არასიკვდილი

 

ეს ლექსი, უნდა დამეწერა სიკვდილზე.
სიკვდილზე, რომელიც მაღვიძარასავით დროული, თუმცა არასასიამოვნოა.
სიკვდილი, რომელიც ყველაზე აბსურდული მოვლენაა სამყაროში.
თუმცა, შემდეგ გადავიფიქრე
და დავწერე ლექსი არასიკვდილზე.

სიკვდილი იზრდება, როგორც გადასახადები.
ეს შედარება არ ეთამაშება ვარსკვლავებს,
როგორც ჩვენი პარლამენტის ინტელექტუალური რესურსი.
თუმცა თავისთავად ცოცხალია,
რადგან იმ ლექსში ამოყო თავი, რომელიც არასიკვდილზეა.
დიახ, არასიკვდილზე.
რადგან სიკვდილი იყო.
მე, მაგალითად ამ თვეში, რამდენჯერმე მოვკვდი.
ამ ლექსის დაწერის წინაც გადავწყვიტე
მომკვდარიყავი
და შემდეგ, დამეწერა ლექსი არასიკვდილზე.

თუ გინდა, რომ არასიკვდილზე ლექსი არ მოკვდეს
პირადი გამოცდილება უნდა ჩაატანო ლექსის საძირკველს
და მომავლის ბუნდოვანი პერსპექტივა,
რომელიც უფრო და უფრო ბუნდოვანდება
ასევე, რამდენიმე ყველაზე სევდიანი დღე შენი ცხოვრებიდან
ვერგამოყნებული შესაძლებლობები,
ოღონდ საუკეთესოები უნდა გამოარჩიო
და, რა თქმა უნდა სიყვარული.

რადგან, ჩვენ ვიცით მკვდარი ლექსები
(მაგის მეტი რა ვიცით)
და ამიტომაც, მე გადავწყვიტე ყველა ჩემი ლექსი იყოს
სიკვდილისა და დავიწყების მიმართ კატეგორიულად განწყობილი.
მეტიც, ის მკვეთრად მემარცხენე, ოპოზიციური პლათფორმიდან
უნდა ანადგურებდეს, მის შესაძლო, ჯიუტ მნიშვნელობებს,
უნდა ებრძოდეს მას,
და სიცოცხლის მინიშნებებით დატვირთულმა,
ადამიანები უნდა გამოგლიჯოს ყოვედღიურ რუტინას
და შეახსენოს, რომ სიკვდილი არ არის მხოლოდ ახალ ამბებში
და სოციოლოგიურ კვლევებში.
რომ სიკვდილი აქვეა,
უფრო ახლოსაც, ვიდრე ფიქრობენ ისინი.
ამიტომაც ყველაფერი უნდა გაიღონ იმისთვის
რომ მოკვდნენ,
შემდეგ კი გემოვნების ამბავია:
-მე, მაგალითად დავწერე ლექსი არასკივდილზე.

 

1 2 3 4 5 6 7 8