* * *

დავშორდი ყველას

თავს იმდენად მივუახლოვდი;

თანდათან კუნძულს დავემგვანე –

ოკეანის ტალღები რომ აპატარავებს;

 

თვალიღა დამრჩა,

ისიც თავის თავში ჩამყურე,

სადაც სუყველას ვხვდები ახლა,

ვინც მენატრება;

 

ვინც კუნძულებად იქცა,

ყველა აქეთ მოიწევს,

ამ უსასრულო სიჩუმეში,

სადაც ქვიშაზე ღმერთი სიტყვებს

წერდა და შლიდა…

 

 

***

ისე შევეჩვიე შენს არსებობას,

რომ ვეღარ გამჩნევდი.

ჭიდან რომ წყალი ამოშრება,

ისე ამოშრა შენს თვალებში სიყვარული.

ახლა კი ვდგავარ ფანჯარასთან

და სუნთქვით ვეძებ შენი თმის სურნელს,

იმ ყვავილივით, რომელიც არჩანს

და შუაღამის ჰაერს ამჩატებს.

 

მე მირჩევნია სადმე იყო,

თუნდაც არ ჩანდე…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10