პოპულარული ამერიკელი დრამატურგი ვენდი ვასერშტაინი 1850 წელს ბრუკლინში დაიბადა. გოგონა 12 წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად მანჰეტენზე გადავიდა. 1971 წელს მან დაამთავრა  Mount Holyoke კოლეჯი, ხოლო შემდეგ შემოქმედებითი წერა შეისწავლა City College-ში. 1973 წელს სწავლა იელის უნივერსიტეტში სცენარისტის ფაკულტეტზე გააგრძელა. „ჩემმა მშობლებმა იმიტომ დამრთეს დრამის სკოლაში სწავლის ნება, რომ ის იელში იყო, იმედი ჰქონდათ, რომ იურისტს გავყვებოდი ცოლად.“

ვენდი  ვასერშტაინი მცირე ასაკიდან ხშირად ესწრებოდა ბროდვეის სპექტაკლებს და ძალიან უკვირდა, რომ სცენაზე ვერ ხედავდა თავის მსგავს პერსონაჟებს. „მახსოვს, დავდიოდი სპექტაკლებზე და ვფიქრობდი: „ძალიან მომწონს, მაგრამ რატომ არ არიან გოგონები სცენაზე?“ თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. მოგვიანებით კი, სწორედ მისმა პერსონაჟებმა შეავსეს ბროდვეის სცენა გოგონებით.

ვენდი ვასერშტაინის პირველივე პიესას „Uncommon Women“, რომელიც 1977 წელს Phoenix Theater-ში დაიდგა, დიდი წარმატება ხვდა წილად. მასში აღწერილი იყო კოლეჯის კურსდამთავრებულთა შეკრება, რომელიც ერთ-ერთმა კრიტიკოსმა შემდეგნაირად აღწერა: „სასაცილო და ირონიული სპექტაკლი, თუმცა,სიცილის მიღმა ახალგაზრდების დაბნეულობა და იმედგაცრუება იფარება იმ სამყაროს მიმართ,რომელიც კოლეჯის გარეთ დახვდათ.“

კარიერის დასაწყისში, ვენდი ვასერშტაინის განუზომელმა კომედიურმა ნიჭმა და მისი პიესების პოპულარობამ გარკვეულწილად გადაფარა ის პრობლემები, რომლის შესახებაც ის თავის პიესებში საუბრობდა. ერთ-ერთ ადრეულ ინტერვიუში ის ამბობს: „ხშირად ჩემს პიესებს მსუბუქ კომედიად აღიქვამენ და მე ყოველთვის ვფიქრობ: „ო, არა, თქვენ არასწორად გაიგეთ, ეს ფაქტობრივად პოლიტიკური აქტია.“ მისი პიესა ‘The Sisters Rosensweig’ დიდი წარმატებით დაიდგა ბროდვეიზე, რადგან „ის ქალმა ქალების შესახებ დაწერა.“ როდესაც ვენდიმ საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოებისთვის პრემია Tony მოიპოვა პიესისთვის “Heidi Chronicles,” ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს პრემია მიიღო.

ვენდი ვასერშტაინი პუბლიკამ გაიცნო, როგორც კომედიური ჟანრის დრამატურგი, მაგრამ ამას გარდა ის არის ღრმა რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის მწერალი. თავის პიესებში ის თავისი თაობის სახელით ლაპარაკობს და 1960 და 1970-იანი წლების ამერიკის პრობლემებს ასახავს. ვენდი ვასერშტაინი ძირითადად გონებამახვილ, განათლებულ, აქტიურ ქალებს ხატავს. მისი პიესები ეხება მთელი იმდროინდელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ქალების წინაშე მდგარ საკითხებს.  მას ამ კუთხით, ნამდვილ პიონერად მიიჩნევენ.

ვენდი ვასერშტაინი მაღალი პროფესიონალიზმით გვაჩვენებს, რომ, მართალია, მისი პერსონაჟი ქალები განათლებული და წარმატებულები არიან, მაგრამ აკლიათ საკუთარი თავის რწმენა და მარადიულ სიყვარულს ეძებენ. ისინი, რა თქმა უნდა, სიყვარულს ყოველთვის ვერ პოულობენ და თანაც, მათ დიდი სირთულით მოპოვებული თვითდაჯერება ხშირად უნელდებათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა აცნობიერებენ, რომ ამერიკელი ქალის ცხოვრებას საზოგადოება  უმეტესად  იმით აფასებს, მოახერხა თუ არა მან „სათანადო კაცის მოჩანგლვა“.

ვენდი ვასერშტაინისთვის, ისევე, როგორც მისი მრავალრიცხოვანი პერსონაჟებისა და ფანებისთვის, იუმორი წარმოადგენს საფარს, გარკვეულ საყრდენს ცხოვრებისეული იმედგაცრუებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ირონიის საშუალებით გამოხატავს ბრაზს სოციალური და კულტურული უსამართლობის მიმართ.

ვენდი ვასერშტაინის პიესები  დაიდგა და დღემდე დიდი წარმატებით სრულდება ამერიკის პოპულარულ თეატრებში, მათ შორის ბროდვეიზე. მას ასევე დაწერილი აქვს კინოსცენარები, რომელთა მიხედვით ჰოლივუდში ფილმებია გადაღებული.

1998 წელს, ნიუ-იორკის ახალგაზრდა თაობაში თეატრის  სიყვარულის დანერგვის მიზნით, ვენდი ვასერშტაინმა თავად შეიმუშავა პროგრამა, რომელიც სკოლის ხელმოკლე ნიჭიერი მოსწავლეების თეატრში მიყვანას ითვალისწინებდა. ამასთან დაკავშირებით, ის თავის ესეში წერდა: „რამდენადაც ვიცი, ყველა ნიუ-იორკერი დაბადებულია ხელშეუვალი უფლებით, იაროს ნიუ-იორკის მეტროთი, აღშფოთებით იყვიროს ‘Hey, lady!’ და რეგულარულად იაროს თეატრში. ბოლოსდაბოლოს, თუ ქალაქს გაუმართლა და მთელი თეატრალური უბანი აქვს, რატომ არ უნდა გაეცნონ ახალგაზრდები სცენურ ცხოვრებას? განა არ მოვიდა დრო, ნიუ-იორკი ამით სხვა ქალაქებისგან  გამოირჩეოდეს?“

ვენდი ვასერშტაინს მიღებული აქვს მრავალი პრემია და ჯილდო, მათ შორის გუგენჰაიმის სტიპენდია და პულიცერის პრემია დრამატურგიაში პიესისთვის „ჰაიდის ქრონიკები“.

პიესების გარდა, ვენდი ვასერშტაინს გამოქვეყნებული აქვს ესეების ორი კრებული, რომანი და საბავშვო ნაწარმოებები.

ვენდი ვასერშტაინი 2006 წელს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად ბროდვეი ნაწილობრივ ჩააბნელეს.

 

მთარგმნელისაგან

 

 

1 2 3 4 5 6 7 8