***
ვერ მოგიკვდები საამაყოდ, ვერც შარშანწინდელ
ჯილდოებით ვერ გაგახარებ, ჩემო დაღლილო
და დაჩაგრულო სიყვარულო. მხოლოდ გაწვიმდე,
მხოლოდ გათოვდე – ეს გამომდის. არ ვუნახივარ
შენ გარდა ვინმეს გამჭვირვალე. და თუ ვლოცულობ –
შენს ღიმილს. ერთი დამშრალი ზღვაც ვერ გადმოვცურე
ისე, რომ მთელი ნამსხვრევები არ მომყოლოდა.
ვერ მოვახერხე, ერთხელ მაინც შენთან მოსული,
არ ვმგვანებოდი მოსულს ვრცელი კვდომის ბოლოდან.
ვერ გაგიფრთხილდი. გიწევს, სველი ფრთებით იარო
მხრებში მოხრილმა. სანუგეშოდ ჩემგან მოძღვნილი
წყლის დღეები და რამდენიმე სამგლოვიარო
მუსიკა გრჩება, ყოველ ჯერზე, ხმაგამოცლილი.
ვერ მოგიკვდები საამაყოდ. ვერ იამაყებ
ამ სიყვარულით, ამ წარსულით, თუნდაც აწმყოთი.
გაგახსენდება უამრავჯერ როგორ დაგმარხე
და ამოგთხარე და უშენო თავი გაცოდე.
მე თუ ვლოცულობ, სულ იმ დღეებს, რომ არ მოგვივა.
რომ არ გვისურვეს, ჩვენთვის ცამ რომ არ გაიმეტა.
მე – შენი ასე დამტვრეული, მწარე იმედი
და მტკივნეული სიხარულის მამცნე მოგვი ვარ.

9.02

 

1 2 3 4 5 6 7 8 9