***

ეს ჩემი გულის ანარეკლია. ისიც როგორი
მყიფე გამოდგა. ანარეკლიც უცებ დამემსხვრა.
განა ნუგეში ან იმედი, ახლა რამე სხვა
მინდა, რაც შენს თავს დამავიწყებს, ჩემს გამოგონილს.
არც ეს ლექსები, რომ არ გსურდა, რომ არ მოგწონდა,
თურმე. არც ეს ხმა, არც ცრემლები აღარ მეკუთვნის.
ყველაფერს ვტოვებ იქ, წარსულში ნაზად შეფუთულს,
რომელსაც ვიცი ერთ მშვენიერ დღესაც კოცონთან
მივიტან და მის ჩანაცვრამდე მშვიდად ვიდგები
და არაფერი მეხსომება, გარდა თვალების
და რა თქმა უნდა, შენ ასეთიც შეგებრალები.
მე შემოგხედავ უკვე კრძალვით და მორიდებით.
უკვე უცხოს და უკვე სხვისას. ასე წურავენ
ალბათ, ერთმანეთს წასვლამდე და მერე ფიტულებს
არ აგვატირებს, ერთმანეთის მხრებზე ჩიტუნებს
და თვითმფრინავებს რომ ვხატავდით. არც სახურავებს
აღარ შევხედავთ დანანებით და წარმოსახვით,
რომ ერთ დღეს ჩვენს სახლს პლეხანოვზე, ზუსტად ასეთი
ხედი ექნება. ნაგლეჯებით იმ “ლიტ.გაზეთის”
მოფენილია ჩემი ოთახი.
დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ საქმე არა მაქვს,
არც წასასვლელი, არც სურვილი, მხოლოდ ძილიდან
ძილამდე ვუძლებ არსებობას. და ვინც მივლიდა,
ყველას ზურგს ვაქცევ. ვერ გადმოვლენ ამ ცივ გალავანს.
ეს ჩემი გულის ანარეკლია. ნახე, როგორი
შუქჩრდილები აქვს. არაფერი უცხო არაა
მისთვის. მიყვარდი სახიფათოდ და შემზარავად,
ახლა გივიწყებ ჩემს შექმნილს და ჩემს გამოგონილს.

15.02

 

1 2 3 4 5 6 7 8 9