ვარენკა

ჩემო უძვირფასესო ბელიკოვ, აი, თქვენ კი ფარდებსა და საბნებში ეხვევით! მე ველოსიპედით მოვედი და ახალი მეგობრები შევიძინე.

ბელიკოვი

დირექტორის ცოლისა და იმ იდიოტი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელი ქალის გარდა კიდევ ვინ ნახეთ?

ვარენკა

სულაც არ არის იდიოტი!

ბელიკოვი

კარტოფილით მოვაჭრე, სოსისისმკლავება სულელი!

ვარენკა

შშშშშშ!  სკოლის თაგუნა, შშშშშშშ!

ბელიკოვი

კიდევ ვის დაუმეგობრდით მაგ ველოსიპედით?

ვარენკა

ჩემი ძმის მოსწავლეები შემხვდნენ. ხელს მიქნევდნენ და მიყვიროდნენ: შეყვარებული ანთროპოსი! შეყვარებული ანთროპოსი!

ბელიკოვი

სად არის ველოსიპედი?

ვარენკა

გარეთ ჭიშკართან დავტოვე. სად მიდიხართ? ფრთხილად, ბელიკოვ, ვარდები არ გადაქელოთ!

ბელიკოვი

(ბუტბუტით გადის)  შეყვარებული ანთროპოსი! შეყვარებული ანთროპოსი!

ვარენკა

ასე მამხნევებდნენ.

ბელიკოვი

(შემოყავს ველოსიპედი) ანთროპოსი ბერძნულად მამაკაცის მხოლობით რიცხვს აღნიშნავს. შეყვარებული ანთროპოსი კი ითარგმნება, როგორც: ბერძნულის და ლათინურის მასწავლებელი შეყვარებულია. რა თქმა უნდა, ასე გამხნევებდნენ. მათი ინსტრუქტორი, რომელიც მათ დისციპლინასა და მშვენიერებას ასწავლის, თურმე ველოსიპედზე შემომჯდარ ფერიაზეა შეყვარებული. ბევრი იკისკისეთ, არა? რა თქმა უნდა, გადასარევი საკისკისოა! ამ ველოსიპედს თქვენს ძმას დავუბრუნებ.

ვარენკა

კი, მაგრამ, უკვე ჩაის დროა.

ბელიკოვი

დღეს ჩაი არ იქნება!

ვარენკა

უკან მთელი მილის ფეხით გავლა მოგიწევთ!

ბელიკოვი

არა უშავს, როგორც ხედავთ, კალოშები მაცვია. (ჯდება ველოსიპედზე) ვარენკა, ჩვენ ვიმსახურებთ, სხვებისგან არაფრით გამოვირჩეოდეთ. (პედალს ატრიალებს. ველოსიპედი უძრავად დგას.)

ვარენკა

საბჯენი ასწიეთ.

ბელიკოვი

უკაცრავად?

ვარენკა

(კისკისებს) ბელიკოვ, წინ რომ წახვიდეთ, ჯერ  აი, ის რკინა აწიეთ, რაზეც ველოსიპედი დგას.

(ბელიკოვი საბჯენს  მაღლა წევს და როცა ველოსიპედი  წინ მიდის, მოუხერხებლად ეცემა)

ვარენკა

ჰა ჰა ჰა.  სკოლის პაწაწინა თაგუნა. რა სასაცილო სანახავი ხართ! მთელ დედამიწაზე არ მეგულება თქვენზე უძვირფასესი და უტკბილესი კაცი.   ჰა ჰა ჰა.

პაუზა.  

ბელიკოვი

თუ შეიძლება, დამეხმარეთ! მგონი, კალოში პედალში გამეჭედა.

 

1 2 3 4 5 6 7 8