(დაფუძნებულია ა. ჩეხოვის იგივე სახელწოდების მოთხრობაზე)

 

მოქმედი პირები:

ბელიკოვი

ვარენკა

 

1898 წელი, პატარა ბაღი სოფელ მირონიცკში.

ბელიკოვი ბოლთას ცემს.

შემოდის აქოშინებული ვარენკა.

 

ბელიკოვი    

ვარენკა, ათი წუთი დაგაგვიანდათ.

ვარენკა

იცით, აქ რომ მოვდიოდი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცარი რამ მოხდა. მგონი, თქვენც უნდა იცნობდეთ ამ ქუჩის ბოლოს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელ ქალს. აი, იმას, სამუშაო დღეებში შავი პარიკი რომ ახურავს, შაბათ საღამოს კი ქერა. მას ერთი ქალიშვილი ჰყავს, მოსკოვში გათხოვდა და ინჟინერს გაჰყვა ცოლად. მისი ქმარი, ღვთის მადლით, შეძლებულია და ახლა, ღმერთმა დალოცოს ორივე, სამოთახიან აპარტამენტებში ცხოვრობენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის ინჟინერი ამქვეყნად ყველაზე მოსაწყენი კაცია. ერთადერთი, რაზეც  საუბრობს,  საკუთარი მომავალი და მისი ამჟამინდელი მდგომარეობაა. ჰო, რას ვამბობდი – როცა იმ ქალმა  გაიგო, რომ მე და თქვენ დაქორწინებას ვაპირებთ,  ეს კალათი გარგარით ამივსო და თქვენთან გამომატანა.

ბელიკოვი

დიდი სიკეთე გამოუჩენია!

ვარენკა

და თანაც მითხრა, ვარენკა, შენ  ჩვენ სოფელში ყველაზე საპატივცემულო კაცს მიყვები ცოლად, მთელ სოფელში ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია ღირსეულად ესაუბროს ჩემს სიძესო.

ბელიკოვი

არ მიყვარს გარგარი, ენას მისუსხავს.

ვარენკა

თუ ასეა, უკან დავუბრუნებ. დარწმუნებული ვარ, მისთვის რომ მეთქვა, რომ გარგარი პირს გისუსხავდათ, კალათს ქიშმიშით ამივსებდა, ან ტკბილეულით.

ბელიკოვი

მე არც იმ ქალს ვიცნობ და არც მის პომპეზურ სიძეს,  ჩემთვის ტკბილეულს რად გამოგატანდათ?

ვარენკა

ის კი გაღმერთებთ!

ბელიკოვი

მგონი, თავის ემოციებს ვერ მართავს.

ვარენკა

ის თქვენ თქვენი რეპუტაციის გამო გაღმერთებთ. თქვენი რეპუტაციის გამო ყველა გაღმერთებთ. მე ყველას ვეუბნები, რომ ამ მხარეში საუკეთესო მასწავლებელი, ბელიკოვი ჩემი  საქმროა-მეთქი.

ბელიკოვი

ამას ყველას ეუბნებით?

ვარენკა

რა თქმა უნდა ვეუბნები, თუ თვითონ არ დამასწრეს.

ბელიკოვი

არა მგონია, ამპარტავნება დიდად ამკობდეს ადამიანს.

ვარენკა

ეს ამპარტავნება კი არა, ჭეშმარიტებაა. თქვენ დიდებული ადამიანი ხართ.

 

1 2 3 4 5 6 7 8