჯერ სხვაც მომწონდა,

ზოგჯერ შენც მომწონდი.

ახლა კი არავინ არა სჩანს.

შავ მთაზე, დიდ მთაზე,

ხელშეკონილი ხეები

უნდა გამოვიხსნა,

ტყეს დავამგვანო ეს სიტყვები,

ძველი ამბებივით

ამოვიდე ყელიდან,

– ამბორს მიყოფდეს

საყვარელი,

იწვოდეს ხულა,

ვერ მიასწროს

ცეცხლს ვეღარავინ

და დადგეს ნაცრის

სიზმარივით აღმოსავლეთი

და ვიდგე უკვე მარტოდმარტო,

არც ყავას ვსვამდე, არც ვეწეოდე,

არც ვიხსენებდე

აღდგომამდე როგორ მივედი?

შუაგულ ცაზე იტრიალოს

ჩემგან გამოსულმა გულწითელამ

ჩამოვარდეს და საფლავზე დაეცეს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8