„პოეტი-მილიციონერი“ საბჭოური პოეტური მითოლოგიის დიმიტრი პროგოვისეული ტრავესტიაა. თავის ეპატაჟურ ციკლში ეს რადიკალური პოსტუტოპიური ოპოზიციონერი პოეტური სიტყვის ძალაუფლებას ხელისუფლების სიტყვასთან აიგივებს და მილიციონერის ფიგურას მაცხოვრის ფიგურად მოგვივლენს. ახლა, კიდევ ერთი მემუარული ნარატივი: 80-იანი წლების დასაწყისში სურათების გალერეაში ქართული წიგნის მხატვრობის გალა-გამოფენა გაიმართა. გამოფენა მხატვართა კავშირის პლენუმზე „განიხილეს“. ჯერ კიდევ სტუდენტი ამ პლენუმზე აღმოვჩნდი. მომხსენებელი დუდა გაბაშვილი იყო. ბევრი კოლეგა აქო; ზოგიც მსუბუქად გაკენწლა; ერთობ მკვახედ მოიხსენია ნათელა იანქოშვილის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები; დარბაზს ნასიამოვნებმა ღიმილმა გადაურბინა. ერთადერთი, ვინც მხატვარი ქალი დაიცვა, მისი მწერალი მეუღლე (და მენეჯერი) იყო. საპასუხო სიტყვაში გამოსულმა, იქით სცადა გაბაშვილის გაფორმებული ილია ჭავჭავაძის ორტომეულის ყდის გაკილვა და მისეული შრიფტი კბილის პროტეზსაც შეადარა. არ ტყუოდა დუდა გაბაშვილი იანქოშვილთან. კულტურული კაცი იყო; ხელიც კარგი ჰქონდა, თვალიცა და გემოვნებაც; რაც მთავარია, ხატვა იცოდა, თუმცა, დამოუკიდებელი ავტორი არასოდეს ყოფილა. სწორად „ანაწილებდა“ როლებს, თუმცა, როგორც ილუსტრატორი, არ მონაწილეობდა ამ წარმოდგენაში. ქანდაკებასაც მოუსინჯა კბილი – დავით კაკაბაძის რესპექტაბელური პორტრეტი გამოძერწა (სხვათა შორის, ბოლო დროს ყუბანეიშვილიც „გაიტაცა“ ქანდაკებამ). გენდერული ბალანსი რომ არ დავარღვიო, ერთ მოკრძალებულ მხატვარ ქალს – ბელა ბერძენიშვილს გავიხსენებდი. მისი საყმაწვილო ილუსტრაციების ერთიანი ფერადოვან-ფეერიული ხილვით მოფარდაგებული კონსტრუქციები ემბლემატურადაც გამომსახველია და ტექნიკურადაც გამართული. ბელა ბერძენიშვილის საგულდაგულო ტეხნე აბაკელიასთან ასოციაციებსაც აღძრავს: პასტელის მუქ სუბსტიტუტზე ტემპერით, გუაშითა თუ აკვარელით დატანილი ლბილი ფაქტურული ფენები და მათზე ამოგვირისტებული ნახატი ტონალურად შიგნიდან ანათებს და სტილური პრივატიზაციის პლებეური ამბიციებისაგან განრიდებული, სადად და გემოვნებით წარმოგვიდგენს საამო სანახაობას. აი, ლალი ზამბახიძეს კი მამრის ხელი აქვს. გაბედული, პლასტიკური ნებელობით აღსავსე, წონიანი და იმავდროულად ტრანსპარანტულობით გამორჩეული მისი ოპუსები ორიგინალის ნარატიულ ქარგასაც მიჰყვება და ტექსტის თავისუფალი ინტერპრეტაციის სივრცესაც არტისტული ჟესტით მოიზომავს. სასურათე სიბრტყის ენერგეტიკის შეგრძნება და მისი დინამიური შტრიხებით გასივრცოვნება ავტორის მახვილ თვალზეც მეტყველებს და ჟანრული მოტივაციის სიზუსტეზეც.

ინტერლუდია №3

     1923 წელს მარკ შაგალი პარიზში ჩადის. ცნობილი მარშანი ამბრუაზ ვოლარი გოგოლის „მკვდარი სულების“ გაფორმებას უკვეთავს“. ოთხ წელიწადში 107 გრავიურა გაუკეთა… მათ შორის, დასათაურებათა 11 ცხრილი სქემატური ილუსტრაციებითურთ. ტექნიკა – ოფორტი, მშრალი ნემსი და აკვატინტა.
გრავიურების ტირაჟი 1927 წელსვე ამობეჭდა, თუმცა, ფრანგულად ა. მონგოს ნათარგმნი „მკვდარი სულები“, შაგალის გაფორმებით, პარიზში მხოლოდ 20 წლის შემდეგ – 1948 წელს გამოიცა ე. ტერიადის გამომცემლობაში. შაგალმა ამ გამოცემას დამატებით თავსართებიც დაურთო, ინიციალებით. წიგნი მცირე ტირაჟით დაიბეჭდა, დიდი ფორმატის ორი ბროშურირებული ტომის სახით; ყდებით, გადასაკრავი საქაღალდეებითა და საერთო ფუტლიარით. ეს არ ყოფილა შაგალისა და გოგოლის პირველი შეხვედრა… 1919-20 წლებში შაგალმა გოგოლის პიესებზეც იმუშავა: „მოთამაშენი“, „ქორწინება“ – პერტოგრადის ერმიტაჟის ექსპერიმენტული თეატრისათვის და „რევიზორი“ – მოსკოვის რევოლუციური სატირის თეატრისათვის. შაგალისეული „მკვდარი სულები“ გრაფიკული თეატრის მიზანსცენებივითაა; სიმბოლოსა და ირონიის სინთეზია, „მსახიობთა“ მოძრაობას მუსიკალურ რიტმს რომ უმორჩილებს და რიტუალური სერიოზულობისა და წრეგადასული კლოუნადის მიჯნებზე გვეთამაშება. ასეთი იყო 20-იანი წლების მემარცხენე საბჭოური თეატრების, კერძოდ, გრანოვსკის თეატრის ესთეტიკა. ეს თეატრი შაგალის წყალობითაც დადგა ფეხზე… თეატრის ასეთი გაგება შაგალმა თავის არაერთ ესკიზსა და მოხატულობაში გადაიტანა. ერთ მათგანს ასე ჰქვია – „შესავალი თანამედროვე ნაციონალურ თეატრში“. მეიერჰოლდის თეატრიც, თავისი „ბიომექანიკით“, ბევრი რამითაა დავალებული შაგალისაგან. ერთ-ერთი ილუსტრაცია – მღებავების მუშაობის სცენაა ნოზდრევის სახლში (ეს ამბავი გოგოლთან გაკვრითაა მინიშნებული). პერსონაჟი – თავისი მანერული მანჭვა-გრეხით წონასწორობას რომ იცავს სკამზე, მეიერჰოლდის გროტესკული მიზანსცენის ალუზიაა. შაგალისეული გოგოლის საგნებიცა და პერსონაჟებიც სულ მოძრაობაში არიან: დაფრინავენ… მიწას ეხეთქებიან… ჟესტიკულირებენ… ენაგადმოგდებულები ლაქლაქებენ – წივიან, კივიან… მერე, სიქაგამძვრალნი, ერთ მოძრაობაში იყინებიან. როგორც „რევიზორის„მუნჯ სცენაში – ისე! აი, „მოძრაობა ადგილზე“ – ჟესტების ფორსირებასაც რომ მოასწავებს და ექსპრესიულობასაც; მექანიციზმსაცა და მარიონეტულობასაც.… და ეს „მარიონეტულობაა“ ჰუმორითა და ნაივურიბით გაჯერებული ღია თეატრალურობისა და რაღაც ზეპიროვნული ძალებით მართულობის ილუზონისტური წყარო და მოტივი. ანდრეი ბელი თავის ბრწყინვალე წიგნში „МастерствоГоголя“ გაკვირვებული გვეკითხება: „Где пролетал голопад… во всю пропалою: дама с голубым пером…грузинский князь Чипхайхилидзев, француз ку-ку?» და პასუხი: «В дявольской сарабанде, устроеннойМейерхольдом, чтобы дать урок жеста по гоголю». ამ ალქაჯურმა სარაბანდამ, „რევიზორის„ 1926 წლის განთქმულ დადგმაში გაელვებულმა და ანდრეი ბელის თვალით დანახულმა, შაგალის გრაფიკაში კიდევ ერთხელ შეისხა ფრთები. „მკვდარი სულების„ ფრანგული გამოცემის ფრონტისპისზე კი სუფთა შაგალისეული პერსონაჟია – ღრუბლებში გამკივანი ანგელოზი. ქვემოთ კი რუსული ტროიკას ცხენთა თავები და გუმბათები. სულ ძირში – ხარიხიანი მამრი… მწერალსა და მხატვარს შორის წონასწორობის სიმბოლო!

 

IV

     აბრამ ეფროსი – შეუდარებელი რუსი კრიტიკოსი, თავის „პროფილებში“ წერდა – ფავორსკის იმდენივე ნეოფიტი ჰყავს, რამდენიც სავლე, მისი სახელით პავლედ რომ მოიქცნენო. ქობულაძესა და გრიგოლიასაც ჰყავდათ თავიანთი მოციქულები; ისინიც უმალ აღწევდნენ წარმატებას; თუმცა, ეს წარმატება მალე ძვირად უჯდებოდათ ხოლმე: საკუთარ ორგანიზმში გამოუცდელი ხელით შეყვანილი წამალი იმიტატორებს თავიდან, თითქოსდა, აღაგზნებდა, მერე კი უეცრად გამოფიტავდა. ქობულაძესაც და გრიგოლიასაც ჰყავდათ თავიანთი პავლინოვები და უსაჩოვები, კუპრიანოვები და მასიუტინები – ადეპტებიც, პოპულარიზატორებიცა და ვულგარიზატორებიც. მათემატიკურად ზუსტი ხაზი მათთანაც დეკორატიულ და მჭახე შტრიხად გადაგვარდებოდა, მოცულობათა თავდაპირველი სიმძიმე, გრაფიკული კონსტრუქციები კი – „კარტონაჟად“. ჰეროიკულმა ხანამ ქართული წიგნის მხატვრობაშიც მალე მოილია თავი. როგორც ახმეტელის თეატრში… 1960-იან წლებში ალაგ-ალაგ თუ გაკრთება „ამაღლებულის“ არტისტიკული ლანდი; კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ ელგუჯა ბერძენიშვილისეულ ილუსტრაციებში დაბალი ჰორიზონტიდან რეპრეზენტირებულ პერსონაჟებს იმპოზანტური ზეიმურობაც შვენით და დოზირებული სტილიზაციაც. 1964 წელს ელგუჯა ბერძენიშვილი „ელადის მუზებს“ აფორმებს. ამ პოეტური კრებულის ერთ-ერთი იმიჯი სულ მალე მერაბ ბერძენიშვილის სივრცობრივ ხატში შეისხამს ხორცს. სტალინურმა კულტურამ ჰეროიკულის წარმოება, როგორც ამ ესთეტიკურ-რიტორიკული ფიგურის (რე)პროდუქცია ამ სფეროშიც ლამის პოლიტიკურ დისკურსამდე აამაღლა; ჰეროიკული აქტი ლიტერატურული გმირის სხეულსაც ლამის მესიჯად გარდაქმნიდა. სხეულის კულტი ავლენდა „კულტურას, როგორც აფეთქებას“ (ი. ლოტმანის სტრატეგია). ამგვარ ფეთქებად სხეულებს – ასო-ნიშანთა, ლიტერათა სახით 20-იანი წლების ფუტურისტული წიგნის ადეპტებიც ესწრაფვოდნენ, მაგრამ მათი სემიოტიკური ენა ზედმეტად ჰერმენტული იყო და მასებისათვის – გაუგებარი. მათი კომიკური ალოგიზმიც თვალს სჭრიდა პროფან რეციპიენტს. ფრაგმენტაციისა „დაუსწრებლის დასწრების“ ეფექტი მითუფრო უცხო იყო ქართული ლიტერატურული ტრადიციისათვის. ქართულ მწერლობას „მკვდარი სულები“ არასოდეს ჰყოლია (პირდაპირი გაგებით, იცოცხლე!). არც გოგოლი გვყოლია და არც დანიელ ჰარმსი, თავისი „გამაქრალი“ წითური კაცით. ტომას ლანდოლფი ტყუილად კი არ ნათლავს გოგოლს პირველ დადაისტად?! აბსურდის გაძლიერების ტრაექტორიაზე აგებული ნარატივი რუსულმა ფუტურისტულმა გრაფიკამაც მსუბუქად აიტაცა. ქართული გრაფიკის, კერძოდ, წიგნის გრაფიკის სიმსუბუქე კომიზმის „დაბალ ფორმებს“ ეფუძნებოდა და, ორიოდე გამონაკლისის გარდა, რელევანტურ მხატვრულ ემბლემატიკამდე ვერ ამაღლდა. მოკლედ, თუკი იდეოლოგიური ბაზისათვის იმიჯთა „დისტრიბუტორის“ როლი 40-იანი წლების ქართულმა ილუსტრაციამაც ასე თუ ისე დაივალა, 50-იანი წლების შემდეგ ეს როლი მას პრაქტიკულად აღარ უთამაშია. ბოლოსდაბოლოს, წიგნის მხატვრობაზე „ასეთი“ მაღალი მოთხოვნილება, ელემენტარულად, აღარ არსებობდა. სამაგიეროდ, გაჩნდა ახალი დისკურსის სივრცე: ილუსტრაციას უნდა შეექმნა პროზის სცენური რამპა; სიტუაციები – მიზანსცენაში უნდა გადაეტანა. დიალოგი – ჟესტში; აღწერა – ნატურმორტში; ამ გაგებით, ილუსტრირებული წიგნი უკვე ერთგვარი გრაფიკული ინსცენირებაა. სხვა ამბავია მწერლისა და ილუსტრატორის ურთიერთობა. ლევ ტოლსტოი „Война и Мир“-ის პირველი ილუსტრატორისთვისაც ადგენდა სარეჟისორო რემარკებს, ჟიულ ვერნი რომანებისათვის ნახატებსაც კი იგონებდა!
თავიანთი პროზისათვის ჰოფმანი და ანდრეი ბელიც კი თხზავდნენ ილუსტრაციებს! დიახ, ავტორის პირადი დამოკიდებულება წიგნის მხატვართან სიტყვისა და გამოსახულების პრივატული რელაციაცაა. პუშკინმა „ევგენი ონეგინის“, როგორც მერე გაირკვა, ნავს ილუსტრატორს, ეპიგრამაც კი დააწია. გოგოლმა „მკვდარი სულების“ დასურათებაზე უკმეხად სტკიცა უარი ა. აგინს (იქნებ, კიდეც აგინა!). პირი ქვისკენ მიქნია და, „Молодая гвардия„-ს ავტორმა ტინიანოვს აუბა მხარი, როცა „Советское искусство„-ს 1934 წლის 23 აგვისტოს ნომერში, „ненужный комментатор„ უწოდა ილუსტრატორებს. კიდევ ერთხელ ჩავხედოთ „კოტიკ ლეტაევის“ ავტორს: „Разгляд перспектив разных фаз творчества Гоголя связан с пониманием Гоголя, живописцаизобразителя„, так точно, как последний связан с „писателем“. კრუჩიონიხიც გავიხსენოთ, გოგოლს ორი პოეტური ციკლი რომუძღვნა – „О подвигах Гоголя„ და„Арабески из Гоголя„. ქართველ მხატვართაგან გოგოლის ბრწყინვალე ინტერპრეტატორია მამია მალაზონია. მენიპეური სატირულობისა და ეგზოტოპიური ტექსტუალობის ვირტუოზული შეგრძნებით გამსჭვალული მალაზონიასეული „შინელი„ სამყაროს რაღაცნაირი „Мирсконца„-ს უკუპერსპექტივაში ხედავს. „Мирсконца„ – ეს კუბოფუტურისტული კონცეპტი ხატოვნად ავლენს დროისა და სივრცის კონტინუუმთა ამოყირავების ნებას; წარსულიდან მომავლისაკენ ვექტორული სრბოლის უარყოფას. კაუზალური დეტერმინაციის ალოგისტურ ნგრევას… „ნგრევას, ო, ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას“… და, იქნებ, მანუსკრიპტის დრო დგება ისევ წიგნის ხელოვნებაში; თუკი, რასაკვირველია, „ხელოვნებად“ დარჩენა სურს. ანდა, არაოფიციალური ხელოვნების პროტოგუტენბერგულ ხანაში დაბრუნება…

 

V

     „სპექტაკლი“ = პიესის გათამაშებული ტექსტი; აი, პროზას, სულაც არ სურს გათამაშება! ეს უკვე ჟანრის კაპრიზია. დრამატული ტექსტი წარმოდგენასთან ერთად – როგორც ჰეფენინგში, ნადგურდება. წიგნში კი ილუსტრაცია ტექსტთან ერთად კითხვის პროცესის „მონაწილეა“; ორმაგი პროცესის მონაწილე: ტექსტის კითხვისა და ილუსტრაციის კითხვისა. ტექსტის ყოფიერების დრო თეატრში და გრაფიკული სახისა – გამოფენაზე აუცილებელი არაა. ილუსტრაციის ყოფიერების დრო კი წიგნითაა „დამაგრებული“; ანდა, წიგნზეა მიბმული. დროთა განმავლობაში ქართული წიგნის ილუსტრაციამაც თავისი თვითკმარი ცხოვრება დაიწყო. „ლუსტრაციამ“ კი დააგვიანა. ლუსტრაციამ (და აღსარებამ) თუნდაც იმისა, რომ ნამდვილ ილუსტრაციებს მხოლოდ ნამდვილი მხატვრები ქმნიან; და არა მოხალისეები – ვოლუნტარები… ილუსტრაციის ჟანრში „მომუშავე“ ე.წ. პროფესიონალები, თავად ჟანრს ვეღარ უსინჯავენ გემოს. ანდა, ვეღარ აყოლებენ გემოს… ხომ არ გვავიწყდება, რომ რუსთაველი თუ შექსპირი შედევრებს კი არ წერდნენ – ამგვარი ინტენცია მათ არც ჰქონიათ! – არამედ, ქმნიდნენ შედევრებს. მეორე მხრივ, მხატვრისთვის უფრო იოლია, გამოხატოს თავისი მსოფლხედვა (მოძველებული სიტყვაა!) არა წიგნის ილუსტრაციაში, არამედ გრაფიკაში; სახელდობრ, დაზგურ გრაფიკაში.
და აქედან, პარადოქსი: დაზგური გრაფიკა გადაიძეძგა ლიტერატურული სახეებით, წიგნის ილუსტრაციაში კი თავად ლიტერატურის დეფიციტია. ყოფიერების დეფიციტი; გარემოს დეფიციტი; პაუზის დეფიციტი; ლაკუნას დეფიციტი; ატმოსფეროს დეფიციტი; აურის დეფიციტი… თანამედროვე ქართულ ილუსტრაციაში დროით-სივრცული რელაციები არც გამჭოლი მოქმედების პრინციპითაა მოტივირებული, და არც ეპიკური თეატრის ესთეტიკითაა გაუცხოებული; ვერც ფრაგმენტაცია-ფრაქტალიზაციის მეთოდი ჭრის და ვერც კადრირების ტეხნეა მოხელთებული. თუკი ავიღებთ პროზას, მას გამოვაკლებთ „ოზას“ და დავუმატებთ „უწუნს“, მივიღებთ „პრუწუნპრუწუნს“ – ჯერ კიდევ როდის ქილიკობდა გენიალური გალაკტიონი. მოლიერის ერთი პერსონაჟის დიალოგიც მახსენდება ფილოსოფიის მასწავლებელთან: – “ჩვენ შეგვიძლია, საკუთარი აზრები გადმოვცეთ ან პროზად, ანდა ლექსებად. – და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს რა იქნება? – პროზა! – ეჭვიც არ შემპარვია, რომ ამდენი წელი პროზად ვლაპარაკობდი“.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9