• შენ! – აყვირდა მძღოლი, თან მთელი ძალით აწვებოდა მუხრუჭს. – მანდ რა ჯანდაბა ხდება!

 

ლოისი გარეთ გაძვრა. ავტობუსი ჩერდებოდა. ირგვლივ ყველა მხრიდან სახლები ჩანდა. საცხოვრებელი რაიონი. მწვანე გაზონები და მაღალი კორპუსები. ის გონიერი კაცი წამოხტა, მოხუცი კაციც ადგა.

 

გამოეკიდნენ!

 

ლოისი კიბიდან ჩახტა. ტროტუარს მთელი ძალით დაეხეთქა, მიწაზე გაგორდა და მთელ სხეულში აუტანელმა ტკივილმა დაუარა. ტკივილმა და წყვდიადმა. არა! ახლა არა! ახლა გონების დაკარგვის დრო არ არის! ძალები მოიკრიფა და მუხლებზე დადგა, მაგრამ მუხლებმა ვერ გაუძლო და ისევ გვერდზე გადაგორდა. ავტობუსი გაჩერდა. ადამიანები ჩამოვიდნენ.

 

ლოისმა სიბნელეში ხელების ფათური დაიწყო, ხელებით რაღაც ჩაბღუჯა. ქვა იყო. ტკივილისგან კვნესოდა, ძლივს წამოდგა და მის წინ ადამიანის ფორმა გაარჩია. ის იყო, ცოცხალთვალებიანი კაცი. ლოისმა წიხლი ჩაარტყა. კაცმა დაიყვირა და დავარდა. ლოისმა მთელი ძალით ჩაარტყა ქვა.

 

  • გაჩერდი! – დაიძახა კაცმა. – ღვთის გულისათვის, გაჩერდი და მომისმინე.

ლოისმა ქვა მძლავრად მოიქნია და ისევ ჩაარტყა.

 

შემზარავი ღრიალი გაისმა და მერე ერთბაშად შეწყდა. ლოისი წონასწორობას ძლივს იკავებდა, ფეხი ჯერ წინ გადადგა, მერე უკან.  მის ირგვლივ ხალხი წრეზე იდგა. ლოისი გაიქცა, როგორც შეეძლო, ფეხათრევით, ჯერ ტროტუარს დაუყვა, მერე სავალ ნაწილზე გადავიდა, თავში ერთადერთი აზრი უტრიალებდა – აქაურობას გაცლოდა. შორს, რაც შეიძლება შორს! უცნაურია, არავინ ადევნებია. ისინი უძრავად იდგნენ და იმ კაცის  გაშეშებულ სხეულს დაჰყურებდნენ, რომელსაც ხელში წიგნი ეჭირა, მახვილი მზერა ჰქონდა და მას გამოეკიდა.

 

იქნებ, არ უნდა მოეკლა?

ვითომ შეცდა?

 

თუმცა, ამაზე ფიქრი უკვე დაგვიანებული იყო. ახლა ერთი ამოცანა ჰქონდა, იქაურობას მოშორებოდა.  მოშორებოდა პაიკვილს, მოშორებოდა იმ  ნაპრალს, რომელიც მათი და მისი სამყაროს მიჯნაზე შავ ლაქას ქმნიდა.

 

 

***

-ედ! – აღელვებულმა ჯენეტ ლოისმა  უკან დაიხია. – რა მოხდა, ეს რას ნიშნავს, რა…

 

ედ ლოისმა კარი სწრაფად მიხურა და ოთახში შევარდა.

 

  • სასწრაფოდ ფარდები ჩამოაფარე. ჩქარა.

 

ჯენეტი ფანჯარასთან მივიდა.

 

  • მაგრამ…
  • სასწრაფოდ. სახლში ვინ არის?
  • არავინ, მხოლოდ მე და ტყუპები ვართ. თავის ოთახში არიან, ზევით. რა მოხდა? უცნაურად გამოიყურები. ამ დროს სახლში რატომ მოხვედი?

 

ედმა წინა კარი გადაკეტა, ფეხაკრეფით მოიარა ოთახები, ბოლოს  სამზარეულოში შევიდა. ონკანის ქვეშ უჯრიდან ყასბის დიდი დანა ამოიღო და თითი პირზე დაგაატარა. არაჩვეულებრივია! ბასრია. საკმაოდ ბასრი. მისაღებ ოთახში დაბრუნდა.

 

  • კარგად მომისმინე. – უთხრა ცოლს. – დრო არ მაქვს. უკვე იციან, რომ გავიქეცი და მეძებენ.
  • გაიქეცი? – ჯენეტს სახეზე განცვიფრება და შიში ერთად აღებეჭდა. – ვის გაექეცი?
  • მთელ ქალაქს აკონტროლებენ. ყველაფერს აკონტროლებენ. მე მაშინვე მივხვდი. მაღალი ეშელონებიდან დაიწყეს – მერიაც მათია და პოლიციაც. საინტერესოა, რა უქნეს ნამდვილ ადამიანებს…
  • ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ.
  • ჯენეტ, ფაქტიურად, დაგვიპყრეს. სხვა სამყაროდან, სულ სხვა განზომილებიდან მოვიდნენ. თავს დაგვესხნენ. ისინი ადამიანები კი არა, მწერები არიან, მაგრამ მიმიკრირება შეუძლიათ. არა მარტო ეს, კიდევ ბევრი რამ. მაგალითად, ტვინში გიძვრებიან, აზრებს გიკონტროლებენ.
  • ჩემ აზრებს?
  • ჰო, აქედან დაიწყეს, პაიკვილიდან. აქაა ნაპრალი. და ყველანი მათ ხელში ვართ. ყველაფერი მათია, მთელი ქალაქი! ჩემს გარდა. ჩვენ წარმოუდგენლად ძლიერი მტრის წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ მათ ძალაუფლებასაც აქვს საზღვარი და ესაა ჩვენი ერთადერთი იმედი. ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ. აუცილებლად დაუშვებენ შეცდომას.
  • არაფერი მესმის, ედ. ალბათ შეიშალე. – ჯანეტმა თავი გააქნია.
  • კი არ შევიშალე, გამიმართლა. სარდაფში რომ არ ვყოფილიყავი, მეც თქვენსავით დამემართებოდა. – ლოისმა ფარდის კუთხე გადაწია და ფანჯრიდან გაიჭყიტა.
  • მაგრამ ბევრი ლაპარაკის დრო არ მაქვს. პალტო აიღე.
  • ჩემი პალტო?
  • ჰო, აქედან უნდა წავიდეთ. პაიკვილიდან. დახმარება უნდა მოვითხოვოთ. ესენი უნდა გავანადგუროთ. აუცილებლად გავყაროთ აქედან. არც ისე ძლიერები არიან. ფეხდაფეხ მომყვებიან, მაგრამ არა უშავს, დავუძვრებით, თუ ახლავე წავალთ. მიდი, ჩქარა! – ედმა ხელი მკლავზე ძლიერად მოუჭირა. – პალტო აიღე და ტყუპებს დაუძახე. მივდივართ. ჩანთის ჩალაგებაზე ნუ მოცდები, მაგის დრო ახლა არაა.

 

გაფითრებულმა ქალმა საკიდიდან თავისი პალტო ჩამოხსნა.

 

  • სად მივდივართ?

 

ედმა საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო და ყველაფერი იატაკზე გადმოყარა.  საგზაო რუქა  გამოარჩია და ხალიჩაზე გაშალა.

 

  • დარწმუნებული ვარ, ქალაქიდან გამავალი ყველა ტრასა ბლოკირებულია. მაგრამ შემოვლითი გზაც ხომ გვაქვს, ოუკ-გროუვზე გადის, მახსოვს, ერთხელ გავიარე. იმ გზაზე კაციშვილს ვერ შეხვდები. იქნებ, არც კი გაახსენდეთ.
  • რანჩოს ძველი გზა? რამ გაგახსენა, ღმერთო ჩემო! დიდი ხნის წინ ჩაკეტეს, იქ ვინღა დადის!
  • კი, ვიცი. – პირგამეხებულმა ედმა რუქა პალტოს ჯიბეში ჩაიჩურთა. – და მაინც, უმჯობესია, მაგ გზით წავიდეთ. მიდი, ტყუპებს ასძახე, მივდივართ. მანქანაში ბენზინი ასხია, არა?

 

დაბნეული ჯანეტი გონს ვერ მოდიოდა.

 

  • შევროლეში? კი, მგონი… გუშინ გავავსე. – თქვა და მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან მივიდა. – ედ, მე….
  • ტყუპებს დაუძახე! – ედმა წინა კარი გააღო და გარეთ გაიხედა. გარეთ სიცოცხლის ნიშანწყალი არ იგრძნობოდა. კარგია, არაფერი ემუქრებოდათ.
  • ქვევით ჩამოდით ორივე! – ხმის კანკალით ასძახა ბავშვებს ჯენეტმა. – ახლავე.. სასეირნოდ მივდივართ.
  • ახლა, დედა? – გაისმა ტომის ხმა.
  • შეკითხვების გარეშე! – დაიყვირა ედმა. – ორივე ჩამოდით.

 

კიბის თავში ტომი გამოჩნდა.

 

  • მამა, საშინაო დავალებას ვწერ. წილადები გვაქვს, მისის პარკერმა გვითხრა, რომ თუ არ მივიტანთ…
  • დაივიწყეთ წილადები. – როცა ბიჭი კიბეზე ჩამოვიდა, ედმა ხელი ჩაავლო და კარისკენ წაათრია. – ჯიმი სადღაა?
  • მოდის.
  • რა მოხდა, მამა? – ჯიმი კიბეს ზანტად დაუყვა.
  • მანქანით მივდივართ.
  • მანქანით? სად?
  • სინათლე და ტელევიზორი ჩართული დავტოვოთ. მიდი, ჩართე. – ჯენეტს ხელით ტელევიზორისკენ უბიძგა. – იფიქრებენ, რომ ჯერ კიდევ…

 

უცებ ბზუილი შემოესმა. ლიოსი არ დაიბნა, იატაკზე დაეცა და დანა მოიმარჯვა. ისევ დაეუფლა გულისრევის შეგრძნება. ის კიბიდან პირდაპირ მისკენ მოემართებოდა. მართალია, გამჭირვალე ფრთებს სწრაფად  აფარფატებდა და თავისი შემაძრწუნებელი ბზუილით მის პარალიზებას ცდილობდა, მაგრამ ლოისმა ის დროზე შენიშნა და შეუმჩნეველი არც  მისი ჯიმისთან მსგავსება დარჩენია. ისიც პატარა იყო, ჯერ კიდევ ბავშვი, ფრთები ყვითელი მაისურიდან  გამოჩროდა, მოკაკვულ ფეხებზე ჯინსები ამოეცვა. სახე საზიზღრად  ემანჭებოდა, როცა ადამიანური მიმიკების მიღებას ცდილობდა. ერთი შეხედვით იცნო მისი გაყინული მრავალწახნაგიანი თვალები, არაადამიანური გამოხედვა. როცა ლიოსს  მიუახლოვდა, მთელი ტანით მისკენ გადმოიხარა და  თავი ჭიაყელასავით წამოწია.

 

რა ჩაიფიქრა?

გასაგებია! კბენა მოინდომა!

 

ლოისმა დაასწრო და დანა რამდენჯერმე მოუქნია. არ გამეკარო, ბინძურო ხოჭო! მწერმა ფრთები უფრო სწრაფად ააფრთხიალა, აგრესიულად აბზუილდა  და უკან ელვისებურად  დაიხია. ლოისი იატაკზე მარჯვედ გადაგორდა და კარისკენ გახოხდა. ტომი და ჯენეტი ქანდაკებასავით იდგნენ და სახეზე ემოციის ნატამალი არ ეტყობოდათ. ლოისმა ისევ მოიქნია დანა და ამჯერად გაუმართლა – მოარტყა. ის რაღაც მომრგვალდა, უფრო საზარლად აბზუილდა, კედლებს მიაწყდა და ფრთების გამწარებული ცემით იატაკისკენ გადმოეშვა.

 

ლიოსი ადგილზე გაიყინა. მიხვდა, რომ უცხო ცნობიერება მის გონებაში  შესასვლელს ეძებდა! მერე იგრძნო, რომ გაურკვეველი ძალა თუ ენერგია მის თავში შესრიალდა, ტალღასავით გადაუარა და მთელ  გონებაზე გადაეფარა. მერე  მისი ამაზრზენი შეხებაც იგრძნო, მხოლოდ შეხება კი არა, ის რაღაც მის ტვინზე მოჭიდებას გულმოდგინედ ცდილობდა! ლოისი ადგილიდან ვერ დაიძრა, ვიდრე მის ტვინში შესული უცხო ნაკადი ისევ უკან არ გასრიალდა. აშკარა იყო, ისინი არ ნებდებოდნენ და მის ხელში ჩაგდებას ყველა საშუალებით ლამობდნენ.

 

მაინც გადარჩა! მის სახლში შემოპარული მტერი – აყროლებული ხოჭო მის წინ აფართხალდა და ხალიჩას უფორმო მასად დაენარცხა.

 

მოკვდა!

 

ლოისი მიუახლოვდა, დააკვირდა და ფეხით გადმოატრიალა. ნამდვილად მწერი იყო, ბუზივით რაღაც. მისი პატარა ჯიმივით ყვითელი მაისური და ჯინსები…. ეს აზრი სასწრაფოდ მოისხიპა და გონება მთლიანად დაიხშო. რა დროს ამაზე ფიქრია! იატაკზე დაგდებული დანა აიღო და კარისკენ გაქანდა. ჯენეტი და ტომი ისევ ქანდაკებებივით იდგნენ, ადგილიდან არცერთი არ განძრეულა.

 

მანქანა ეზოში დგას! ღონემიხდილს სახლიდან გასასვლელად ძალა აღარ ყოფნიდა. მორჩა, თავს ვეღარ დააღწევს! ეჭვი არაა, მიაგნეს და გარეთ ელიან!  ფეხით რომ წავიდნენ? ათი მილი როგორ გაიარონ, როგორ გადალახონ გაშლილი მინდვრები, ტყიანი გორაკები და გადათხრილი გზები? ჯენეტი და ტომი ვერ ივლიან, მათ აქ დატოვებს, მარტო წავა!

ლოისმა კარი გააღო, წამით უკან მოიხედა და თვალი ცოლს და შვილს შეავლო. შემდეგ კარი გაიჯახუნა და კიბეზე დაეშვა.  წამში გზაზე გავიდა, უკუნ სიბნელეში სირბილით გეზი ქალაქის გასასვლელისკენ აიღო.

 

 

1 2 3 4 5 6 7