უნდა ვიმოძრავო

პირველად დაღამდა ისე,
რომ არავინ გინატრეთ.
არადა, სავსეა ვაგონი.
გადი-გამოდიან ეს მუცელმოშიშვლებულები,
თითქოს საკუთარ საძინებელში სეირნობენ.

გამცილებელი თეთრ ზეწარს მაწვდის
და ტკბილ ძილს მისურვებს,
თვალის პაჭუნით,
რომ უთუოდ შემატყობინებს
ჩემს გაჩერებას,
სადაც ის ფანჩატური მელოდება,
გამოგონილ კაცს რომ ველოდი
ზამთრის დღეებში.

ტილოს ჩანთაში, წვივებზე რომ მადევს,
სულ რაღაც ჩვიდმეტი ლარია,
რომელსაც, ჩასვლისთანავე,
აუცილებლად ხილ-ბოსტანში დავხარჯავ.
ვიყიდი გრძელ კიტრსა და სტაფილოს,
რადგან კარგ სალათს ვამზადებ,
რადგან სალათი გემრიელი გამოვა.

დერეფნიდან შარდის სუნი შემოდის.
ზეწარში ცხვირი ჩავრგე,
მარცხენა თვალით
ფარდის ფარფარტს ვუცქერ.
ახლა თითებსაც ავამოძრავებ,
სხვა თუ არაფერი,
კაბის ქვეშ რომ ატლასის იარლიყი მეგულება,
იმას მაინც დავსრისავ…

თქვენ ჩემი არ გესმით.არც ვაგონების რხევის.
ახლა მთავარი მოძრაობაა.

უნდა ვიმოძრავო.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9