აისამდე

ყოველი დაისის ჟამს,
რატომ მგონია,
რომ თმა სცენის ფარდასავით დაეშვება,
ზღვასავით უნდა მშთანთქას მბორგავმა მხრებმა.
გადაშლილი წიგნივით ვარჩიე თმის განაწილება,
ჯერ კიდევ თოთო ყიფლიბანდზე.

ქმარყოფილ სარეცელზე შერჩენილი
ერთგულება სად ნიავდება?!
თმა უშლელია.
ტომარასავით მოკუმა პირი
კეფის ზღურბლთან.
სარკე გაკვირვებით იჩეჩავს ჩუქურთმას.
ჩვილივით დაუნაყრებელ საწოლს ვანანავებ,
ყანყალებს ტანი ცარიელი ხელებით.

საქანელასავით დაუღლელ
მიტკლის ბალიშებს
გამოგონილი ზღაპრებით ვაჯერებ,
რომ ოდესმე ააქანავებენ დიდი ბავშვები.
ტკბილეულივით შეფუთული მუთაქის ფსკვნილზეც
წასთვლემს მოწყდარი ნერწყვი.

ისევ გამოთვრებიან ღაწვები,
ლავიწები, ვფიქრობ, იდაყვებიც.
ახლადშეწირული უშობელის
უხსენო ცურებივით
ჩავიხარშები ნისლისფერ ოფლში.
მთვარე ქაფქირად ჩამოვა
და ამართმევს ცხიმს
აისამდე ღრუბლების ასასქესებლად.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9