5. 

განა ყოველთვის, როცა კი ღრუბელი კედელზე ჩერდებოდა,
მისკენ მიფრინავდა ჩემი შუბლიც, როგორც ჩალეწილი ფანჯარა,
და მავიწყდებოდა, რომ მე მითვალთვალებს დავიწყება
და ვკარგავ ჩემს მეობას,
მეც ისევე ვექვემდებარები აფეთქებას,
როგორც ქალწულობა.

და როგორ განივრცოს ჩემი თვალები მოციქულთა უფრო მეტი სახეებისათვის?
წამომყევით, ზღვებო, რომელთა ფერიც კაეშანს აღვივებს,
რათა გიჩვენოთ სულ სხვა ყავარჯენი.
მეც ისევე ვექვემდებარები აღტაცებას,
ვით აღმოსავლეთი.

მე ვარ ვითარება, რომელმაც დაკარგა თავისი ვითარება,
მაშინ, როცა ღრიალს თავი მიანება.
განა დაარქმევთ გრგვინვას გვრგვინვას და ელვას ელვას,
თუ გაქვავდება ხმა და ფერი გადასახლდება?
განა ყოველთვის, როცა კი ჩემი ტყავიდან გამოვედი
და ადგილის სიშორიდან,
გამრავლდა ჩრდილი და ზედ გადამეფარა.
განა ყოველთვის, როცა ჩემი ქარები ქვიშაზე მივუშვი
დავიწყებულ ნაღვერდალთა საძებნელად,
ვერაფერი ვპოვე ჩემი ძველი სახის გარდა,
რომელიც დედაჩემის ცხვირსახოცს შევატოვე.

მეც ისევე ვექვემდებარები სიკვდილს,
როგორც მეხის დაკვრა.

 

6.

ჩემი ქვეყნის ხეები სიმწვანეში ოსტატდებიან,

მე კი მოგონებებში ვოსტატდები.

უდაბნოში გამქრეული ხმა

ზეცისაკენ აუხვევს და მუხლს მოიყრის.

ღრუბლებო! დაბრუნდებით?

არც ისეთი ნაღვლიანი ვარ,

მაგრამ არ უყვარს ბეღურები იმას,

ვინც ხეს არ შეიცნობს.

და არ უყვარს მოულოდნელობა იმას,

ვინც ტყუილს მიეჩვია.

არც ისეთი ნაღვლიანი ვარ,

მაგრამ არ იცნობს ტყუილს იგი,

ვინც არ იცნობს ძრწოლას.

არც ისეთი მობუზული ვარ,

მაგრამ ხეები არიან მაღლები.

ქალბატონებო, ქალიშვილებო და ბატონებო,

მე მიყვარს ბეღურები

და ვიცნობ ხეებს.

მე ვიცნობ მოულოდნელობას,

რადგან არ ვიცი ტყუილები.

მე ბასრი ვარ, როგორც ჭეშმარიტება და სატევარი

და ამიტომაც გთხოვთ:

გაუხსენით ბეღურებს ცეცხლი,

რათა აღგიწეროთ ხეები,

შეაჩერეთ ნილოსი,

რომ აღვწერო კაირო,

შეაჩერეთ ტიგროსი, ევფრატი ან ორივე,

რომ აღვწერო ბაღდადი.

შეაჩერეთ ბარადა,

რომ აღვწერო დამასკო.

და შემაჩერეთ,

როდესაც ვსაუბრობ,

რომ აღვწერო ჩემი თავი.

 

1 2 3 4 5 6 7 8