ყვითელი ამინდები

ერთხელ თუ მაინც შეგიჭვრიტავთ
თქვენივე კარადების სიღრმეებში,
როგორ იხრწნებიან
მიწის გარეშე ჩამომხრჩვალი პიჯაკები,
ქურთუკები,
პერანგები?
სად გაყინეთ ყნოსვა?
ერთხელ თუ მაინც მოვარდა ძახილი
ვაზის ფოთლის შრიალის,
იმ ერთ-ერთი პერანგის
დაკნინებული გულის ჯიბიდან,
ნიკაპიდან მომწყდარი
ადესის წვეთი რომ ჩაითესლა სქელ ლაქად.
ტანზე მომდგარს ისე იფერებდით,
ირონიულადაც კი გამკობდნენ
ყვითელი ამინდები,
საკუბოვედ გამოწყობილებს რომ ჰგავდით.
გააღეთ!
შეამჩნევთ,
რა გრძელი რთველია მოსაწველი.
მხოლოდ მოყანყალე ღილები უცქერენ
უკუნ სიღრმეებს,
თქვენივე მუცლის ძღომისას რომ ლამობდნენ გაქცევას.
შველაც ვერ ითხოვეს
ძაფებით მოგუდულმა ბაგეებმა.
გზააბნეული მზის სხივი თუ მოირგებს ხანდახან
ჭოგრიტის როლს,
შეძვრეს გვამების დასატირებლად.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9