წყლის დღეებიდან

 

***

ზოგჯერ, რაც უფრო უძლური ვარ, მითუფრო მომწონს
ჩემი არყოფნა სიცოცხლეში და სინამდვილე.
რომ ვერასოდეს მომეკარა ცხოვრების ლორწო.
აჩრდილად ყოფნა კიდევ უფრო გამიადვილა
მან, რასაც ვწუხვარ, რასაც ვბორგავ ან კიდევ ვმორცხვობ.
არანაირი წარკვეთილი სასო, არც ეჭვი
მისი წარკვეთის არ არსებობს. ყოველთვის მრგვალი
ვუცდი, ჩემში რომ ახალ-ახალ იმედებს რგავენ,
დღეებს და მერე კმაყოფილი მორჩილად ვღეჭავ.
ზოგჯერ, რაც უფრო უძლური ვარ, მითუფრო მართობს
ჩემი სისუსტე და დამალვა ყველასგან, ვისაც
ხმა გავუხსენი და ვუჩვენე რამდენად ფართო
იყო წარსული, მომავალი რამდენად სხვისად
მიჩანს. (ზურგის ქარს ვერ ვენდობი – მებრძოლი ქართან)
არანაირი სინანული, რაიმეს შეცვლის
სურვილი. მხოლოდ ყვავილები და დაკვირვება
მათზე. ბოლოს რომ ღიმილადაც არ ეღირება,
ყველა იმ ყალბი ემოციის წარმოქმნა მეწვის.
და ის მერცხალი თეთრი გულით, ჩემში რომ ცხოვრობს,
რომ მომიფრინდა და წასვლას რომ ვეღარ ვანებებ,
რომ არ ვიქნები, მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვო,
არ დამავიწყო მისი თვალები.

4.02

 

1 2 3 4 5 6 7 8 9