***

თითქოს დაგვსაჯეს სიჩუმისთვის. თითქოს იღბალი
გვქონდა და სადღაც შუა გზაში ამოგვივარდა.
ზოგჯერ ვაბრალებთ მკვლელობას და ზოგჯერ ვიბრალებთ
და ვიბუზებით ერთმანეთთან, როგორც მყინვართან
მდგომები და არ შეგვიძლია რამე ვუშველოთ
სიყვარულს ასე სარწმუნოს და ასე გარიყულს.
მე ვერ ვისწავლე უშენობა, რადგან უშენოდ
არ მახსოვს ერთხელ შემძლებოდა არ მოვმკვდარიყავ.
თოვლის დღეები უთოვლობით მონსტრად გაქცევენ.
სულ რომ არ გსურდეს, არ გინდოდეს, მაინც დალეწავ
ყველა სიჩუმეს, რაც ჩაუთქვი და რაც გაძელი,
ყველაფერს ერთად იღრიალებ, ასე გაწელილ
ღმერთს შეწყვეტ შენში, უკანასკნელ, უღვთო გარეწარს
დაემსგავსები. და სიყვარულს, მხოლოდ ამხელა
სიყვარულს ძალუძს დაამსხვრიოს ყველა იმედი.
და რა თქმა უნდა არასოდეს უკან დახევა…
და რა თქმა უნდა არასოდეს გათქმევინებდი …
და რა თქმა უნდა სინანული ძვლების მტვრევამდე…
და რა თქმა უნდა მოგიკვდები, თუკი დაგჭირდა…
და მე გიყურებ. სულ გიყურებ ჩემი თხევადი
გულიდან, როგორც მიტოვებულ სახლის ფანჯრიდან.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9