7. 

ფინიკის ჩრდილი და უკანასკნელი თავგანწირული. და ტრანზისტორი აგზავნის სურათს, აუდიოს, შეყვარებულთა მდგომარეობის შესახებ ყოველდღე.

მიყვარხარ შემოდგომითაც და ზამთარშიც.

ნუ ტირი, ჰაიფა! შენ ტირი, ჩვენ კი არ გვავიწყდება წვრილმანები

ქალაქისა, რომელიც იყო ქალი, იყო წინასწარმეტყველნი.

ზღვა? – არა. ზღვა არ შემოდის ამ სახით ჩვენს სახლებში.

სამი ფანჯარა ჩაიძირა, მაგრამ ბანები იკლაკნებიან ხმელი ბალახითა და ზეცით.

გამოვეთხოვე ჩემს ციხის ზედამხედველს,

რომელიც იყო ბედნიერი

იაფი ომით.

ო, სამშობლოვ მიხაკის და რევოლვერისა, არ ყოფილა დედა ჩემთან

და წავედი შენს საძებნელად დროისა და ტრანზისტორს მიღმა. მამსხვრევდა შენი სახე და მტოვებდა ბდღვირად.

სიტყვა იყო მცდარი და დუმილი ნეგატიური და თვითმკვლელები,

რომელთა ვნებიანი წადილი სიკვდილისა ღამით მიდიოდა შენს ხეობაში.

იყო სიკვდილი შეხსენება შენს ხელში მოხვედრისა. ტირილს თაკილობდი.

და მოგონებები უცხოთა თვითშეგნებაა ხანდახან, მაგრამ დრო უწვება ხსოვნას და

შობს ლტოლვილებს და მიდის წარსული და ტოვებს მათ უმეხსიერებოდ.

გავიხსენოთ და… რა? თუკი, ვიტყვი, დიახაც! – განა შენზე ყველაფერს გავიხსენებთ?

და რა? თუკი ვიტყვი: დიახაც! – მაშინ, როცა ამ სამყაროში მოსამართლენი ძლიერებს მონებენ.

ყველა ჩემი ფანჯრიდან მოვისროლე მოგონებები საზამთროს ქერქივით და

წამოვწექი ფიჭვის პირდაპირ, თანალმობაში (ბრწყინავდნენ წვიმები შორეულ ქვეყანაში და გოგონები დაბინდულ ქლიავს კრეფდნენ).

და მოგონებები ელვასავით დამიდიან ტანში და მაბრუნებენ

შენთან… შენთან. სიკვდილიც მოგონებებსა ჰგავს. ორივენი

მოდიან შენთან… შენთან, სამშობლოვ, სამყაროს ყველა ხმალსა და ცის კიდეს შორის რომ მიმოირწევი.

ფინიკის ჩრდილი და უკანასკნელი თავგანწირული. და ტრანზისტორი აგზავნის სურათს, აუდიოს, შეყვარებულთა მდგომარეობის შესახებ ყოველდღე.

მიყვარხარ შემოდგომითაც და ზამთარშიც.

 

1 2 3 4 5 6 7 8