1.

მიყვარხარ მე შენ თუ არ მიყვარხარ,
მივდივარ და ვტოვებ ჩემს უკან
წინ შემომხვედრ მისამართებს დასაკარგავად….
და ველოდები უკანვე მომსვლელთ;
იციან ჩემი სიკვდილის ჟამნი
და ბრუნდებიან.

შენ, რომელიც არ მიყვარხარ,
როცა მიყვარხარ,
ბაბილონის გოდოლი
ვიწროა დღისით და ფართოა შენი თვალები.
სახე შენი მზის სხივებში გადაფურჩქნულა.
თითქოს ჯერ არ დაბადებულხარ, ჯერ ერთურთს არ დავშორებივართ. ჩემთან ბრძოლა არ დაგიწყია…
და თავთავთა ზედაპირებზე
ყოველი სიტყვა ლამაზია,
და ყოველი შეხვედრა – გაყრა…
ჩვენ შორის სხვა არარაა ამ შეხვედრის გარდა,
შვენ შორის სხვა არარაა ამ გაყრის გარდა.

მიყვარხარ მე შენ თუ არ მიყვარხარ,
გამირბის ჩემი შუბლი და
ვგრძნობ, რომ
არაფერი ხარ
ან ყველაფერი
და რომ ღირხარ დასაკარგავად…

მსურხარ მე შენ თუ არა მსურხარ,
ნაკადულების ჩქროლა ჩემი სისხლით ანთია.
მე კი ერთ დღესაც გნახავ და წავალ,
შევეცადე იმ საგანთა გულწრფელობის შემობრუნებას,
რომლებიც გაქრნენ
და მოვახერხე.
შევეცადე, მეამაყა იმ თვალებით,
ყოველი შემოდგომისათვის რომ ფართოვდება
და მოვახერხე.
და შევეცადე,
დამეხატა სახელი,
ზეითუნს რომ შეჰფერის,
ღობის გარშემო
და მნათობი ამოკიაფდა.

მსურხარ, როცა გეუბნები, არ მსურხარ-მეთქი.
სახე წვეთ-წვეთ დამცვივდა ქვემოთ. მდინარე არის შორს.
მიდნება ტანი. და ბაზარში გაყიდეს ჩემი
სისხლი,
როგორც შეჭამანდი კონსერვის ყუთში.

მსურხარ, როცა გეუბნები, მინდიხარ-მეთქი.
ქალი, რომელმაც ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაიდე მკერდზე
და აზიის წალკოტები მხრებზე მოისხი
და მთათა ყველა ჯაჭვი – შენს გულში.

მსურხარ მე შენ თუ არა მსურხარ,
ნაკადულების რაკრაკი, ფიჭვის შრიალი,ზღვების ღმული და ბულბულთა ფრთები
ჩემს სისხლში გიზგიზებს. ერთ დღესაც,
აი, გნახავ და წავალ!

გიმღერო თუ არ გიმღერო.
ვდუმდები, ვყვირი.
არც ყვირილის დრო არის, არც დუმილის ჟამი.
და ერთადერთი ყვირილი შენ ხარ
და ერთადერთი შენ ხარ დუმილი.

კანი ხორხზე შემომეკრა,
ჩემი სარკმლის ქვეშ გადის ნიავი
და წყვდიადი ყოვლად უდროოდ,
მაშინ, როდესაც
ჩემი მხრებიდან
ძირს ეშვებიან სამხედროები,
ცოტას დავწერ
და მაშინ, როცა სამხედროები მუხლებიდან მომშორდებიან,
ცოტას გავივლი
და როდესაც ჩემს თვალსაწიერს გადაივლიან სამხედროები,
დაგინახავ
და ხელახლა ვხედავ ჩემს ტანსაც.

გიმღერო თუ არ გიმღერო?
შენ ერთადერთი სიმღერა ხარ და შენ თვითონ მმღერი.
თუნდაც ვდუმდე,
შენ ხარ ერთადერთი დუმილი.

 

1 2 3 4 5 6 7 8