2.

ამ დღეებში თავს ვგრძნობ
გადამხმარად,
წიგნებიდან ამოზრდილი ხესავით
და ქარი
მიმდინარე საკითხია.

შევებრძოლო თუ არ შევებრძოლო?
საკითხავი სულაც არ არის.
მთავარია, ჩემი ხორხი იყოს ძლიერი.
ვიმუშაო თუ არ ვიმუშაო?
არც ეს არის საკითხავი,
მთავარია, დავისვენო რვა დღეს კვირაში,
პალესტინის დროის სარტყლის შესაბამისად.
სამშობლოვ, გამეორებულო სიმღერებსა და სამსხვერპლოებში,
მიმასწავლე სიკვდილის წყარო –
ხანჯალია
თუ ტყუილები?

რათა მახსოვდეს ის, რომ ჭერი მაქვს დაკარგული,
საჭიროა, ვიჯდე ცივ ქვაზე, უქონლობაში
და იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის სუფთა ნიავი არ დამავიწყდეს,
საჭიროა, ვისუნთქო ჭლექი.
რომ მახსოვდეს სითეთრეში მცურავი შველი,
საჭიროა დავიხუნძლო მოგონებებით.
და იმისთვის, რომ არ დამავიწყდეს,
რომ ჩემი მთები არის მაღალი,
საჭიროა, რომ ქარიშხალს დავუხვდე შუბლით.
და იმისთვის, რომ ჩემი შორი ზეციური სამფლობელო შევინარჩუნო,
საჭიროა, არ გამაჩნდეს ჩემივე ტყავიც.

სამშობლოვ, გამეორებულო სამსხვერპლოებსა და სიმღერებში,
აეროპორტ-აეროპორტ რატომ გიტაცებ,
როგორც ჰაშიშს,
ხმელთაშუა ზღვას
და გადასაგზავნ აპარატს.

მინდა, დავხატო შენი სახე
ჩაკარგული ქაღალდებსა და სიურპრიზებში,
მინდა, დავხატო შენი სახე
გაფრენილ ჭურვის ნამსხვრევებსა და ჩიტების ფრთებზე.
მინდა, დავხატო შენი სახე
და ზეცამ ელვით წამართვა ხელი.
მინდა, დავხატო შენი სახე,
ქარისა და ხანჯლის ალყით შემოგარსული,
მინდა, დავხატო შენი სახე,
რომ ჩემი სახე ვიპოვო შენში.
და აჰა, ბრალად მედება მე აბსტრაგირება, საბუთების გაყალბება
და მზიური სურათები
მომწყვდეულია ქარის ალყაში.

სამშობლოვ, გამეორებულო სიმღერებსა და სამსხვერპლოებში,
როგორ იქცევი ვარდისფერ სიზმრად
და იპარავ გაოგნებას,
რომ ქვად დამტოვო,
ეგების, შენ შენს მიმოქცევაში
საუკეთესო ოცნება ხარ
და ეგების, კიდევ უფრო ხარ მშვენიერი.

არაბთა ისტორიას
არ შემორჩება სახელი,
რომელსაც ფსევდონიმად ვირჩევ,
რომ შემოვძვრე შენს საიდუმლო სარკმლებში. არა.
ყველა საიდუმლო სახელი
წინასწარ არის დაჯავშნული
ვინტილაციის მობილიზაციის შტაბებში.
და მიიღებ ჩემს სახელს?
ჩემს ერთადერთ საიდუმლო სახელს,
მაჰმუდ დარვიშს?
რაც შეეხება ჩემს ნამდვილ სახელს,
ის მე ხორციდან ამაწიწკნეს
პოლიციის ჯალათმა
და ქარმალის ალვამ.

სამშობლოვ, გამეორებულო სამსხვერპლოებსა და სიმღერებში,
მიმითითე სიკვდილის წყარო:
ხანჯალია
თუ ტყუილები?

 

1 2 3 4 5 6 7 8