***

შენ უკან მთელი სამყაროა. და მთელი რიგი
შეცდომებისა. ეს კოშმარი რომ არ გენახა…
რას არ მივცემდი. სიცოცხლეა. სიცოცხლის შიგნით
ერთი უბრალო, უსიცოცხლო გადარჩენაღა…
რა საშენოა ან ეს თემა. ახლა ხომ ის ჯობს
ჯარისკაცებით გეთამაშო. ჯერაც ბავშვები
ომში აღმოვჩნდით. სხივებს გჩუქნი, მზეების ბიჭო,
ანუ ამ ომში გადარჩენას გეთამაშები.
შენ პურის გული უნამცეცე სარკმლიდან მტრედებს.
მეც ჩემს გულს ასე ნამცეც–ნამცეც გამოგიზოგავ.
გიყურებ. ანუ ყველაფერი მტკივა. მე ბედი
არასდროს მქონდა სიხარულში, ურომლისოდაც
ვერ ვცხოვრობ. ხელებს არ გამოსდით სიცრუე. ხელებს
ზურგს უკან ვმალავ. (ორმო ვარ და ქვებით მავსებენ)
გიწვდი. შენ ირჩევ. მეღიმება – ვკვდები და მერე
ძალიან მშვიდად გადარჩენას გეთამაშები.

 

***

მოჩვენებებივით ჩნდებიან ახალი ადამიანები.
მათ არც არაფერს ვემდური.
ერთი კია, რომ მინდა, ჩემი ესმოდეთ.
ვხედავ, ცდილობენ და არაფერი გამოსდით.
ცუდად ყოფნასავით თუ შევეჩვიე ადამიანს,
მერე ვეღარაფერი გადამაჩვევს.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9