ლოისმა ხალხი გაარღვია, ერთი-ორჯერ წაიფორხილა და ლამის მიწაზე დაეცა. ბუნდოვნად ხედავდა ადამიანებს, ერთმანეთში აიზილა ცნობისმოყვარე, შეშფოთებული, აღგზნებული სახეები. ქალები და კაცები ჩერდებოდნენ, რომ გაეგოთ, რამ გამოიწვია ქუჩაში ასეთი არეულობა. ლოისი შეეცადა მათთვის თავი დაეღწია და მაღაზიაში შესულიყო. აქედან ხედავდა, ვითომც არაფერიაო, რა მშვიდად ელაპარაკებოდა ფერგუნსონი ვიღაცას და თითს „ემერსონის“ ტელევიზორისკენ იშვერდა,  მომსახურების განყოფილებაში კი პიტ ფოლი ახალ „ფილკოს“ უჩხიკინებდა.

 

ლოისმა ისევ დაიღრიალა, მაგრამ მისი ხმა მანქანებისა და მის გარშემო შეკრებილი ხალხის ხმაურში ჩაიკარგა.

 

  • რამე იღონეთ! ასე ნუ დგახართ! თქვენ გეუბნებით, რამე იღონეთ-მეთქი! რაღაც უბედურება მოხდა! უბედურება! ჩვენს თავს დიდი უბედურება ხდება, როგორ ვერ ხვდებით, ყველას გვეხება!

 

მის ირგვლივ ხალხი უცებ ორად გაიყო და ორი მძიმედ აღჭურვილი პოლიციელი გამოატარა.  პოლიციელები ლიოსს მიუახლოვდნენ.

 

  • თქვენი სახელი? – ხმადაბლა თქვა პატარა ბლოკნოტიანმა პოლიციელმა.
  • ლოისი. – შუბლი შეიმშრალა ედმა. – ევარდ სი ლოისი. მომისმინეთ! აი, იქ…
  • მისამართი? – ამჯერად მკაცრად იკითხა პოლიციელმა.

 

პოლიციის მანქანამ მარჯვედ აუქცია გვერდი სხვა მანქანებსა და ავტობუსებს. დაქანცული და დაბნეული ლოისი უღონოდ გადაწვა მანქანის სავარძელზე. აკანკალებულმა, ღრმად ჩაისუნთქა.

 

  • ჰარსთ როუდი, ნომერი 1368.
  • სადღაც აქ არის, პაიკვილში, არა?
  • დიახ. – ჯოჯოხეთური ძალისხმევა დასჭირდა ლოისს, რომ გამართულიყო. – მომისმინეთ. იქ. პარკში. ლამპიონზე. დავინახე. კიდია….
  • დღეს სად იყავით? – ჰკითხა საჭესთან მჯდარმა პოლიციელმა.
  • სად? – ექოსავით გაიმეორა ლოისმა.
  • მაღაზიაში არ ყოფილხართ, ხომ ასეა?
  • არა. – თავი გაიქნია მან. – სახლში ვმუშაობდი, სარდაფში.
  • სარდაფში?
  • ვთხრიდი. საძირკველს. მიწა ამოვიღე, გავასუფთავე, ცემენტის ჩასასხმელად მოვამზადე. რატომ მეკითხებით? რა კავშირშია….
  • კიდევ ვინ იყო თქვენთან ერთად?
  • არავინ. ჩემი მეუღლე ქალაქში წავიდა, ბავშვები სკოლაში. – ლიოსმა ჯერ ერთი ჩაფსკვნილი პოლიციელი შეათვალიერა, მერე მეორე. და სწორედ ამ დროს გაუჩნდა იმედი, იქნებ არარეალური, შეიძლება ითქვას, გიჟურიც, მაგრამ მაინც იმედი. – აი, თურმე რა… გგონიათ, თუ სახლში ვიყავი, მე ყველაფერს მოვწყდი? რაღაც გამოვტოვე? ყველასთვის ყველაფერი ცნობილი იყო, მე კი გვიან მივედი?

 

მცირე პაუზის შემდეგ პასუხი ბლოკლოტიანმა პოლიციელმა გასცა:

 

  • დიახ. დააგვიანეთ.
  • გამოდის, რომ ოფიციალურადაა? ის გვამი… გამოდის, რომ ასე უნდა ეკიდოს, რომ ყველამ დაინახოს?
  • დიახ. ასე უნდა ეკიდოს, ყველას დასანახად.

 

ედ ლოისმა გაჭირვებით გაიღიმა:

 

  • მადლობა ღმერთს! რამხელა არეულობა გამოვიწვიე! ემოციებს ავყევი, ხომ გესმით. ვიფიქრე, რაღაც უბედურება მოხდა, ძალადობა, მკვლელობა, კუ-კლუქს-კლანის მაგვარი რამ. რა არ ვიფიქრე! ხომ შეიძლება ფაშისტების ან კომუნისტების ნახელავი ყოფილიყო? – ლოისმა გულის ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და აკანკალებული ხელებით სახე მოიწმინდა. – ამოვისუნთქე, როცა გავიგე, რომ თქვენ ყველაფერს აკონტროლებთ.

 

  • დიახ, სერ, ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ.

 

მანქანა სასამართლოს შენობას მიუახლოვდა. ქუჩებში სიბნელე ჩამოწვა. მზე ჩავიდა, მაგრამ ლამპიონების ჩართვის დრო  ჯერ კიდევ არ დამდგარიყო.

 

  • გულზე მომეშვა. – თქვა ლოისმა. – პირველად რომ დავინახე, გული გამისკდა, რა არ ვიფიქრე, სულ ავირიე. ახლა ყველაფერი გასაგებია, იქნებ არაა საჭირო პოლიციაში წასვლა?

 

პოლიციელები დუმდნენ.

 

  • სიმართლე რომ გითხრათ, მაღაზიაში უნდა მივბრუნდე. ჩემ ბიჭებს ჯერ არაფერი უჭამიათ, ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგებია, ამაზე კრინტს აღარ დავძრავ, საერთოდ აღარც ვახსენებ, პირობას გაძლევთ. ამიტომ არა მგონია, აუცილებელი იყოს…
  • დიდხანს არ გაგაჩერებთ. – შეაწყვეტინა საჭესთან მჯდომმა პოლიციელმა. – ძალიან მოკლე პროცედურაა. ორწუთიანი.
  • დიდი იმედი მაქვს. – წაილუღლუღა ლოისმა.

 

მანქანამ შუქნიშანთან სვლა შეანელა.

 

  • ჰო, დიდი ხმაური ავტეხე. ახლა ვხვდები, რა სასაცილო მდგომარეობაში ჩავიგდე თავი. ნეტავ, ასე როგორ გამოვედი მდგომარეობიდან და…

 

ლოისმა მოულოდნელად მანქანის კარი გააღო, მანქანიდან  გადახტა და გზაზე გადაგორდა. მანქანები  სიჩქარეს თანდათან უმატებდნენ, რადგან შუქნიშნის ფერი შეიცვალა. ლოისი მანქანების ტალღას სასწაულებრივად გადაურჩა, ტროტუარზე ახტა და ფუტკრებივით მოფუსფუსე ხალხს შეერია. გარბოდა, ზურგსუკან  ხმები, ყვირილი და ფეხის აჩქარებული ხმა ესმოდა.

 

ვის ატყუებენ! ის ტიპები პოლიციელები რომ არ იყვნენ, მაშინვე მიხვდა! ლოისი პაიკვილში ყველა პოლიციელს იცნობდა. პატარა ქალაქში ვის ექნება თავისი ბიზნესი ოცდახუთი წელი ისე, რომ ყველა პოლიციელს პირადად არ იცნობდეს! არც ისინი იყვნენ პოლიციელები და არც  ამ სიტუაციას აკონტროლებდნენ. არც პოტერმა, არც ფერგუსონმა და არც ჯენკინსმა არ იცოდნენ, რატომ ეკიდა ის კაცი იქ. არც იცოდნენ და არც აინტერესებდათ.

ამ ამბავში ყველაზე გაუგებარი აი, ეს იყო – გულგრილობა.

 

ლოისი რკინეულობის მაღაზიაში შევიდა, გვერდი აუქცია გამყიდველსა და მყიდველებს და უკანა კარიდან გავიდა. კართან ნაგვის ურნას კინაღამ ზედ დაემხო. არა, ახლა ვერ გაჩერდება! ბეტონის კიბეს სირბილით აუყვა, მერე ღობეზე გადაცოცდა და ეზოს მეორე მხარეს გადავიდა, ჰაერი არ ყოფნიდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა. კარგი ის იყო, რომ მის უკან სიჩუმე იდგა. როგორც ჩანს, მოახერხა და მდევრებს გამოექცა. მიმოიხედა. დაგრეხილი ფიცრებით, დამტვრეული ყუთებითა და დაგლეჯილი ბორბლებით სავსე ბნელ ჩიხში იდგა. ჩიხი ქუჩაში გადიოდა, სადაც უკვე ლამპიონებს ანთებდნენ. ქალები და კაცები. ნეონის სინათლე. მანქანები. ხელმარჯვნივ სასამართლოს შენობა. ღმერთო, რა ახლოსაა, თავზარდამცემად ახლოს! ხილბოსტნეულის მაღაზიის უკანა ეზოში იდგა და აქედან სასამართლოს თეთრი ბეტონის თვალუწვდენელი  კედელი, გისოსებიანი ფანჯრები და პოლიციის ანტენა წყვდიადში კიდევ უფრო შემზარავი ჩანდა. არც ისე კარგი ადგილი იყო იმისთვის, რომ დამალულიყო. აქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს, რაც შეიძლება, შორს უნდა გაიქცეს, რომ მათ ვერ მიაგნონ!

 

მათ? ვინ არიან ისინი?

 

ლოისი ფრთხილად გამოვიდა ქუჩაში. სასამართლოს შენობის უკან ქალაქის მერია მდებარეობდა, მზეზე მოლიცლიცე ოქროსფერი ბრინჯაოს თაღებიანი ძველი ყვითელი ხის შენობა, ცემენტის ფართო კიბით. შენობაში ჩანდა უთვალავი სამუშაო ოთახი, ჩაბნელებული ფანჯრები, მის წინ კედარი და შესასვლელთან ხიდან  ჩამოცვენილი ყვავილები.

 

იყო კიდევ რაღაც, თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც თვალში საცემი, რამაც ლოისი კიდევ უფრო დააფრთხო. მერიის თავზე სქელი შავი კონუსისებრი ლაქა იკვეთებოდა, უფრო მუქი, ვიდრე ქალაქში ჩამომდგარი წყვდიადი. ლიოსმა თვალებს არ დაუჯერა, როცა შავი კონუსი თანდათან მაღლა ავიდა და ცაში გაიფანტა.

 

მერე რაღაც უცნაური შემოესმა. სმენა დაძაბა. ღმერთო, დიდებულო! ისეთი ამაზრზენი ხმა ისმოდა, რომ ცოტაც და ჭკუიდან შეიშლებოდა.  ერთადერთმა სურვილმა აიტანა –  ყურები და გონება დაეხშო, რომ როგორმე ეს ხმა შეეჩერებინა –  უზარმაზარი სკიდან გამოსული ათასობით ფუტკრის  ბზუილი. ლოისი ცას შეაჩერდა, ტანში ცრიდა. შავი კონუსი ქალაქის მერიის თავზე ეკიდა. ისეთი მკვრივი, რომ ქვევიდან მყარი სხეულივით ჩანდა.  უცებ იმ სხეულში რაღაც შეირხა. მერე იმ რაღაცამ ციალი დაიწყო. ლოისი დაფეთდა – ციდან რაღაცეები ცვიოდა. ის რაღაცეები წამით მერიის თავზე ლივლივებდნენ, მერე კი სახურავზე უხმაუროდ ეშვებოდნენ.

 

საეჭვო აღარაფერი იყო – ლოისი გარკვევით ხედავდა მათ.

 

1 2 3 4 5 6 7