- წინდაუხედავად მოიქეცით, არ უნდა მოგეკლათ. ეჭვგარეშეა, ვერც მათ მიწვდნენ. თუმცა, მთელი ქალაქი აიღეს. – კომისარი ფანჯარას მოშორდა. – კარგით, მისტერ ლოის. მგონი, უკვე ყველაფერი გავარკვიეთ.
- არა, ჯერ ყველაფერი არა. ჩამომხრჩვალი კაცი? ლამპიონზე ჩამოკიდებული. ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე. რა მიზანი ჰქონდათ? სპეციალურად ჩამოკიდეს?
- სულ იოლი ასახსნელია. – გაიღიმა კომისარმა. – სატყუარად გამოიყენეს.
ლოისს სისხლი გაეყინა. გული გაუჩერდა.
- სატყუარა? ვისთვის?
- თქვენნაირებისთვის. თქვენ ხომ საკუთარი თავი გაეცით? ასე გაიგეს, ვინ მოექცა მათი კონტროლის ქვეშ და ვინ არა.
ლოისი საშინელმა სასოწარკვეთამ შეიპყრო.
- გინდათ თქვათ, რომ მათაც იცოდნენ, რომ ყველას ვერ მოიხელთებდნენ და შემდგომი ნაბიჯები წინასწარ განსაზღვრეს? გამოდის, რომ მახე დამიგეს.
- დიახ. და თქვენ თავი გამოავლინეთ. ძალიან აღელდით. თქვენი ემოციებით საქმე გაუიოლეთ.
კომისარი კარისკენ წავიდა.
- გამომყევით, ლოის. წინ ბევრი საქმე გველოდება. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. დასაკარგი დრო არ გვაქვს.
ლოისი ნელა წამოდგა, თითქოს სმენა დაკარგაო, აღარაფერი ესმოდა.
- და ის კაცი? ის კაცი ვინ იყო? მისი სახე არ მეცნო, მანამდე არასოდეს მინახავს. ალბათ სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა. დაგლეჯილი და ტალახიანი, დასერილი სახე, დაკაწრული, დალურჯებული…
კომისარმა უცნაურად შეხედა, მერე ხმადაბლა უპასუხა:
- სულ მალე მიხვდებით. ახლა კი, წამოდით, მისტერ ლოის.
კომისარს თვალები აუელვარდა და კარი გამოაღო.
ლოისმა პოლიციის განყოფილების წინ ქუჩას თვალი მოავლო. ქუჩა სავსე იყო ფორმიანი კაცებით. მათ უკან ჩანდა შემაღლებული ადგილი, ლამპიონი და თოკი.
- აქეთ წამობრძანდით, სერ. – უთხრა კომისარმა და ცივად გაუღიმა.
***
მზე ჩადიოდა, როცა ოუკ-გროუვის „მერჩანთ-ბანკის“ ვიცე პრეზიდენტი სეიფის განყოფილებიდან გამოვიდა, კარი საათის მექანიზმიანი მძიმე საკეტებით გადარაზა, ქუდი დაიხურა და ტროტუარს ჩქარი ნაბიჯებით დაადგა. ქუჩაში ორიოდე ადამიანი თუ დადიოდა, ისინიც შინ მიიჩქაროდნენ.
- ღამე მშვიდობისა. – უთხრა მცველმა, რომელმაც მისი გამოსვლის შემდეგ ბანკის კარი გადაკეტა.
- ღამე მშვიდობისა. – ჩაიბურტყუნა კლარენს მეისონმა. ის თავისი მანქანისკენ გაემართა. ძალიან დაიღალა. მთელი დღე სეიფში მუშაობდა, უნდოდა, ძვირფასეულობის შესანახი ყუთებისთვის როგორმე მეტი ადგილი გამოეთავისუფლებინა. კიდევ კარგი, სამუშაო დღე დასრულდა და შეუძლია სახლში წავიდეს.
კუთხეში გაჩერდა. მზე ჩადიოდა, ქუჩაში ბინდი იდგა. გარკვევით არაფერი ჩანდა. მიმოიხედა და უცებ სისხლი გაეყინა – პოლიციის შენობის წინ ლამპიონზე დიდი ზომის შავი უფორმო ფუთა ეკიდა და ქარი აქეთ-იქით აქანებდა.
რა ჯანდაბაა?
მეისონი ახლოს მივიდა. მთელი დღის დაქანცულს, არაფრის თავი არ ჰქონდა, ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება, მალე მისულიყო შინ, ახლა მხოლოდ თავისი ცოლი და ბავშვები ახსოვდა და თვალწინ ცხელი სადილი ედგა. იმ ჩამოპორწიალებულ ფუთაში, რაღაც შემაძრწუნებელი და ავისმომასწავლებელი იგრძნობოდა. ლამის უკვე ჩამობნელდა. ვერ არჩევდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ლამპიონზე დაკიდებული, მაგრამ თვალს მაინც ვერ აშორებდა. თითქოს ის რაღაც უჩვეულო ძალით თავისკენ იზიდავდა, და ვერც კი ხვდებოდა, თავისდაუნებურად როგორ მიიწევდა მისკენ სულ უფრო და უფრო ახლოს. ლამპიონზე ჩამოპრწიალებული ფუთა უცნაურად აფორიაქებდა და ამადროულად აფრთხობდა. აფრთხობდა და ხიბლავდა.
ყველაზე დამაფიქრებელი კი ის იყო, რომ როგორ ჩანს, მის გარდა ის აქამდე არავის შეუმჩნევია.
თარგმნა დალილა გოგიამ
