გადაუდებული ფრენა
„ყველაფერი დაიწყო იმით,
რომ ჩვენ მოგვბეზრდა მათთან ცხოვრება.“
გიორგი შონია
ყველა, ვინც დააგვიანა სიტყვების ამოთქმა
და უსამართლობისგან ყელში გაჩხერილი გორგალი უხმოდ გადაყლაპა
და მოქნეულ მუშტს ორივე ლოყა რუდუნებით შეაგება
ხელიდან აუორთქლდა ხვალინდელი დღე,
ის უძლურია,
როგორც ადგილსამყოფელგამხელილი დამნაშავე,
როგორც ალყაშემორტყმული ციხესიმაგრე.
ან, თუნდაც ურეიტინგო პოლიტიკოსი,
რომლის ყოველი სიტყვა ოკეანეში გადასროლილი კენჭია.
ყველა ქმედება კი უშედეგობისთვის არის განწირული.
ვინ მოგვიგდო ეს ბედისწერა?!
და უხვად მოაყოლა განსაცდელი
და საკუთარ ოთახებში გამოგვკეტა,
როგორც საკანში.
და არავითარი ინსტრუქცია არ მოაყოლა,
როგორ გვეცხოვრა.
როგორ დაგვეგროვებინა სოციალური კაპიტალი,
როგორ შეგვეწვა მწვადი ოსტატურად,
როგორ გაგვემარგლა ყანა,
როგორ არ გაგვეცრუებინა იმედები საყვარელი ადამიანებისთვის,
რომ ყოფილიყო ჩვენი მხრები გამართული
მიმართულება კი მკაცდრად განსაზღვრული.
აი, ასე.
ეს ცხოვრებაა,
ან ის, რასაც ხშირად ცხოვრებას ვეძახით.
გადაუდებელი ფრენა, მეტეოროლოგიურად მიზანშეუწონელ ამინდში
რაც თავისთავად პოეზიის, დეფინიციადაც შეიძლება
გამოდგეს.