ზუსტად 5 საათზე ედ ლოისმა პირი დაიბანა, პალტო მოიცვა, ქუდი დაიხურა, გარაჟიდან მანქანა გამოიყვანა და თავისი მაღაზიისკენ გაემართა. (ედი ტელევიზორებით ვაჭრობდა.) დაღლილობა საკმაოდ მორეოდა: ზურგი და მხრები ჩამოწყვეტაზე ქონდა, იმდენი იმუშავა, იმდენი მიწა ამოიღო სარდაფიდან და ურიკით უკანა ეზოში გაზიდა, რომ გასაკვირი არც იყო. თუმცა,  ორმოცს გადაცილებული კაცისთვის, მაინც კარგად გაუძლო. ახლა მისი დაზოგილი ფულით ჯენეტს შეუძლია, კიდევ ერთი ლარნაკი იყიდოს. უნდა ითქვას, რომ კმაყოფილიც კი იყო, რომ მთელი სამუშაო ერთ დღეში დაასრულა.

უკვე ბინდდებოდა. ჩამავალი მზის დაგრძელებული სხივები მთელი დღის ნაჯაფი ადამიანების დაქანცულ, მოღუშულ სახეებს, ჩანთებითა და სავაჭრო პარკებით დატვირთულ ქალებს, უნივერსიტეტიდან სახლისკენ გუნდ-გუნდად მიმავალ სტუდენტებსა და მათში შერეულ  კლერკებს, საქმიან ადამიანებსა და ქარაფშუტა მდივნებს ეცემოდა. ედმა გზაჯვარედინზე თავისი პაკარდი წითელ შუქზე გააჩერა, შემდეგ გზა განაგრძო. მისი მაღაზია მის გარეშეც მშვენივრად მუშაობდა. ის იქ შესვენებაზე სადილზე გასული თანამშრომლების ჩასანაცვლებლად, ან დღის ჩანაწერებისთვის თვალის გადასავლებლად თუ მივიდოდა. ზოგჯერ შესაძლოა, ორიოდე ტელევიზორი თავადაც გაეყიდა. მან ნელი სვლით ჩაუარა პატარა მწვანე კუნძულს, ქალაქის პარკს.  „ლოისის ტელევიზორებისა და ტექნიკური მომსახურების“ წინ მანქანის გასაჩერებელი ადგილი ვერ ნახა, ხმამაღლა შეიგინა და მანქანა წრეზე მოატრიალა. ჩაუარა პატარა მწვანე სკვერს, უკან მოიტოვა სასმელი წყლის შადრევანი, ცარელა სკამი და ლამპიონი.

ლამპიონზე რაღაც ეკიდა. უფორმო, შავი ფუთა ოდნავ ირხეოდა. ფიტულს თუ მანეკენს წააგავდა. ლოისმა ფანჯარა ჩამოწია, რომ უკეთესად შეეთვალიერებინა. მაინც, რა ჯანდაბაა? რეკლამა? სავაჭრო პალატა სკვერში დროდადრო რაღაც სისულელეებს გამოფენდა ხოლმე.

მანქანა ისევ მოატრიალა და იმავე გზით წავიდა, უნდოდა, ამჯერად მაინც გაერკვია, ლამპიონზე რა კონწიალობდა. ახლა უკვე დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ ფიტული არ იყო, არც მანეკენი. ჰმ! თუ ვიღაცამ თავისი პროდუქციის რეკლამირება  მოინდომა, ამისთვის უჩვეულო გზა აურჩევია!  და უცებ ლოისმა იგრძნო, როგორ აეშალა ბეწვები კისერზე და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. სახეზე და ხელებზე ოფლმა გამოჟონა.

ლამპიონზე სხეული ირხეოდა, ადამიანის სხეული.

 

***

-გამოდით, შეხედეთ! – არაადამიანური ხმით დაიღრიალა ლოისმა.

დონ ფერგუსონი ზანტად გამოვიდა თავისი მაღაზიიდან, თან რუდუნებით იკრავდა ზოლიანი პალტოს ღილებს.

 

-რამე განსაკუთრებული ხდება, ედ? დღეს თანაშემწე არ მყავს და მაღაზიას ვერ მივატოვებ.

 

-იმას ხედავ? – ედმა ხელი ჩამოწოლილი სიბნელისკენ გაიშვირა. ლამპიონი ცის ფონზე მკვეთრად იკვეთებოდა. ლამპიონი და მასზე მოქანავე ფუთა. -აი, იქ! ვინ იცის, უკვე რამდენი ხანია კიდია!  რა დაგემართათ ყველას ერთად? აქეთ-იქით დადიხართ და ვერაფერს ამჩნევთ!

 

დონ ფერგუსონმა სიგარეტს დინჯად მოუკიდა.

 

  • დამშვიდდი, ალბათ რაღაც მიზანი აქვთ, თორემ ასე უბრალოდ ხომ არ ჩამოკიდებდნენ?
  • რას მიშნავს მიზანი? რა მიზანი, დონ!

 

ფერგუსონმა მხრები აიჩეჩა.

 

  • არ გახსოვს, უსაფრთხოების კომიტეტმა დამტვრეული „ბუიკი“ რომ დადგა? სამოქალაქო შეგნების ამაღლებაო, თუ რას ეძახიან? ესეც რამე ამდაგვარი იქნება, ხალხის გასაფრთხილებლად. ასე მგონია. თუმცა, აბა მე რა ვიცი?

 

ფეხსაცმლის მაღაზიიდან ჯეკ პოტერი გამოვიდა და მათთან დადგა.

 

  • რა ხდება, ბიჭებო?
  • ლამპიონზე გვამი კიდია. – უთხრა ლოისმა. – პოლიციას დავურეკავ.
  • ალბათ პოლიციელები საქმის ყურში არიან, თორემ ეს აქ არ ეკიდებოდა. – თქვა პოტერმა.
  • მაღაზიაში უნდა დავბრუნდე. – თქვა ფერგუსონმა და უკან გაბრუნდა. – ჯერ მუშაობა, მერე გართობა.

 

ლოისმა იგრძნო, რომ ცოტაც და აფეთქდებოდა.

 

  • ვერ ხედავთ? ვერ ხედავთ, რომ იქ ადამიანი კიდია? ადამიანი! მკვდარი ადამიანი!
  • როგორ არა, ედ. ჯერ კიდევ მაშინ დავინახე, როცა შუადღისას ყავის დასალევად გავედი.
  • რა? ეს კაცი მთელი დღე ასე ქანაობს?
  • კი, ასე გამოდის. რა მოხდა მერე? – პოტერმა საათზე დაიხედა. – უნდა გავიქცე. კარგად, ედ.

 

 

1 2 3 4 5 6 7