გამოცხადებული მამების სიკვდილი

ეძღვნება ოთარ იოსელიანს, იან კურტისს, ალექს ჩიღვინაძესა და ახალგაზრდა ჟან პოლ ბელმონდოს.

 

ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ
აზრი, რომელიც დაუმოკიდებლად გაგვიჩნდება
საშიშია,
როგორც რაიმე ინფექციური დაავადება,
მაგალითად შიდსი ან C ჰეპატიტი,
პირველ რიგში კი საშიშია ჩვენთვის,
ჩვენივე მომავლისთვის.
ამიტომაც, სანამ მათ სხვა ადამინების ყურებამდე მისვლის
შესაძლებლობას მივცემთ,
აკრედიტაცია საზოგადოებრივ აზრთან უნდა გავიაროთ.

მე ეს მითხრა მამამ,
შემოდგომის თბილ საღამოს,
როცა მოწყენილი ჩიტები წყნარი ოკეანის თავზე მიფრინავდენ.
მე კი ის მოვკალი.
შემდეგ კი სხვა მამები ამოვიღე სამიზნეში.

მამებს სხვადასხვა ამბიციები ჰქონდათ.
მე კი ყველა მათგანს ვკლავდი.
ვკლავდი ლექსებში და მის გარეთაც.
კვდებოდნენ მამები,
კვდებოდნენ
და დაბადება არ სურდათ.
რადგან ახალი სასტიკი სამყარო არ იყო მათი,
რადგან ახალი სასტიკი სამყარო ვერ გახდებოდა მათი,
ამიტომაც მათ სიკვდილი არჩიეს,
სიკვდილი ჩემი ხელით.
და სამუდამო ჩრდილში გადაინაცვლეს,
სადაც სიზმარში ფაღარათი სტანჯავდათ
და ასევე ნერვიულად იშენდენ თავში ხელს.
როცა ჩვენ უკანმოუხედავად გავრბოდით.
იქ, სადაც
არასოდეს მოგვიწევდა პიედესტალზე ასვლა
და ნებისმიერ კომპრომისზე წასვლა,
რადგან ეს მავნე პრაქტიკაა,
ამასთანავე, ძალიან სევდიანია.
უფრო სევდიანიც კი ვიდრე სიყვარულის ახსნა,
ან ბავშვობის ხანა ღარიბ, პროვინციული ქალაქში.
ან თუნდაც პოეტის ლექსები,
რომელიც თაობის პულსაციას ვერ გრძნობს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8