ვარენკა

მე ოცდაათი წლის ლამაზი გოგო ვარ. მართალი თქვით, მე არ ვარ ქალი. მე ჯერ არ ვარ ქალი, რადგან ეს პატივი აქამდე არ დამიმსახურებია. ვიდრე ჩემ ძმასთან აქ სტუმრად ჩამოვიდოდი, ჩემს ოჯახთან ერთად ფერმაში ვცხოვრობდი. წლები გადიოდა, მე კი სულ უფრო და უფრო ვახალგაზრდავდებოდი, რადგან დამეუფლა შიში, რომ არასოდეს გავთხოვდებოდი. ამის მიზეზი ის კი არ იქნებოდა, რომ არასაკმარისად ლამაზი ან სათნო  ვარ, არამედ იმიტომ, რომ არცერთ კაცს არ შემოუხედავს ჩემთვის ისე, რომ ჩემში ცოლი დაენახა. აქამდე ჩემში არცერთ კაცს არ დაუნახავს ქალი, რომელიც სახლში დაბრუნებულს დახვდებოდა. ვიდრე თქვენ გაგიცნობდით, მეგონა, ცხოვრებას ამაოებაში განვლევდი. მეგონა, უსასრულოდ მომიწევდა გამეორება: „იმიტომ არ გავთხოვდი, რომ არასოდეს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც შემიყვარდებოდა.“ მე თქვენ მუდამ მეყვარებით, ბელიკოვ, და მერწმუნეთ, დაგეხმარებით, რომ თქვენც გიყვარდეთ. ჩვენ ორივე ვიმსახურებთ იმგვარ ცხოვრებას, სხვებს რომ აქვთ. ჩვენ ვიმსახურებთ, არ ვიყოთ სხვებისგან  განსხვავებულები.

ბელიკოვი

მართალია. ჩვენც სხვათა მსგავსნი ვართ.

ვარენკა

მითხარით, რომ გიყვარვართ.

ბელიკოვი

მე თქვენ მიყვარხართ.

ვარენკა

(ბელიკოვის ხელს ხელში იღებს) ერთად ბედნიერები ვიქნებით. მე ძალიან ძლიერი ვარ. (პაუზა) ჩაის დროა.

ბელიკოვი

ჩაისთვის ადრეა. ჯერ ნახევარია.

ვარენკა

არაჟანი გაქვთ? გარგარი არაჟნით საშინლად გემრიელია.

ბელიკოვი

არაჟანი მეტისმეტად ნოყიერია ჩაისთან მისაყოლებლად.

ვარენკა

მაგრამ დღეს ხომ განსაკუთრებული დღეა! დღეს თქვენ  იასამანი ჩამიბნიეთ თმაში. ჩაინიშნეთ თქვენს წიგნაკში, რომ ყოველ წელს ამ დღეს არაჟნითა და გარგარით აღვნიშნავთ. ახლავე ჩემს ძმასთან გავიქცევი და არაჟანს მოვიტან.

ბელიკოვი

ნუ გავიწყდებათ, აქედან თქვენი ძმის სახლამდე მთელი მილია.

ვარენკა

არა, ამჯერად გაცილებით ახლოა – ჩემმა ძმამ თავისი ველოსიპედი მათხოვა.

ბელიკოვი

ჩემთან ველოსიპედით მოხვედით? ვინმემ დაგინახათ?

ვარენკა

რა თქმა უნდა! ძალიან გავხალისდი. ხომ გითხარით, ის ქალი ვნახე, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელი, მოსკოველი სიძე რომ ჰყავს, ღვთის მადლით, მდიდარი… და დირექტორის მეუღლეც შემხვდა.

ბელიკოვი

თქვენ ველოსიპედზე იჯექით და გზაზე დირექტორის ცოლი შეგხვდათ?

ვარენკა

დიახ. თავაზიანად გამიღიმა.

ბელიკოვი

გაიღიმა თუ გაიცინა?

ვარენკა

ოდნავ გაიცინა და მითხრა: „ჩემო ძვირფასო, როგორი პროგრესული ყოფილხართ, ველოსიპედს რომ ატარებთ“ თანაც დაამატა, თქვენ და თქვენმა საქმრომ ერთად უნდა ისეირნოთ ველოსიპედით, მაინტერესებს, მაშინ მაინც თუ გაიხდის თავის კალოშებსო.

ბელიკოვი

ასე თქვა?

ვარენკა

ის  მოხიბლულია თქვენით. ერთად ბევრი ვიკისკისეთ.

ბელიკოვი

ქალი, რომელიც ველოსიპედით დადის, შეიძლება დააპატიმრონ კიდეც. რა საერთო აქვს ველოსიპედიან ქალს  პროგრესთან, ამას რევოლუციის სუნი უფრო უდის, ვიდრე პროგრესის. თქვენმა ძმამ მკაცრად, საშინლად მკაცრად უნდა ადევნოს თვალი თქვენს ქცევებს. ის კი დაუდევარია, თანაც როგორი დაუდევარი – თავის ველოსიპედსაც კი გაძლევთ.

 

1 2 3 4 5 6 7 8