***

რომელია უფრო საცოდავი,
ქერქს, ვისაც შემოაცლიან,
თუ ის, ვინც შიგთავსის გარეშე რჩება?
შეუსაბამო მთლიანობა ვიყავით მუდამ,
მაგრამ უდაოდ მთლიანობა.
ყოველთვის ვგრძნობდი, ჩემში შენს თრთოლვას,
ხან იმედით და ხანაც შიშით გამოწვეულს.
ყოველ დილით ვდგები სარკმელთან
და ვუყურებ როგორ ნათდება მზით ქუჩები
და იმედი მაქვს, რომელიმე ლანდი შენი იქნება.
იმედი არა, რაღაც სხვაა,
უფრო გულისმომკვლელი,
უფრო დამანგრეველი.
ჩემზე კი ვიცი.
ხელს კარგა ხანია აღარ ვიფათურებ შესამოწმებლად,
თუ დამრჩა რამე.
თითქოს რაღაცა ამომგლიჯეს ფესვებგადგმული
და დარჩა ორმო, ნარჩენი ფესვებით.
შენზე რა გითხრა.
როგორ გითხრა, თავი წაგართვი.
ხომ არ გცივა, ჩემო სიყვარულო?

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9