***

მე ვეღარ შევძლებ გავხდე ისე საინტერესო,
რომ კიდევ რამით გაგაკვირვო.
თითქოს რამდენიმე გული ჩაბრუნდა საგულეში,
რამდენიმე ხმალი – ქარქაშში.
და მე კი მღვიძავს. შემიძლია ცოცხალი მერქვას
და არაფრის იმედი მქონდეს.
როგორც უდაბურ ადგილს, ისე გადამიფრინეს
ჩიტებმა. ერთხელ, რომ გკლავდი და ხელებს ვიბანდი
ხმა გავიგონე : კვლავ დაიბადე!
სიყვარულო, კვლავ დაიბადე!
ისევ ისეთი ჩემს სიკვდილს რომ არ დაუშვებდი.
ისევ ისეთი ქარ-ცეცხლისგან რომ მიფარავდი.
ისევ ისეთი ჩემს კისერს რომ ეფერებოდი.
ჩიტებს არ ვჩივი. ჩემი მტკივანი გენეტიკა,
უმიზეზო ლოდინი მტკივა,
არაფრიდან მოსულს არაფერში წასვლას რომ მაუწყებს.
ყოველთვის შემიძლია ვიყურო შენს თვალებში
და არ ავტირდე.
ყოველთვის შემიძლია გხედავდე ზურგიდან.
რადგან ვიცოდი სამუდამოდ მეყვარებოდი,
ჩიტებს ვუხმობდი შიგადაშიგ, რომ ჩემი მიწა
ზოგჯერ მაინც სანუგეშო მოგჩვენებოდა,
თუნდაც ისეთი სანუგეშო,
როგორიც მარტოობისას მოედნიდან მოსული ხმაა.
ჰო, მეშინია!
ვერ გამოვალ. გარედან მნახონ.
გთხოვ, ნუღარავის მოუშვებ ახლო.
მიწისკენ პირით და ცისკენ კი ზურგით ვიწვები.
ფრთებიც დამემტვრეს და ლავიწებიც.
რამდენჯერ ვნახო ეს კოშმარი, რამდენჯერ მქონდეს
იმედი. კარი სულ ღიაა. მუდამ ხმაურობს
ორმო მწუხარე ხმებითა და ფართოდ გახელილი შუშის თვალებით.
მე ვეღარსდროს ვერ ვიქნები, ისე მთლიანი,
რომ რამით კიდევ დაგაიმედო.
ყოველთვის შემიძლია ვიყურო შენს თვალებში
და არ ავტირდე.
ყოველთვის შემიძლია გხედავდე ზურგიდან.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9