ურბანული ტანკები და ჰაიკუები

 

* * *
ვინც ეძებს,
ის ყოველთვის კარგავს,
ხოლო ვინც არ ეძებს,
ის ვერასოდეს დაკარგავს იმას,
რისი პოვნაც გადარჩენისთვის აუცილებელია.

 

* * *
როცა დაბნეულად მიყურებ,
მგონია, ამოწმებ,
რამდენად ძლიერია ჩემი სიყვარული.

 

* * *
დილიდანვე მონატრების საცეცები
ნერვულ სისტემას მოედნენ .
დღის ბოლოს
აუცილებლად კარგ ლექსს
დავწერ.

 

* * *
თუ ლექსი ალან გინსბერგივით გაბმულად არ ყმუის
და გრიგოლ ცეცხლაძეზე ხმამაღლა არ ყეფს
და ტერენტი გრანელზე მეტად არ კვნესის.
მაშინ არ მოცდე, მეგობარო
კალამი გვერდზე გადადე.

 

* * *
დამტვერილი მოგონებები
გონებიდან ამოვაარქივე.
ძალიან ბევრი მარტოობაა.

 

* * *
მოგონებათა ანტენები მოვმართე
ძველი სიყვარულის სიხშირეებისკენ.
ცდა ამაო.
ვერაფერს იჭერენ ანტენები.
დღეს, კარგი ლექსს ვერ დავწერ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8