***
დამაბრმავებლად კაშკაშა დილა გათენდა. ლოისი შეჩერდა, ძალაგამოლეული აქეთ-იქით ქანაობდა, სული ეხუთებოდა. პირი ფართოდ გააღო და ჰაერი ძლივს ჩაისუნთქა. ერთიანად დაკაწრული და დათეთქვილი იყო, ოფლი თვალებში ჩასდიოდა. ხუმრობა არ იყო – ათი მილი უკუნ ღამეში ხოხვით გამოიარა. ათი მილი – იდაყვებზე და მუხლებზე! ეკლიანი ბუჩქების ქვეშ ცოცვისგან ტანსაცმელი სულ დაეხა და დაეძენძა. ფეხსაცმელზე ტალახი სქლად ჰქონდა შემხმარი, ტანსაცმელზე კი ეკლები და ტოტები აკრული.
მაგრამ არა უშავს, ცოტაც და ოუკ გროუვში ჩავა!
ჰაერი ისევ ჩაისუნთქა და გორაკს დაუყვა. ფეხები აღარ ემორჩილებოდა. ორჯერ რაღაცას წამოედო და დაეცა, უზარმაზარი ძალისხმევის ფასად წამოდგა და გზა განაგრძო. ძლივს მიფორთხავდა. ყურები უწიოდა. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და კონტურებს იცვლიდა. მაინც მიაღწია! პაიკვილს გაცდა! გაეცალა!
მინდორში სამუშაოდ გამოსული ფერმერი თვალს ვერ აშორებდა. სახლიდან ახალგაზრდა ქალი პირდაღებული მიშტერებოდა. ლოისი გზაზე გავიდა. მის წინ ბენზინგასამართი სადგური და იქვე მძღოლებისთვის მოწყობილი კაფე გამოჩნდა. რამდენიმე სატვირთო მანქანა თავის რიგს ელოდებოდა, იქვე ქათმები ბალახში იქექებოდნენ, თოკით დაბმული ძაღლი თვლემდა.
როცა ლოისმა თავი იქამდე მიათრია და კაფეს კარი შეაღო, თეთრ ფორმაში ჩაცმულმა მიმტანმა ეჭვით შეათვალიერა.
- დიდება შენდა, უფალო. – ლოისი კედელს მიეყრდნო და წაიბურტყუნა. – მეგონა, გზაში სული ამომხდებოდა. კვალდაკვალ მომდევდნენ, ბზუილი მესმოდა. ბზუილი და ფრთების ცემა.
- რა მოხდა? – ჰკითხა მიმტანმა. – ავარიაში მოყევით? თუ გაგძარცვეს?
ლოისმა თავი მძიმედ გააქნია.
- მთელი ქალაქი მათ ხელშია. მერიაში და პოლიციაში ეგენი სხედან. ლამპიონზე კაცი ჩამოახრჩვეს. პირველი ეგ იყო, რაც შევამჩნიე. ყველა გზა გადაკეტეს. ჩემი თვალით ვნახე, ჩვენსა და მათ სამყაროს შორის გაჩენილ ხვრელში როგორ შემოხოხდნენ. ახლაც, ყველა მანქანას თავს დასტრიალებენ. დილის ოთხისთვის მოვახერხე და გამოვასწარი. მაშინვე მივხვდი, უკან როდის გაბრუნდნენ. მერე მზეც ამოვიდა.
მიმტანმა ტუჩები ნერვიულად მოიკვნიტა.
- თქვენს ჭკუაზე არ უნდა იყოთ. აჯობებს, ექიმს გაესინჯოთ.
- ოუქ გროუვში წამიყვანეთ. – ამოილუღლუღა ლოისმა და ქვის იატაკზე ჩაიკეცა. – აქედან უნდა გავყაროთ. ახლავე უნდა მივხედოთ, თორემ მერე გვიან იქნება.
***
ლოისი ლაპარაკობდა, ისინი კი ჩამწერზე იწერდნენ. ყველაფერი თქვა. როცა დაასრულა, კომისარმა ღილაკს თითი დააჭირა და ჩამწერი გამორთო. მერე ფეხზე წამოდგა. ეტყობოდა, რომ მისი მონათხრობის გააზრება უჭირდა. სიგარეტი ამოიღო და ძალიან ნელა მოუკიდა. აჭარხლებულ სახეზე მკაცრი გამომეტყველება შეყინვოდა.
- გასაგებია. ჩემი არ გჯერათ. – უთხრა ლოილმა.
კომისარმა სიგარეტი შესთავაზა.
- მე არ მინდა, თუ გსიამოვნებთ, თქვენ მოწიეთ. – მოთმინება დაკარგა ლოისმა.
კომისარი ფანჯარასთან მივიდა და რამდენიმე წუთი ოუკ გროუის სახლებს ათვალიერებდა.
- მჯერა. – თქვა უცებ.
- მადლობა ღმერთს! – ამოისუნთქა ლოისმა.
- ესე იგი, გამოექეცით. – თავი გაიქნია კომისარმა. – სამსახურის ნაცვლად, სარდაფში ჩახვედით. სასწაულებრივად გადარჩენილხართ. ასე მილიონში ერთს თუ გაუმართლებს.
ლოისმა სპეციალურად მისთვის მომზადებული შავი ყავა მოწრუპა.
- მათ შესახებ მე ჩემი თეორია მაქვს. – თქვა მან.
- რა თეორია?
- მათ შესახებ. ვინ არიან. ჯერ მხოლოდ ერთ ქალაქს აკონტროლებენ. ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში სხედან, ადმინისტრაციაში. სულ მალე გავლენის არეალს გააფართოვებენ. როდესაც ფეხს მკვიდრად მოიკიდებენ, სხვა ქალაქებზეც გადავლენ. თანდათან დაიკავებენ მთელ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, უკვე დიდი ხანია ეს პროცესი მიმდინარეობს.
- დიდი ხანი?
- ათასობით წლები იქნება.
- ამისთვის რამე საფუძველი გაქვთ?
- ბავშვობაში საეკლესიო საკვირაო სკოლაში ერთი სურათი გვაჩვენეს. რელიგიური სურათი, უძველესი. დახატული იყო მტრულად განწყობილი ღმერთები, რომელიც იეჰოვამ დაამარცხა. გეცოდინებათ, მოლოქი, ველზევული, მოაბი, ბაელი, ასტაროტი…
- მერე?
- ყველა მათგანი სხვადასხვა სიმბოლოთი იყო წარმოდგენილი. – ლოისმა კომისარს თვალებში შეხედა. – იმ სურათზე ველზევული უზარმაზარი ბუზის სახითაა გამოხატული.
- როგორც ვხვდები, მათთან ისტორიული მტრობა გვაქვს. – შეფიქრიანდა კომისარი.
- ვებრძოდით და ვამარცხებდით. ბიბლიაში დაწერილია, თავს როგორ გვესხმოდნენ, გვებრძოდნენ და მარცხდებოდნენ.
- როგორ ვამარცხებდით?
- ყველას ვერ მიწვდებიან. აი, მაგალითად, მე ვერ მომწვდნენ. იცით, ებრაელებს ვერასოდეს ვერ აკონტროლებდნენ. ებრაელები მთელ მსოფლიოში გაიშალნენ და ამის შესახებ ყველას ამცნეს. საფრთხე რეალურად არსებობს. ხომ გახსოვთ ის ორი კაცი ავტობუსში? მათაც იცოდნენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ჰო, ვერც მათ მიწვდნენ. – ლოისმა მუშტი შეკრა. – მე ერთი მათგანი მოვკალი. უპატიებელი შეცდომა დავუშვი. მაშინვე ვერ ამოვიცანი, მაგრამ რისკზე ვერ წავიდოდი. ხომ გესმით ჩემი?
კომისარმა თავი დაუქნია.