I ნაწილი

 

მონგოლებმა ბაღდადი რომ აიღეს და წიგნები მდინარეში გადაყარეს, ევფრატზე რამდენიმე დღე მელანი მიედინებოდა…

1924 წელს, მაშინდელ ლენინგრადში, გამომცემლობა „რადუგას„ გრიფით გამოდის სამუილ მარშაკის „Книжка про книжки“. წიგნი სერგეი ვასილევიჩ ჩეხონინმა გააფორმა. ეს ის ჩეხონინია, ე.წ. „აგიტაციური ფაიფური“ რომ გამოიგონა. „მირისკუსნიკების“ მეორე თაობას ეკუთვნოდა ჩეხონინი, ნარბუტთან და მიტროხინთან ერთად. მისი შრიფტებიც საყოველთაოდ იყო ცნობილი. პუშკინის „მოცარტი და სალიერის„ ყდა დღემდე რჩება 1910-იანი წლების რუსული გრაფიკის ეტალონად. „ზღაპრული ანბანიც“ მახსენდება… და, რასაკვირველია, განთქმული „თეატრალური ალფავიტიც“… ჩეხონინის „წიგნი წიგნის შესახებ“ კი იმიტომაც გამახსენდა, რომ ეს წიგნიც, მკითხველი (თუ მაყურებელი) რომ გადაშლის, წიგნის შესახებაა; წიგნი _ წიგნის შესახებ; ქართული წიგნისა და ქართული ნახატი შრიფტის შესახებ…

 

* * *

ხელოვნებათა სინთეზის სფეროა წიგნის ხელოვნება. წიგნი ქანდაკებასაც ჩამოჰგავს და – არქიტექტურასაც… არქიტექტურისა არ იყოს, წიგნიც დროში იკითხება. ფურცლიდან ფურცლამდე ვმოძრაობთ წიგნში… ამ მოძრაობას თავისი დრო აქვს; თავისი სივრცე და ქრომატული აკორდიკაც… წიგნი ლიტერატურული ნარატივის ხილული ხატია; და ეს ხატიც კაზმული სიტყვის ბუნებას ასახავს. ტექსტის ხანიერების დასაბამსაც და ფინალსაც… წიგნის (გადა)თვალიერებაც კი მისი პერლუსტრაცია – უკვე მოგზაურობაა; თუნდაც, ყარიბობა ტექსტში. ანდა, ტიმოთე გაბაშვილი მახსენდება – „მიმოსლვა“… მიმოსვლა იგი ტიტულიდან იწყება. და ასე მოვივლით მთელ წიგნს… ბოლოს დასასრულის ჟამიც დგება. წიგნის ბოლო გვერდი რაღაცნაირი სევდითაც გვავსებს და ახლის მომლოდინე ფიქრებითაც… მიიწურება ერთი ფურცლოვანი თემშარა და იწყება მეორე – ახალი… სტრიქონები კი რბიან, „როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები“…

რბიან… რბიან… და ბოლოს, ჩერდებიან. ასევე რჩება წიგნიც ჩვენს მოგონებად… სტრიქონთა ჰორიზონტალებსა და დიაგონალებში დაუნჯებულ მოგონებად… წიგნი ლიტერატურული ტექსტის გამოსახულების ველია; თავისი მაკეტით, გარეკანით, შრიფტით, ილუსტრაციებით… და ყოველივე ეს სიბრტყეზეა განლაგებული: განყენებული და აბსტრაქტული შრიფტიდან – კონკრეტულ ილუსტრაციებამდე სიბრტყეზეა განფენილი… ამასწინათ სანკტ-პეტერბურგის ელიტარული გამომცემლობის – „Редкая Книга“ – კატალოგი ვნახე. საოცრებაა! ეს წიგნები ნამდვილი არტეფაქტებია; უნიკალური არტეფაქტები. „გილგამეში“ თიხის ყდაშია ჩასმული; ძველი ელადის პოეზია – მარმარილოში; ლერმონტოვის „Герой нашего времени“ _ პორუჩიკის ნამდვილ მწვანე მუნდირში; თავისი წითელი სარჩულით. რა ფუფუნებაა! ეს წიგნები აღარცაა – უფრო წიგნთა მემორიალებია; წიგნთა მონუმენტები… ძველი ქართული (მათ შორის, „ძველი ქართული საბჭოთა“) წიგნიც მემორიალია უკვე… და მისი მოგონებაცაა, როგორც ადრე იტყოდნენ, „წინამდებარე წიგნი“; წიგნი – წიგნის შესახებ. ასე ვიგონებთ ჩვენი ბებია-ბაბუებისა თუ მშობლების, ანდა ჩვენივე ბავშვობის წიგნებს… წიგნებს, თავიანთი ნოსტალგიური სუპერყდებით, ავანტიტულებითა და შმუცტიტულებით, საზედაო ასო-ნიშნებით, თავსართ-ბოლოსართებითა და ილუსტრაციებით; ილუსტრაციებზე წაფენილი პერგამენტებით; გნებავთ, ყუის თავსა და ბოლოში მიწებებული ნაირფერი მარლის „ბაფთებით“… ეგ კი არა, თავადაც ამიკინძავს მინიატურული წიგნი… ჟურნალი გამოდიოდა საბჭოთა კავშირში – „Полиграфия„ ერქვა. ძვირფას ქაღალდზე იბეჭდებოდა და ბეჭდვაც ხარისხიანი იყო. ხომ უნდა ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, როგორი სანიმუშო პოლიგრაფიული მრეწველობა იყო მძლეთამძლე ზესახელმწიფოში?! ჰოდა, ამ ჟურნალში იყო ჩანართი – წინასწარ დამაკეტებული მოდელი, რომელიც თავად უნდა გექცია წიგნად. ასე ავკინძე პუშკინი და ახმატოვა, ნაბოკოვი და პასტერნაკი… გუტენბერგის პირველი სტამბური გამოცემების კატალოგიც შემომრჩა… ეს კუსტარული „წიგნაკები“ ახლაც მაქვს შემონახული.

 

* * *

 

      დღემდე 1961 წელს გამოცემული ერთტომეულით ვკითხულობ ვაჟა-ფშაველას. ლადო გრიგოლიასეული გაფორმებით… წიგნი ამ უებრო გემოვნების ოსტატისთვის არა ყოფილა მხოლოდ შემკობის ხელოვნება. ეს იყო პროცესი წიგნის ფორმის მშობიარობისა; წიგნის ფორმისა, ფორმატის კომპოზიციებით… აი, წიგნის მთელი (გინ)ეკოლოგია… და აღქმის მთელი ჰიგიენა, რომელიც ერთნაირად სჭირდება საბავშვო წიგნსაც და ენციკლოპედიასაც… ამ „ჰიგიენას“ იყო, რომ იცავდა გრიგოლ ტატიშვილი.
მისი ბაროკალური „შრიფტი“ ახლაც გვხიბლავს თავისი, ცოტა არ იყოს, ნაივური ესთეტიზმით. ხეზე გრავირებული თავსართი (ანდა, ტატიშვილისეულად _ „საზენაო“) ასოები იაკობისეული „დედა ენისა“ თუ „ბუნების კარისათვის“ (ნურც „Русское слово“-ს დავუკარგავთ!) შეთხზული, ორნამენტული გრაფიკის პიონერული ნიმუშებია. ტატიშვილის ხელოვნების გვირგვინს – 1888 წელს გამოცემულ, ქართველიშვილისეულ „ვეფხისტყაოსანს“ რაც შეეხება, ამ რარიტეტისათვის მხატვარმა უკვე თავსართ ასოთა მთელი თეატრი წარმოგვიდგინა და ისიც მორთულობათა ანსამბლში ჩართო. ვიღას ახსოვს მიხეილ ყიფიანი? არადა, სწორედ მას ეკუთვნის შრიფტი, ძველად „ვენურს“ რომ ეძახდნენ და იმდენად მასობრივი გახდა, რომ „ჩვეულებრივი გარნიტურის“ სახელითაც კი დამკვიდრდა ჩვენს „შრიფტულ მეურნეობაში“. 1922 წელს თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთტომეული დაისტამბა. წიგნი იოსებ შარლემანმა გააფორმა. ყდასა და ტიტულში აშკარად იგრძნობა „გადამთიელი“ მაესტროს პიეტეტი ძველქართული ხელნაწერი ფოლიანტებისადმი. ქართული შრიფტი ყოველგვარ სემანტიკურ წიაღსვლებს მოკლებული სტილიზაციით იყო წარმოდგენილი. ერთი წლის შემდეგ შარლემანის მოწაფე ლადო გრიგოლია თეიმურაზ I-ის თხზულებათა გაფორმებას მოჰკიდებს ხელს და სწორედ აქედან იწყება მისი პილიგრიმობა ქართულ შრიფტთან. 1935 წელს გრიგოლია კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცებას“ აფორმებს; ორი წლის შემდეგ კი, ლადო ქუთათელაძესთან ერთად, „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემას ანდობენ. უხსენებელ 37-შივე გრიგოლიას „ვეფხისტყაოსნის“ ვახტანგისეული გამოცემისათვის ავალებენ შრიფტის შექმნას. გრიგოლიასეული შრიფტი არასოდეს არაა სტილიზაცია – ეს არსებითად პირველ ქართულ ნაბეჭდ წიგნთა სინთეზია XVII-XVIII საუკუნეთა ხელნაწერი წიგნების კალიგრაფიასთან. 1612 წელს რომ „დაიბეჭდა სტამბაში პირველ“ ვახტანგ VI-ის გამოცემული წიგნები, მათი შრიფტი სწორედაც იმ ხელნაწერთა პროტოტიპებს ეფუძნებოდა. აი, გრიგოლიამ კი ორივე პროტოტიპი – ქართული ხელნაწერიცა და პირველსტამბურიც, სტილურ (და არა სტილიზატორულ) ქურაში გადაადნო და შექმნა „ქართული აკადემიური შრიფტი და მისი 369 ვარიაციათა სისტემა“. ქართული წიგნის ხელოვნების ნამდვილი არისტოკრატი იყო ლადო გრიგოლია; დიდი ანალიტიკური გაქანების მხატვარი, რომელმაც პირველად დაუმორჩილა შრიფტი გრაფიკული პლასტიკის ორგანულ ბუნებას; ოსტატი, რომელმაც ქართული ანბანის არტისტული ინტერპრეტაციის ისეთ კოდს მიაგნო, როდესაც ასო-ნიშანთა დეფორმაცია წიგნის, როგორც სახილველის ვიზუალურ რიგს უშუალო „წაკითხვის“ საგნად აქცევს. მერე ამ „საგანშივე“ ჩააწნავს ქართული შრიფტის სემანტიკის თანშობილ დეკორატიულ ექსპრესიასაც და სიბრტყულ, სივრცულსა და რიტმულ პოზიციებსაც. ლადო გრიგოლიას ასო-ნიშნური (გან)რიგი საგნობრივად წარმოსადგენი „წინადადებების“ დაუვიწყარი ფეიერვერკია. გრიგოლია წიგნს პირველ რიგში გვაწვდის, როგორც ცოცხალ სხეულს; ამ სხეულის სახსრებია ყდაც, ტიტულიც, შრიფტიც… პლასტიკურ ფორმულებამდე დაყვანილი გრაფემები. „ლადო გრიგოლიას წიგნის“ გზამკვლევი ყდა და ტიტულია. ყდა იცავს ტექსტს გარე სამყაროსაგან; ყდას შეჰყავს წიგნის პირველად მხილველი მის შინაარსში.
ყდა წიგნის უვერტიურაა. ამ გაგებით, ყდა გააზრებული ნიშანია, სადაც ფერი, ნახატი თუ კომპოზიცია შინაარსს უნდა შეესატყვისებოდეს. ყდა მოცემული წიგნის გამოცნობისა თუ დამახსოვრების სიგნალიცაა. ტიტული კი, პასპორტია წიგნისა _ მისი „საცნობარო“ ელემენტი. თუმცა, ტიტულით სულაც არ ვანსხვავებთ ერთ წიგნს მეორისგან; ტიტული ყურადღების გამახვილებაზე არაა გათვლილი. ეს ყდის ფუნქციაა. ტიტული წიგნის ტიპიზაციას მოასწავებს; ყდა კი – ინდივიდუალიზებას… „გრიგოლიას წიგნის“ ყოველი გვერდი, ყდა-ტიტულით დაწყებული, კარგად ტემპერირებული კლავირივით“ იკითხება. არადა, სწორედ ეს „ტემპერირება“ გვესაკლისება გრიგოლიასთან – აფილირებულ, თავისთავად კარგ ოსტატებთან. დახვეწილი გემოვნება და მხატვრული ტაქტის გრძნობა არ აძლევს ნებას მაესტროს, იაფფასიანი სტილიზაციისა თუ უთავბოლო ამალგამების უკიდურესობაში გადაეშვას. სხვათა შორის, ქართველ მწერალთა გრიგოლიასეული სახეებიც მათი სახელებივით „იკითხება“ – აკაკი, ვაჟა, გრიგოლ ორბელიანი… გრიგოლიასთვის წიგნის გაფორმების კამერტონი მაინც შრიფტია – სკულპტურულად აღსაქმელი, მოცულობითი ლიტერებიცა და მათი სიბრტყობრივი მოდულაციებიც ერთ თარგზეა გამოჭრილი… ამიტომ დაუდო გრიგოლიამ სათავე ქართულ გრაფიკულ ლიტერ-ატურას; „ლიტერიდან“ არ მოდის ლიტერატურა?! და ქართული სიტყვაც – „წიგნი“ კორნელი კეკელიძისამებრ, ბერძნული „სიგნუსიდან“ არ მომდინარეობს?! ეს „სიგნუსის ხელოვნება“ ვისთვის შემოქმედებითი ანტრაქტისას „პურის ფულის“ შოვნის საშუალება იყო და ვისთვის – მთელი რიტუალი წიგნთან – ქართულ წიგნთან და ქართულ სიტყვასთან შეხებისა. სიტყვას კი, დაწერილ (და დაბეჭდილ) სიტყვას, სხვა წონა აქვს. და ამ წონას ბევრწილად განაპირობებს ასო-ნიშანთა გარეგანი „კალოსიც“ და მისი პლასტიკური „მელოსიც“… ანუ სილამაზეცა და ტკბილხმოვანებაც… ასეა, ასო-ნიშანს თავისი „სონორული აკორდიკა“ აქვს; თავისი მეტაგრაფემული „მუსიკობანი“… წიგნი გამოცხადების სიმბოლოა; წიგნი ინიციაციის ინსტრუმენტული ხატია. ამგვარი ინიციაციაა რეპრეზენტირებული იეზეკიელთან. წარმოუდგენლად პარადოქსული მოთხოვნაა ამ „წიგნში“: წიგნის (გრაგნილის) საკრალურ საზრისთან მისაახლებლად უნდა… შეიჭამოს! ამ ინიციაციის მეტაფორიკა აპოკალიფსშიც მეორდება. იგულისხმება პასაჟი (10. 9,10), რომლის მიხედვითაც იოანე ღვთისმეტყველი მიეახლება ანგელოზს და წიგნს სთხოვს. ანგელოზი კი მიუგებს: აიღე და შეჭამე იგი; და გაგიმწარებს მუცელს, მაგრამ პირში იქნება თაფლივით ტკბილი. ეს ინიციაციური მეტაფორიკა ბიზანტიურ მწერლობაში ახალი ვარიაციებითაა გამდიდრებული. „რომანოზ მელოდოსის ცხოვრებაში“ უხმო და უსმენო გმირი შესვამს (sic.) რა ღვთისმშობლის მიერ შემოთავაზებულ ქარტიას, სასწაულებრივ შეიძენს ტკბილხმოვანების ნიჭს.

1 2 3 4 5 6 7 8 9