უცნაურია

უცნაურია გადაწყვიტო თავის დახრჩობა –
ეს იყოს წყლისგან.
არა თოკისგან,
არა ხელებისგან,
არა ლუკმისგან.
შენ ეძებ ღრმა წყალს,
გზაში მხოლოდ პატარა გუბე გხვდება,
სადაც შენამდე
ცისარტყელამ მოასწრო ჩახტომა.

სიკვდილის ათასი ხერხი არსებობს,
საინტერესოა, რომელმა გამოიგინეთ
ეს ფანჯრები:
გადახტები და
ტვინს იმ ტალავარზე დაანთხევ,
რომელზეც შენთან ერთად
თვალებს გადმოკარკლავს შავი ადესა,
თუნდაც ძელშავი.
არა, ასე არ მსურს.
თვალი უნდა დავაძინო,
რადგან თვალები ლამაზი მაქვს,
რადგან თვალებს ვერ დავიზიანებ.

როგორ მეცოდები, თავო ჩემო,
ჩემო ლაჩარო თავო.
რა დაგრჩენია ამ გამომშრალ სააქაოში,
ელოდები ღმერთის გადაწყვეტილებას,
თუ როდის მიგათრევს თავის ფეხებთან.
ის ტივტივაც დიდი ტყუილია,
მაშველმა რომ ზღვა გამინაწილა,
ტივტივა, რომელსაც ახლა კენჭებს ვესვრი,
და იმ კაცის ყეყეჩი თავი მგონია,
მრავალი წელი რომ გამომკეტა,
ფაიფურის ჭიქასავით, ჭიან ბუფეტში.

მინდა შევცურო,
იქნებ ჩემი ღმერთი სწორედ იქაა,
და არა თქვენსავე გამოგონილ ცაში.
არ ვიცი ცურვა,
რა კარგია,
რომ არ ვისწავლე ცურვა დედაჩემის მუცელში,
მხოლოდ წოვის რეფლექსი დამყვა,
და ასე ვწოვ ჩემს ნერვებს ძვლამდე.

მიმიფურთხებია ასეთი სიცოცხლისთვის:
რასაც სული შევუბერე,
ყველაფერს ხანძარი გაუჩნდა,
ყველაფერი დაშრა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9