ბელიკოვი
კარგით, ნუ გაწიწმატდებით. ოჯახს მეც არაჩვეულებრივად ვუძღვები. ჩემს სახლში ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ყველა ქვაბი თავის თაროზე დევს, ყველა კოვზი – თავის კოლოფში, საყვარელ რეცეპტებს ცალკე საქაღალდეში ვინახავ, უკვე ოცი წელია, სადილს თავად ვიმზადებ. მართალია, ჩემი ჭარხლის სუფი არაფრით გამოირჩევა, მაგრამ, მე ვიტყოდი, სავსებით დამაკმაყოფილებელია.
ვარენკა
დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი იქნება.
ბელიკოვი
არა, საშინლად და უსაშინლესად გემრიელი არ არის. რაც მართლაც არაჩვეულებრივად გამომდის, და თანაც უდიდეს სიამოვნებასაც მანიჭებს, გამოუყენებელი პროდუქტის შენახვაა. პომიდვრის თითოეულ ნაჭერს, რომელსაც იმ ჯერზე არ ვჭამ, სველ ტილოში ვახვევ და სახლის ყველაზე გრილ კუნჭულში ვდებ. ერთი წყვილი ფეხსაცმელი უკვე შვიდი წელია მაცვია და ჯერაც არ გამიცვეთია, რადგან ზემოდან იმ კალოშებს ვიცვამ, თქვენ რომ ასე გხიბლავთ. ყოველ საღამოს კი, ვიდრე დავიძინებ, ჩემს საწოლს საბნებსა და ფარდებში ვახვევ და ამის დამსახურებაა, რომ ღამით ორპირში არასოდეს მოვხვედრილვარ.
ვარენკა
ღამე ფარდებში გახვეულ საწოლში გძინავთ?
ბელიკოვი
სითბო მიყვარს.
ვარენკა
მე თქვენ ახალ საბანს შეგიკერავთ.
ბელიკოვი
არა, არავითარი ახალი საბანი. არ მინდა, გავრისკო. საბანში ძილი ჩემთვის შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.
ვარენკა
საშიში ფარდებში ძილია.
ბელიკოვი
ვარენკა, გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებები დიდად არ მიყვარს. თუ ადამიანი ცვლილებების მიერ მოტანილ სიკეთეს არითმეტიკურად გამოიანგარიშებს, საუკეთესო შემთხვევაში, შედეგი მის მიერ მიყენებული საერთო ზარალის ერთ მერვედზე ნაკლები გამოვა. დაქორწინება იქამდე არ მიფიქრია, ვიდრე დირექტორთან ჩაის წვეულებაზე თქვენი თვალები არ შემეფეთა, ნაცნობ სახეებს შორის, რომ ცეკვავდი, მაშინ. მანამდე მტკიცედ მჯეროდა, რომ ჩემს მიერ საგულდაგულოდ შენახული საჭმლის ნარჩენებივით დავბერდებოდი, ჩემს ფარდებსა და საბნებში ჩაფუთნული.
ვარენკა
ბელიკოვ, როგორ მინდა, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვისადილოთ ხოლმე, ზაფხულობით კი ქალაქელი მეგობრები გვესტუმრონ. მინდა, ხალხმა ერთმანეთს ჰკითხოს: „ბელიკოვი და ვარენკა თუ მოინახულეთ? ნახეთ, ბელიკოვი რა ბედნიერია ქორწინების შემდეგ? ვარენკა ზუსტად ის ქალია, მას რომ სჭირდებოდა.“
ბელიკოვი
თქვენ მე უკვე საკმარისი ბედნიერება მომიტანეთ, თუმცა, უნდა შევნიშნო, რომ მე არასოდეს ვყოფილვარ სევდიანი კაცი. და არც თქვენ უნდა იფიქროთ, რომ ოდესმე თავი სევდიან კაცად მიმაჩნდა.
ვარენკა
ჩემო ძვირფასო ბელიკოვ, იყავით ის, რაც თქვენ გსურთ, რომ იყოთ! თუ დასევდიანდებით, მაშინ ხალხი იტყვის, რომ სულ მე ვლაპარაკობ, ხოლო თქვენ კი სიტყვაძვირი და გულკეთილი ხართ.
ბელიკოვი
და თუ რთული ხასიათი მაქვს?
ვარენკა
ოჰ, მაშინ იტყვიან, რომ რთული ხასიათი გაქვთ, რადგან უაღრესად ინტელიგენტი ბრძანდებით. საერთოდ კი, ყველა დიდ ადამიანს რთული ხასიათი აქვს. გაიხსენეთ ლერმონტოვი, ჩაიკოვსკი, პეტრე დიდი.
ბელიკოვი
ივანე მრისხანე.
ვარენკა
დიახ, ისიც.
ბელიკოვი
რატომ მომყვებით ცოლად? მე ხომ არცერთი მათგანი არ ვარ.
ვარენკა
ჩემთვის ხართ.
ბელიკოვი
მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში. თქვენ თავად წარმოიდგინეთ და შეთხზეთ სასიყვარულო ამბავი თქვენთვის. თქვენ ნამდვილად დიდებული ადამიანი უნდა იყოთ, ადამიანი მდიდარი წარმოსახვით.