ბელიკოვი

მე მირონიცკის სოფლის სკოლაში ბერძნულსა და ლათინურს ვასწავლი.

ვარენკა კოცნის.

ვარენკა

და მე კი ბერძნულისა და ლათინურის მასწავლებლის ცოლი გავხდები.

ბელიკოვი

ქორწინება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. დიდი იმედი მაქვს, შევძლებ და თქვენს სათანადო უზრუნველყოფას მოვახერხებ, ისე, როგორც დაქორწინებულ კაცს ევალება.

ვარენკა

დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით.

ბელიკოვი

ბედნიერების ბავშვებს სჯერათ. ჩვენ ერთმანეთთან სოციალურ ხელშეკრულებას ვდებთ, ასე ვთქვათ, კანონიერად შევდივართ მეგობრულ, ანუ მშვიდობიან ურთიერთობაში, რომელიც ჩვენს უსაფრთხო და სავსებით დამაკმაყოფილებელ მომავალს უზრუნველყოფს.

ვარენკა

რა საყვარელი ხართ. მსოფლიოში ყველაზე საყვარელი კაცი ხართ, ბელიკოვ!

ბელიკოვი

დიახ, მე კაცი ვარ და ჩემებურად ვარ მოწყობილი, ის კაცი ვარ, ვინც დაინახა, რომ შეუძლია სათანადო შემთხვევა გამოიყენოს და საკუთარ თავი  მცირე გამოწვევის წინაშე დააყენოს.

ვარენკა

ერთი შეხედეთ! შეხედეთ! შეხედეთ კოპწია მრგვალ სათვალეს, მუდამ გახამებულ საყელოს, საუცხოოდ დაუთოვებულ გაწკეპილ შარვალს, მისი ზოლები მუდამ იატაკის პერპენდიკულარულად დგას. ყველაზე მეტად კი გაკრიალებული კალოშები მაოცებს, წვიმს თუ მზეა, სულ  პრიალებს. ო, ჩემო ბელიკოვ!

ბელიკოვი

ჩემზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს თქვენი ფინია ვიყო.

ვარენკა

სწორედაც რომ ჩემი პატარა ფინია ხართ  და  სკოლის პატარა თაგუნაც.

ბელიკოვი

თაგუნა?

ვარენკა

ჩემი  ტკბილი კალოშებიანი მოცეკვავე დათუნია, ჩემი პატარა მოხუცი ბაბკა.

ბელიკოვი

მოხუცი ბაბკა?

ვარენკა

მე არ ვარ პუშკინი.

ბელიკოვი

(იცინის) ვინ იცის. გააჩნია, პუშკინზე რა აზრის ხართ.

ვარენკა

აი, ხედავთ, იღიმით.  გული მიგრძნობდა, რომ დღეს თქვენს გაღიმებას მოვახერხებდი.

ბელიკოვი

მე პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი ვარ. ყოველ დილით საუზმეზე შავს პურს, ხილს და ცხელ ჩაის გეახლებით და დღეში სამჯერ ვიღიმი. ახლა ბერძნულ ჰექსამეტრს რუსულ ალექსანდრინად ვთარგმნი და თითქმის ნახევარი უკვე დასრულებული მაქვს. ბოლო ოცი წელია, სკოლაში არ დამიგვიანია. მე პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი ვარ და არა მოცეკვავე დათვი.

ვარენკა

იცეკვეთ ჩემთან.

ბელიკოვი

ახლა? ქორწილამდე თითქმის ოთხი კვირა დარჩა!

 

1 2 3 4 5 6 7 8