პოტერი ჩქარი ნაბიჯებით წავიდა და ტროტუარზე მიმავალ ხალხში ჩაიკარგა. ქალები და კაცები სკვერის გვერდით ტროტუარზე მიდიოდნენ, მათგან რამდენიმემ ცნობისმოყვარე მზერა შეავლო ლამპიონზე ჩამოკიდებულ ფუთას, თუმცა ფეხი არავის შეუნელებია. არავინ გაჩერებულა. არავის მიუქცევია ყურადღება. არავის გამოუჩენია ინტერესი.
-შევიშლები.- ჩაიბურტყუნა ლოისმა. ის სავალ გზაზე გადავიდა, მარჯვედ უქცევდა გვერდს მანქანებს, მათი საყვირის ხმა თითქოს არც ესმოდა. როგორც იქნა, გზის მოპირდაპირე მხარეს მიაღწია და ფეხი სკვერის მწვანე ბალახზე დადგა.
დააკვირდა. შუა ასაკის კაცი იყო. ნაცრისფერი კოსტიუმი აქა-იქ დახეოდა და ადგილ-ადგილ შემხმარი ტალახი აჩნდა. კაცი ისე ეკიდა, რომ ლიოსი მის ნაკვთებს ვერ არჩევდა, მაგრამ როცა ის საღამოს ნიავმა გააქანა და მისკენ ტაატით უხმოდ შემოაბრუნა, ლიოსმა სახეზე ღრმა ჭრილობები და ნაკაწრები შეამჩნია. უცნობს მთელი სახე დათეთქვილი ჰქონდა, მუქ წითლად ეტყობოდა შედედებული სისხლი. ცალი ყურიდან საწყლად გამოჩროდა ფოლადის ჩარჩოიანი სათვალე. თვალები გადმოკარკლული ჰქონდა, პირი ღია, გასიებული და გალურჯებული, თითქმის გაშავებული ენა – გადმოვარდნილი.
- ღმერთო! – ამოთქვა ლოისმა, ცოტაც და გული აერეოდა. თავს სძლია, ყელში მომდგარი ბურთი უკან ჩაიბრუნა და ისევ ტროტუარზე დაბრუნდა.
შიშისგან და ზიზღისგან ერთიანად კანკალებდა.
ლოისი ქალაქში ყველას იცნობდა და დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ ის აქამდე არასოდეს ენახა. კაცი იქაური არ იყო. რატომ? რატომ ჩამოახრჩვეს? ან აქამდე რატომ ვერავინ შეამჩნია? ლოისს ისევ უცნობს ათვალიერებდა, როცა მას ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ტანდაბალი კაცი შეეჯახა.
- წინ იყურე! – კბილებში გამოცრა კაცმა, წამის მერე კი, ლოისი იცნო. – შენ ხარ, ედ?
ედმა თავი მექანიკურად დაუქნია, ელდისგან ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო.
- გამარჯობა, ჯენკინს. – ჯენკინსი მის გვერდით საკანცელარიო მაღაზიაში მუშაობდა.
- ცუდად ხომ არ ხარ? – ჯენკინსმა ხელი მკლავში წაავლო. – სახეზე ფერი არ გადევს.
- გვამია, პარკში.
- კი, კი, ედ. – ჯენკინსმა მზრუნველობით მიიყვანა აბრასთან, რომელზეც ეწერა: „ლოისის ტელევიზორები და ტექნიკური მომსახურება“. – მთავარია, ნერვებს არ აყვე, ედ!
სწორედ ამ დროს საიუველირო მაღაზიიდან მარგარეტ ჰენდერსონი გამოვიდა და გამოსძახა:
- რამე მოხდა?
- აი, ედია ცუდად.
ლოისმა ჯენკინსს ხელი გააშვებინა.
- როგორ შეიძლება ასე ურეაქციოდ დგომა? თქვენთვის ყველაფერი სულერთია?
ღმერთო, რა ხდება!
- რაზე ლაპარაკობს? – ანერვიულდა მარგარეტი.
- გვამზე. – უყვირა ედმა. – თქვენს ცხვირწინ ჩამომხრჩვალი კაცი კიდია! პარკში, ლამპიონზე!
მათ ირგვლივ ხალხი მოგროვდა.
- რა დაემართა, ცუდად გახდა? შეხედეთ, ედ ლოისი ყოფილა! ედ, როგორ ხარ? ედ!
- მომისმინეთ! აი, იქ გაიხედეთ! კაცი კიდია! – ისე დაიყვირა ედმა, რომ ლამის ფილტვები დაუსკდა და შეეცადა ხალხს გასცლოდა. არ გაუშვეს, მრავალმა ხელმა დაიჭირა. თავი ძლივს გაითავისუფლა.
- გამიშვით! პოლიცია! პოლიცია გამოიძახეთ!
- ედ!
- ჯობია, ექიმს დავურეკოთ!
- ვაიმე, საწყალი, რა ცუდადაა!
- იქნებ მთვრალია?