ბავშვობის შიშები

ბავშვობის შიშებზე,
იმ გახურებულ მახათზე მოგიყვებით,
თოთო ბიბილოში რომ გამირჭო ზედა სართულის მდგმურმა;
კაფანდარა ცოცხის ჩხირზე, საყურის როლს რომ კარგად ირგებდა;
ჩქარ საქანალეზე –
დედის კალთიდან წყდებოდი თითქოს;
შავ სალოგინეზე,
რომელიც კუბოს ჰგავდა და შიგ მკვდრები ცხოვრობდნენ;

მიცვალებულის ლილისფერ სახეზე,
ყბა ჩემს თვალწინ, ჯერ კიდევ თბილს რომ აუკრეს;
მათემატიკის პედაგოგზე, მის მწარე ალუმინისფერ სახაზავზე;
პედოფილზე, სკოლის კუთხეში ასოს რომ არხევდა,
სტვენით გვიხმობდა პატარა გოგოებს,
ჩვენ კი კისრისმტვრევით შინ გავრბოდით;

სოფლის სახლის ძველ ბუფეტზე,
ჩარჩოში გამომწყვდეულ დიდი ბაბუის მზერაზე,
ხან რომ მიღიმოდა, ხანაც მიბღვერდა;
სტომატოლოგის სკამზე,
მახინჯ ექთანზე ხელ-ფეხს რომ მიბამდა;
ნოემბრის თვეზე, ჭინკა რომ გვსტუმრობდა.
თუ ხილს სარკმელთან არ დავუტოვებდი,
იმ ღამით თვალებსაც ამომთხრიდა;

სხვენზე მოხტუნავე თრიაზე –
თითქოს უსაკურთხო სული დახეტიალობდა;
საკუთარ ჩრდილზე,
რომელიც დასახრჩობად დამყვებოდა;
ჭაში ჩავარდნილ ჩემივე სახეზე,
სათლის რახუნით რომ ვლამობდი გადარჩენას;
ძაღლის ყმუილზე,
წამიერად ვსამდებოდი და მივყავდი ორ მკვდარ მეზობელს;

დედის ეჭვიანობაზე მამის მიმართ,
ჩუმ ჩურჩულზე, არ პატიებაზე;
შიშები მარტოობაზე;
ქალწულობის შენარჩუნებაზე, ქორწინებამდე;
ვწერ და ვიღიმი.
ვწერ და ვბერდები.
ვწერ და სულ სხვანაირად მეშინია.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9