ლექსი გაზაფხულზე, სიყვარულზე, შენზე ანუ ყველაფერზე, რაზეც წერა მიჭირს

 

როცა მკოცნი, ჩემი თავიდან ყვავილები იწყებენ ამოსვლას
გაზაფხულის ყვავილები.
მე ვცდილობ თითოეული მათგანი თმებში დავმალო,
მაგრამ მიჭირს, ყვავილები სწრაფი ტემპით იზრდებიან.
როცა ქუჩაში გავდივარ, ვხედავ პატიოსანი მოქლაქეების სახეებზე
გაკვირვება მოჟონავს.
მათ უკვირთ ყვავილები ჩემს თავში.
მე კი ძალიან მომწონს,
ერთი, რომ ჩემს სიმელოტეს ვმალავ
და მეორე შემიძლია ღამეებში ვანათებდე, როგორც ნეონის ნათურა
და ფეხი არაფერს წამოვკრა.

იზრდებიან ყვავილები
და ჩემშიც იზრდება რაღაც ისეთი, რასაც სახელს ვერ ვუძებნი.
რაც უთუოდ დაკავშირებულია გაზაფხულთან, სიყვარულთან, შენთან.
მე კი ქალაქის რომელიმე სკვერში ვზივარ,
სადაც კი მიიხედავ ყველგან ლექსის დასაწყისია ჩასაფრებული.
და ვუყურებ მაისასხუმულ, შეყვარებულ წყვილებს
და მათი სხეულიდან გამოსულ მილიონობით ბედნიერების ფლუიდს.
მე მინდა ეს პარკი სამუდამოდ დარჩეს გონებაში.
მინდა ეს წყვილები სამუდამოდ დარჩნენ გონებაში,
ამიტომ ვწერ ამ ლექსს.
რომ გავაჩნო ადგილი თავში, საიდანაც სითბოთი მთელი სხეულის მომარაგება შემეძლება
რადგან ეს აუცილებელია,
რადგან ჩვენ ხშირად ვართ მარტო
და რადგან ხშირად ვართ მარტო
ხშირია სევდაც და მოწყენილობაც.
არაფერი უცხო, ყველაფერი ადამიანური.
ვამბობ მე, და წარსულის გორაკიდან გამოფრენილ ჩიტებს გავცქერი.

თუმცა, ახლა სევდა არალევანტურია ლექსთან მიმართებაში.
გარეთ კი გაზაფხულია,
და ჰაერი სავსეა მომწამვლელი ნივთიერებებით,
რომელიც აუცილებლად მოგვიღებს ბოლოს,
თუმცა ასევე სავსეა შესაძლებლობებით,
რომ ერთმანეთის სხეულები ავითვისოთ
და ერთმანეთის ტუჩები შევითვისოთ
და ერთმანეთის შიშები გავითავისოთ
და ეს პროცესი იყო ჰარმონიული, როგორც პირფერობა
დაუსრულებელი, როგორც ინფლაცია
და აუცილებელი, როგორც გაზაფხულის ყვავილები ჩემს თავში.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8