ვარენკა

(ცდილობს, სიცილი შეიკავოს) კალოში გაგეჭედათ. (მთელი ხმით იცინის) ოჰ, რა სასაცილო ხართ. ვერც კი წარმოიდგენთ,  როგორ მიყვარხართ. (ბელიკოვს ადგომაში ეხმარება) ჩემო ფინია, როგორც ყოველთვის, ახლაც მართალი ხართ.  ჩაისთვის არაჟანი არ გვჭირდება.  პროგრესის შედეგი ყოველთვის მის მიერ მიყენებული საერთო ზარალის ერთ მერვედზე ნაკლები გამოდის.

ბელიკოვი

ჩაისთვის ჯერ ძალიან ადრეა, ვარენკა. მანამდე ორი სტროფის თარგმნა უნდა დავასრულო. ჩემი  ჩვეული დღის განრიგის მიხედვით ასეა.

ვარენკა

თუ ასეა, მაშინ, გიყურებთ, როგორ მუშაობთ.

ბელიკოვი

არა, უკვე არაჩვეულებრივად იკისკისეთ და საკმარისია!

ვარენკა

თუ ასეა, მაშინ, როცა თქვენ იმუშავებთ, მეც ვიმუშავებ. ჩვენს ქორწილში დასაპატიჟებელი სტუმრების სიას შევადგენ.

ბელიკოვი

არა, სამუშაოზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვკონცენტრირდები, როცა სახლში მარტო ვარ. ძალიან გთხოვთ, ვარენკა, სახლში წადით და ველოსიპედი თქვენს ძმას დაუბრუნეთ.

ვარენკა

მაგრამ, თქვენი დატოვება არ მინდა, შეხედეთ საკუთარ თავს, რა სევდიანად გამოიყურებით.

ბელიკოვი

სევდიანი კაცი არასოდეს ვყოფილვარ. და არც იფიქროთ, რომ ოდესმე სევდიანი ვიყავი.

ვარენკა

ბელიკოვ, ძვირფასო, მშვენიერი დღეა, ჩვენ თქვენს წარმტაც ბაღში ვართ, ვარდებიც როგორ გაიფურჩქნა.

ბელიკოვი

ნება მომეცით, ველოსიპედზე დაჯდომაში დაგეხმაროთ (ხელში ვარენკას ხელს იღებს, როცა ის  ველოსიპედზე ჯდება).

ვარენკა

ოჰ, რა ჯენტლმენი ხართ! ერთად წარმოუდგენლად ბედნიერი ვიქნებით.

ბელიკოვი

ჭეშმარიტად, თქვენ ისეთი ძლიერი ხართ, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, ვარენკა.

 

ვარენკა პედალებს ატრიალებს და მიდის. ბელიკოვი ბაღში მარტო რჩება, უბიდან წიგნაკს იღებს,  იქიდან ფურცელს ხევს, ნაკუწებად აქცევს და მთელ ბაღში მიმოაბნევს. შემდეგ თითოეულ ნაკუწს ფრთხილად იღებს, ყველას ერთ კონვერტში დებს, სინათლე თანდათან ქრება.

 

 

ინგლისურიდან თარგმნა

დალილა გოგიამ

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8