ვარენკა

რა მშვენიერი დღეა! ახლა თქვენს ბაღში ვართ, შეხედეთ, ვარდებიც  გაიფურჩქნა.

ბელიკოვი

ვარდებს ხოჭო ეხვევა.

ვარენკა

იცეკვეთ ჩემთან.

ბელიკოვი

რა მომთხოვნი ქალი ხართ!

ვარენკა

თქვენ თავად ამირჩიეთ. მარჯვნივ და.. ახლა მარცხნივ.  დატრიალდით. ახლა მარჯვნივ, ახლა მარცხნივ.

ბელიკოვი

ახლა დატრიალდით. ხელი მიბოძეთ. სკოლის თაგუნიასავით ცეკვავთ. რა მშვენიერი დღეა! ჩემს ბაღში ვართ. ვარდებიც გაიფურჩქნა.  დატრიალდით,  დატრიალდით. (ატრიალებს ვარენკას.)

ვარენკა

ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ დედამიწაზე!

ბელიკოვი ჩერდება.

ვარენკა

რატომ გაჩერდით?

ბელიკოვი

მინდა, თმაში იასამანი დაგიბნიოთ. ყოველი წლის ამ დღეს თმაში იასამანს დაგიბნევთ.

ვარენკა

ეს დღე გაგახსენდებათ ხოლმე?

ბელიკოვი

აუცილებლად. ახლავე ჩავინიშნავ. (უბიდან წიგნაკს იღებს.) ძვირფასო ბელიკოვ, არ დაგავიწყდეთ ეს დღე, როდესაც ახალგაზრდა ქალბატონი, თქვენი საცოლე, შემოვიდა თქვენს ბაღში, დაგირღვიათ სიმშვიდე და ვარდებში აცეკვდა. ამ დღეს, ყოველ წელს, მას თმაში იასამანი უნდა დაუბნიოთ.

ვარენკა

მიყვარხართ!

ბელიკოვი

ჩვენი შეხვედრა ორივესთვის ხელსაყრელი გამოდგა!

ვარენკა

მიყვარხართ!

ბელიკოვი

თქვენ ჯერ პატარა გოგო ხართ.

ვარენკა

ოცდაათი წლის ვარ.

ბელიკოვი

მაგრამ პატარა გოგოსავით აზროვნებთ. თუმცა, მე ვიტყოდი, ეს ერთობ მიმზიდველი თვისებაა.

ვარენკა

გიყვარვართ?

ბელიკოვი

ჩვენ ჯერ ოჯახის მართვაზე არ გვისაუბრია.

ვარენკა

მე ბრწყინვალე დიასახლისი ვარ. როდესაც გადიაჩსკში ფერმაში ვცხოვრობდით, ოჯახს მე ვუძღვებოდი. ჭარხლის სუფის გაკეთებაც ვიცი, პომიდვრითა და ბადრიჯნით. რომ იცოდეთ, რა გემრიელი გამომდის. საშინლად, უსაშინლესად გემრიელი.

ბელიკოვი

როგორც ვხედავ, ბევრი ლაპარაკი გყვარებიათ.

ვარენკა

რას ბრძანებთ, ბატონო ჩემო, ჩემი სუფი ნამდვილად გემრიელია.

 

1 2 3 4 5 6 7 8