***
ლოისი ჩაიკუზა, ღობეს ამოეფარა, მის ფეხებქვეშ დაჭაობებული გუბე არც კი შეუმჩნევია.
ისინი პირდაპირ ქალაქის მერიის სახურავზე ეშვებოდნენ და მერე ქრებოდნენ. მათ ფრთები ჰქონდათ და გიგანტურ მწერებს წააგავდნენ. ფრთების ფრთხიალით მოფრინავდნენ, სახურავს თავზე დასტრიალებდნენ, თითქოს ადგილს არჩევენო, მერე ზედ ეშვებოდნენ, სახურავზე კობორჩხალებივით გარდი-გარდმო ცოცავდნენ და შენობაში იკარგებოდნენ.
ლოისმა გულისრევა იგრძნო. ღამის ცივმა ნიავმა წამოუბერა და შეამცივნა. ერთი წუთიც არ გასულა და მერიიდან ხალხი გამოვიდა და კიბეზე შეჯგუფდა. კაცები გუნდ-გუნდად ჩნდებოდნენ კართან და ვიდრე გარეთ გამოვიდოდნენ, აყოვნებდნენ, გარემოს ათვალიერებდნენ.
ლოისი დაიზაფრა. მაინც რამდენი იყვნენ?
შეუძლებელია! ისინი, ვინც კონუსიდან ეშვებოდნენ, ადამიანები ნამდვილად არ იყვნენ! ლიოსს დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ ზემოდან ჩამოსულები სხვა სამყაროს მიეკუთვნებოდნენ, სხვა განზომილებას. დედამიწის გარშემო შემოვლებული აპკი სადღაც გაირღვა, და ესენი იქიდან შემოცოცდნენ, მოფრთხიალე მწერები, სხვა ფორმის ცოცხალი არსებები.
ქალაქის მერიის კიბეზე მოგროვილი ადამიანების ჯგუფი რამდენიმე ნაწილად დაიყო. ზოგი მანქანისკენ დაიძრა. ერთი, რომელსაც ჯერ კიდევ მწერის სხეული შერჩენოდა, უკან შებრუნდა შენობაში, მაგრამ შემდეგ ეტყობა, გადაიფიქრა და ისევ თავისიანებს აედევნა.
ლოისი შიშმა აიტანა და თვალები დახუჭა. თავბრუ დაესხა და რომ არ დაცემულიყო, ღობეს ჩაებღაუჭა. კაცს, ადამიანის სხეულს, ერთ წამში ფრთები გამოესხა, შეიფრთხიალა, ტროტუარამდე მიფარფარტდა და ვითომ არაფერიაო, დანარჩენებს შორის ჩადგა.
ადამიანების იმიტაცია! ფსევრო ადამიანები! მწერები, რომელთაც ადამიანად გარდასახვა შეუძლიათ. ზუსტად ისეთი მწერები, დედამიწაზე რომ დაცოცავენ. თავდაცვითი კოლაბორაცია! მიმიკრია!
ლოისი დიდი გაჭირვებით წამოიწია და ფეხზე წამოდგა. ღობეს ხელი გაუშვა. ბნელოდა, მაგრამ სიფრთხილე მართებდა, შესაძლოა, ისინი სიბნელეშიც ჩვეულებრივად ხედავდნენ. ჩიხიდან გზაზე უჩუმრად გავიდა. ქალებმა და კაცებმა გვერდით ჩაუარეს. ამჯერად ბევრნი არ იყვნენ. გაჩერებაზე ავტობუსს საკმაოდ ბევრი ხალხი ელოდებოდა. ლოისი მათთან დადგა. ცოტაც და ქუჩის ბოლოში ღამე უზარმაზარმა ფარებმა გაანათა და განათებული ავტობუსი გაჩერებას ნელი სვლით მიუახლოვდა. ლოისმა ხალხში გზა გაიკვალა, ავტობუსში ავიდა და უკანა კართან დაჯდა.
ავტობუსი დაიძრა და ის უკან, ძველი ცხოვრებისკენ გააქანა.
***
ლოისი მოეშვა და მგზავრების თვალიერება დაიწყო. უემოციო, პირქუში სახეები. ყველანი სამსახურიდან ბრუნდებოდნენ, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანები. ლიოსს ყურადღებას არავინ აქცევდა, თავის ადგილებზე ისხდნენ და ავტობუსის რიტმს აყოლილები, აქეთ-იქით ქანაობდნენ.
მის გვერდით მჯდომმა კაცმა გაზეთი გაშალა და სპორტის განყოფილების კითხვა ტუჩების ცმაცუნით დაიწყო. ჩვეულებრივი ადამიანი, ლურჯ კოსტიუმში, ჰალსტუხით. საქმიანი კაცი? იქნებ მაღაზიის მეპატრონე? ალბათ ვაჭრობის სფეროშია ჩართული, სამუშაო დღის ბოლოს შინ მიეჩქარება, ცოლთან და შვილებთან.
ავტობუსის მეორე მხარეს ქალი იჯდა. იქნებოდა, ასე, ოცი წლის, შავი თვალებითა და თმით. მუხლებზე ჩანთა ედო, ფეხზე ნეილონის ჩულქი და ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, ტანზე – წითელი პალტო და თეთრი ანგორას ჯემპრი, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით გზას გაჰყურებდა.
სკოლის მოსწავლე ჯინსებსა და შავ ქურთუკში.
ვეებერთელა ქალს სამნაკეცად ჩამოსული ღაბაბი კიდევ უფრო მსუქანს აჩენდა. უძირო სავაჭრო ჩანთებში უთვალავი ყუთი და შეკვრა ელაგა. მორიგი გულგრილი თვალები, გადაქანცული სახე.
აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები! ისინი, ვინც ყოველ საღამოს სახლში ავტობუსით ბრუნდებიან. შინ ცხელი სადილი ელოდებათ. ყველანი გათიშული გონებით დადიან. მათ მწერისმაგვარი უცხოპლანეტელები აკონტროლებენ, ისინი, ვინც მათი ფორმა მიიღეს და მათ ტვინს, ცხოვრებას, მათ ქალაქს, დაეპატრონენ. თავად ლოისის გონებაშიც შეძვრებოდნენ, სხვებივით მაღაზიაში რომ წასულიყო. მაგრამ ის სარდაფში საძირკველს თხრიდა. იმათ ეს ფაქტი რაღაცნაირად გამორჩათ და ამიტომ ვერ მიწვდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ მიუხედავად მათი უსაზღვრო შესაძლებლობებისა, სრულ კონტროლს მაინც ვერ ახერხებენ. გამოდის, რომ მათაც აქვთ სუსტი წერტილები, ვერც მათ გაითვალისწინეს ყველა წვრილმანი.
ალბათ მისი მსგავსი სხვაც მოიძებნება.
ლოისს უცებ იმედი მიეცა. გამოდის, რომ ისინი ყოვლისშემძლენი არ არიან. გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს, როცა მისი გონების დამორჩილება დაავიწყდათ. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მათი ქსელი, თუ კონტროლის არეალი ლიოსს არ შეეხო. მთელი დღეს სარდაფში იყო გამოკეტილი, სარდაფიდან რომ ამოვიდა, მხოლოდ მაშინ წავიდა ქალაქში. გასაგებია! როგორც ჩანს, თავისი ბანჯგვლიანი საცეცებით ყველა კუთხე-კუნჭულში ვერ ძვრებიან და არსებობს ადგილები, სადაც მათი ძალაუფლება არ ვრცელდება.
მისგან ორი რიგის წინ კაცი იჯდა და მას თვალს არ აშორებდა. ლოისი შეკრთა და ფიქრებიდან გამოერკვა. თხელი აღნაგობის საკმაოდ წარმოსადეგი კაცი, შავი თმითა და პატარა ულვაშებით, ყავისფერი კოსტიუმი და გაპრიალებული ფეხსაცმელი ეცვა, თლილი ხელებით წიგნი ეჭირა. თითქოს მისი ყველა ნაკვთის შესწავლა უნდაო, ლოისს აკვირდებოდა. როცა დაინახა, რომ ლიოსმა შეამჩნია, თავი გვერდით მიატრიალა.
ლოისი დაიძაბა. ერთ-ერთი მათგანია? თუ ის, ვინც მასავით გამორჩათ?
კაცმა ისევ შეხედა. ცოცხალი და გონიერი პატარა შავი თვალები, მახვილი მზერა.
ეს კაცი ან მეტისმეტად გონიერი აღმოჩნდა მათთვის, ან ისიც ერთ-ერთი მათგანია – ადამიანად გარდასახული მწერისმაგვარი არსება სხვა განზომილებიდან.
ავტობუსი გაჩერდა. ხანშიშესული კაცი მძიმედ ამოვიდა და რკინის ყუთში ტალონი აუჩქარებლად ჩაუშვა. მერე სკამებს შორის დინჯად გაიარა და ლოისის წინ დაჯდა.
ხანშიშესულმა კაცმა და იმ გონიერმა ერთმანეთს თვალი გაუსწორეს. მართალია, მათი მზერა ერთმანეთს მხოლოდ წამით შეხვდა, მაგრამ ლოისმა იგრძნო, რომ ეს არ იყო მგზავრების შემთხვევითი შეხვედრა. ცხადი იყო – იმ ორმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა.
ავტობუსი დაიძრა. ლოისი წამოხტა. ერთი ნაბიჯი და ის კართან გაჩნდა, ცალი ფეხი კიბეზე ჩადგა და საავარიო მუხრუჭი გადმოწია. სქელ რეზინზე მიმაგრებული კარი მორჩილად გაიღო.