I

     ქართული წიგნის გრაფიკასაც უცნაურად დაებედა კარიკატურა; კარიკატურა, როგორც გროტესკისა და პაროდიის ვიზუალური ენა; კარიკატურა – ხელოვნების ეს ექსტრავაგანტული ჟანრი… მაგრამ რა კავშირი აქვს კარიკატურასთან ზიჩის, საბინინის, ანდა ჰრინევსკის(თუ გრინევსკის)?! სამაგიეროდ, როგორი „გროტესკებია“ ოსკარ შმერლინგის ოპუსები? გნებავთ (თუ არა, დარბაისელნო!), შალვა ქიქოძის კარიკატურებსა და შარჟებსაც გადავავლოთ თვალი… და ამგვარი პერლუსტრაციის დროსაც გამოჩნდება ქართული წიგნის გრაფიკის სამომავლო აბრისი. არადა, ძნელად იკიდებდა ფეხს საქართველოში გრაფიკა! 1897 წელს გამოდის ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“. მისი ილუსტრატორი ანტონ გოგიაშვილი იყო. „მესამე დასის“ იდეებით მოწამლული „ცარიზმის დაუნდობელ რეჟიმს ასამართლებდა“. 29 წლის აღესრულა და 500-ზე მეტი ნახატი დატოვა საბრალომ! ამ პერიოდის ყველაზე ცოცხალი ტალანტი მაინც ოსკარ შმერლინგია. მისმა ქალიშვილმა, რენე შმერლინგმა კი ძველი ქართული წიგნის მორთულობის „ახლოით განჩხრეკას“ მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ეტყობა, ყოველდღიური ენამახვილობა და ჰუმორიც მამისგან დაჰყვა. რა მოსწრებულად უთქვამს ერთ გამოჩენილ კოლეგაზე – “Хонский журналист!„ გრიგოლ ტატიშვილის საბავშვო ლიტერატურის ილუსტრაციას დღევანდელი სტანდარტებითაც არა დაეწუნება რა… და ვერც 1914 წელს, მიხ. გედევანიშვილის მიერ დასტამბული, ილია ჭავჭავაძის ორტომეულის ჰრინევსკისეულ გაფორმება-ილუსტრაციებს გადავდებთ გვერდზე. მაინცდამაინც დიდი არჩევანი არც მოგვიანებით გვაქვს: შალვა ქიქოძის „აბესალომ და ეთერისა“ და „ამირანიანისათვის“ დახატული ილუსტრაციები, მიხეილ ჭიაურელის შარჟები და კარიკატურები; ქიქოძისავე „სატირიკონები“ იუმორისტული ჟურნალებისათვის „ლახტი“ და „ეშმაკის მათრახი“… მოდი, აქვე მივთვალოთ ვალერიან სიდამონ-ერისთავის ჩახატული ძველი ტფილისი, დავით კაკაბაძის არქიტექტურული პეიზაჟები, შალვა ძნელაძის სცენები „რევოლუციურ, ჯერ არნახული“ საქართველოს ცხოვრებიდან, ნურც დავით გველესიანის ძველი ქალაქის ხედებს გამოვტოვებთ… იმხანად ნორჩი ირაკლი თოიძის ნახატები და ყდებიც გავიხსენოთ, ლადო და გრიგოლ ჯაფარიძეების – უჩას მივიწყებულ ძმათა დახატული პორტრეტებიც, შოთასი და ილიასი, აკაკისა და ვანო მაჩაბლისა (ესენიც ხომ ძმები იყვნენ!), ყაზბეგისა და გოგებაშვილისა… ანდა, 1916 წელს გამოცემული „ცისფერი ყანწების“ ყდა… 1921 წელს რაც მოხდა, ყველამ იცის და აქედან იწყება „ბედნიერების აგიტაცია“. და მართლაც, „ბედნიერება არის რამხელა“ – საქართველო დაოჯახდა „თავისუფალ მძლე კავშირში; ძმურში“… ეს ოდნავ მოგვიანებით… მანამდე კი რამდენი, როგორც ბენო გორდეზიანი წერდა, „არაჯანსაღი, ულტრამემარცხენე მიმართულებების“ თვითლუსტრაციაა საჭირო; მიმართულებებისა, რომელთა მიმდევრებსაც „ჭეშმარიტად რევოლუციური ხელოვნების“ მქადაგებლებად მოჰქონდათ თავი. მალე ყველა ულტრამემარცხენე „გამოაჯანმრთელეს“; ისე გამოაჯანმრთელეს, რომ ბოლოს ჯანმრთელობისგან განსაკურნებლებიც კი გახდნენ. იწყება დაუნდობელი ბრძოლა ფორმალისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ; სასტიკი და დაუნდობელი…
მოსკოვიდან ტრიუმფატორად დაბრუნებული ირაკლი თოიძე АХРР-ის ქართულ ფილიალს აარსებს – „РЕВМАС“. 1937 წლის ერთ-ერთი გმირი იყო – „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლის საიუბილეო არტისტულ მამითადშიც მონაწილეობდა და სერგო ქობულაძესთან, თამარ აბაკელიასთან, სამ ლადოსთან – გუდიაშვილთან, გრიგოლიასთან და ჭიაურელთან ერთად ირაკლი თოიძემაც გააფორმა „ვეფხისტყაოსანი“.

ინტერლუდია №1

1933 წლის მიწურულს ამერიკელი გამომცემელი ჯორჯ მეისი პარიზს სტუმრობდა. ნიცაში დაურეკა ანრი მატისს და შესთავაზა, ჯოისის „ულისეს“ ილუსტრაციები გაეკეთებინა ახალი გამოცემისათვის. ილუსტრაციები ორიგინალური საავტორო ფორმებიდან უნდა ამობეჭდილიყო. ჰონორარი, ამერიკული საქმიანი მანერით, წინდაწინ იყო განსაზღვრული – 5000$. იმხანად დიდი თანხა! მატისმა სთხოვა, არ წამიკითხავს, პატარა დრო მომეცი დასაფიქრელადო. იმ ღამესვე გადახედა ფრანგულ თარგმანს და მეორე დღეს დაკვეთაზე დასთანხმდა. ისიც თქვა, რომ „ულისეს“ სახეებს კი არა, ჰომეროსს დაეყრდნობოდა – “ოდისეას“ ექვს ეპიზოდს. საინტერესოა, რომ „The Limited Editions Club“-მა, მანამდე დაუკვეთა პიკასოს არისტოფანეს „ლისისტრატეს“ ილუსტრაციები. ეს წიგნი 1934 წელს გამოდის; და ისიც ექვსი ილუსტრაციით… სამი წლით ადრე ა. სკირამ ისევ პიკასოს შესთავაზა ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ გაფორმება; მერე კი, მატისს სთხოვა, დაესურათებინა სტეფან მალარმეს პოეტური კრებული. პიკასოს წიგნში 30, მატისთან კი – 29 ოფორტია. ტირაჟად 145 განისაზღვრა. 1934 წლის ივნისში მატისი სიმონ ბიუსის მისწერს – ყური მოვკარი, ჯოისი კმაყოფილია, მე რომ ვმუშაობ მის წიგნზე; თუმცა, ეტყობა, არ იცის ჩემი თვალთახედვაო. გადის ორი თვე; მატისის ეჭვები გაქარწყლებულია და ისევ ბიუსის ატყობინებს, ტელეფონით ველაპარაკე ჯოისს და სრული აპრობაცია მივიღე ჩემ მიერ ჩაფიქრებული წიგნის საერთო კომპოზიციის გამოო. შედარებით ადრეულ ეპისტოლეში კი ბიუსისვე გაუმხელს: ჩემი ფურცლების დალაგებას მოვრჩი და წიგნს უკვე დასრულებულს ვხედავო. ეტყობა, მეისისაგან წინდაწინვე მიუღია წიგნის ანაწყობის ნიმუში და ჩანართ ფურცლებზე დასართავი ოფორტებიც, ამ ნიმუშის მიხედვით დაუსრულებია. ასე იხატებოდა რბილი ლაქის ოფორტები „კალიპსო“, „ეოლი“, „პოლითემოსი“, „ნავზიკაე“, „ცირცეა“, „ითაკა“. ლუი არაგონი „პოლითემოსს“ მატისის მთელს შემოქმედებაში ტკივილის ერთადერთ ხატად თვლიდა. არაერთი ვარიანტი სცადა, სანამ ოფორტში გადაიტანდა. და ოფორტმაც „შეარბილა“ დაბრმავების სცენის ფიზიოლოგიური სისასტიკე, რაშიც იგივე არაგონი თვალებდაავადებულ, მერე კი სავსებით დაბრმავებულ ჯოისთან ალუზიასაც ამჩნევს. მაინც ვერ გახდა „ულისე“ მატისის წიგნი… ასეთი სტატია აქვს მატისს – „როგორ ვაკეთებდი ჩემს წიგნებს“. პირველ წიგნად სტეფან მალარმეს „ლექსებია“ დასახელებული, მეორედ კი – ანრი დე მონტერლაინის „პარსიფაე“. „ულისეზე“ კრინტსაც არ ძრავს…

 

II

რუსთველი გახდა ქართველ მხატვართა საჯილდაო ქვა. პირველმა გუდიაშვილმა მოჰკიდა ხელი ვეფხის პოემის დასურათებას და მისი მცდელობა იმთავითვე წარუმატებლად შეფასდა. არადა, დღევანდელი გადმოსახედიდან, იქნებ სწორედ ეს ილუსტრაციები იყო შოთას ქმნილების უნებლიე ინტერტექსტუალური ინტერპრეტაციის ნიმუში. თამარ აბაკელიამ შედარებით უფრო პალიატიურ გზას მიმართა და სტილიზაციიდან ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. და იქნებ, „ორი ნაბიჯი უკან“… ყველაზე დიდი მოწონება მაინც ქობულაძისა და თოიძის ილუსტრაციებმა დაიმსახურეს. თუმცა, მაინც ღიად დარჩა ერთი მთავარი საკითხი: რა იყო ეს – წიგნის ილუსტრაციები, თუ ლიტერატურულ სახეთა პარაფრაზები?! 1937 წლიდანვე იწყება ქართული წიგნის გრაფიკის, როგორც ჟანრის თვითრეფლექსია. ვინ იცის, მას შემდეგ რამდენი – დიდი თუ მცირე ლიტერატურული ტექსტი დასურათდა, რამდენი დიდი თუ პატარა წიგნი გაფორმდა! მაინც ვერ იქნა მიღწეული ზავი ერთ საკითხში – რას ნიშნავს ლიტერატურული ნაწარმოების, კერძოდ, ლიტერატურული ძეგლის ინტერპრეტაცია? ქართულმა წიგნის გრაფიკამაც გაიზიარა ილუსტრაციის ორმაგი დროის პარადოქსი: მწერლის დრო და ილუსტრატორის დრო; ლიტერატურული სახის ყოფიერება დროში და თვით ილუსტრაციის შინაგანი, იმანენტური დრო. ლიტერატურულ სახეთა „გრაფიკული თარგმანების“ იდეალურ (უფრო ზუსტად, იდეაციონურ) წესრიგს ყველაზე სრულყოფილად მაინც ქობულაძის გრაფიკული დისკურსი ავლენს. ქობულაძე ქართულ მხატვრობაში უპირველესი პერფექციონისტია. ქობულაძისეულ პარადიგმაში ცნება – ილუსტრაცია ჟანრის ფართო გაგებითაა მოსახმობი. დაახლოებით იმგვარად, როგორც რუსულ გრაფიკაში – ვლ. ფავორსკის ფენომენის განხილვისას… ერთიცაა: ქობულაძის გრაფიკული პრონონსი არასოდეს რედუცირდება ფორმულებამდე, ნიშანემბლემებამდე და მისი ილუსტრაციების გონივრული, ლოგიკური არქიტექტონიკაც ცალკეულ გრაფიკულ ფურცელს უფრო (აღ)ავსებს, ვიდრე წიგნის მთლიან არტეფაქტულ სხეულს. ნახატისა და ტექსტის კონსტრუქტიულ-ორგანული სინთეზი აქილევსის ქუსლად ექცა წიგნის მხატვართა მთელ შემდგომ თაობებსაც. ცხადია, იყო გამონაკლისებიც. თუნდაც, შურა ბანძელაძის „მაუგლი“და მითუფრო „არსენას ლექსი“. ცალკეული კადრ-დეტალები – მოულოდნელი კომბინაციებით, მონტაჟური ბმებითა და იკონიკურ აქცენტთა (გა)დასმით ქმნიან წიგნის, როგორც უნიტარული ვიზუალური ტექსტის წაკითხვის თამაშებრივ ქრონოტოპს. ამ მხრივ, ჯერ კიდევ 40-იან წლებში, ერთობ თამამად ექცევა წიგნს ელენე ახლედიანი – წიგნის ფურცლის თავისუფალ კომპოზიციურ სტრუქტურას ანგარიშმიუცემლად (გადა)ალაგებს და ჩვეული ტექნიკური ფრივოლურობით გვთავაზობს სალაღობო სიტუაციათა არტისტულ ფეიერვერკს. მაგრამ ეს მაინც არაა დიდი გრაფიკული ნარატივი. გრაფიკა აკომპანიმენტი უფროა – საკუთრივ წიგნის შიგნით რომ დაუდევს ბინა. ამ „შიგნითას“ საზღვარი ყდაა; ყდა, როგორც ლიმინარული გამყოფი წიგნის ექსტერიერსა და ინტერიერს შორის. ილუსტრაციის კეთებისას უსაგნო ვიზუალური გადაძახილები – “გლოსოლალიებიც“ იგრძნობა, ფრთიანი რეფრენებიცა და უსიტყვო ვოკალიზებიც… და ეს „ვოკალიზები“ გვამცნობენ სიუჟეტის შერჩევის მოტივს, ნახატისა თუ გრავიურის ინტონაციურ ობერტონებს, აწმყოდან მოხილული გარდასული დრამატიზმისა თუ ლირიზმის ჟანრულ ფიგურებს. ამ სიმპათეტურ თვისებებს მეტ-ნაკლებად ამჟღავნებენ სევერიან მაისაშვილისა თუ სამსონ ნადარეიშვილის, აპოლონ ქუთათელაძისა თუ სოსო გაბაშვილის ოპუსები.
და მაინც, წიგნის იკონიზაციის ამ კამერულ მუსიკალურ ანსამბლში ჯერ კიდევ მკრთალად ისახება თემის განვითარების მონუმენტურ-სიმფონიური სილუეტი. ამ ჟანრული გასაღებით ლიტერატურული სივრცე გარკვეულწილად კი არ იღება, არამედ, იკეტება. თუმცა, ამ „ჩაკეტილობასაც“ თავისი მოტივაციები და თუნდაც, ემპათიური ხიბლი ახლავს. თუნდაც, ის ნოსტალგიური ხიბლი, რის გამოც გარდასულ დღეთა ლამის ყველა წიგნი თავის ილუსტრაციებითურთ, ერთგვარი სკეპტიკური თანალმობითაც გვავსებს და თვალებში რაღაც საყვარლად ირონიულ ღიმილს გვიღვრის. ღიმილს ქობულაძის დახატული ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციებიც კი არ იწვევს; ქობულაძე „ხელოვნების სიდიადის“ ამაყი ადეპტია. ქობულაძე „დიად ხელოვნებას“ მისტირის. ხელოვნების სიდიადეს კი, სულაც არ განსაზღვრავს „შექმნილის“ მაღალი ხარისხი. ამას ჰაიდეგერიც აღნიშნავს, თავის ადრეულ, ნიცშეანურ ლექციებში, კერძოდ ლექციაში „ესთეტიკის ისტორია დიდი ხელოვნება უზენაესი დანიშნულებააო – ჰეგელს იმოწმებს დიდი მარტინი. და მართლაც, დიდი ხელოვნება – და ამაშია მისი არსობრივი მნიშვნელობა – უწინარეს ყოვლისა, ხელოვნების ქმნილების ხედვას გვასწავლის. ესაა იმ უზენაესი და გარდუვალი ცოდნის აღქმა, ცხოვრებაში რომ იდგამს ფესვებს. ქობულაძის მხატვრობა (პერლუსტრაციულადაც კი) თუგინდ, მარტოოდენ წიგნის გრაფიკაში გამოვლენილი, საკუთარ ისტორიულ არსებობაშია დიადი და მოწოდებულია, ისტორიულ არსებობაშივე მივიდეს უზენაეს დანიშნულებამდე; ქმნილებაში განხორციელებადი გზით მიაღწიოს ყოფიერების სრულ წვდომას. არადა, პიტირიმ სოროკინისეული იდეაციონისტური ხელოვნების კრიზისის ხანაში რა ძნელი იყო ამ ონტოლოგიურ პლატფორმაზე ფეხის მოკიდება?! მით უფრო, სტალინური „დიდი სტილის“ კონტექსტში, როცა ხელოვნება კი არ აკანონებდა კულტურას, რომლისთვისაც ეს ხელოვნება იყო უზენაესი დანიშნულება, არამედ, ხელოვნება საჭიროებდა კულტურის მიერ ცნობასა და ლეგიტიმაციას („რეპრეზენტაციული ხელოვნების“ სტრატეგია). აი, ამ „დიადი ხელოვნების“ გზაზე „მოიკოჭლებს“ უჩა ჯაფარიძე. თავისი პეწიანი ხელით ერთადერთი ლიტერატურული ტექსტი დაასურათა – ილია ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“. ცოცხალი ნახატით განთქმულმა უჩამ, თავადაც რაჭულად მოქნილმა და ლაბილურმა ნატურამ, იცის, რომ „მეფე ლირისა“ თუ „მაკბეტის“, „ბოშებისა“ თუ „პოლტავას“ ილუსტრატორს მაინც ვერ დაეწევა და „კაკო ყაჩაღით“ ამოწურავს წიგნის მხატვრის ამპლუას. უჩას მასწავლებელი – იოსებ შარლემანი კი ბოლომდე ერთგულებს ამ ჟანრს და ზედიზედ აფორმებს ვასილ ბარნოვის „გიორგი სააკაძესა“ და ანნა ანტონოვსკაიას „დიდ მოურავს“. შარლემანი კალიგრაფიულად პრეციოზული ნახატითა და ნიუანსირებული ჩრდილ-სინათლით ახერხებს მოცულობითი სივრცის მოდელირებას და გრაფიკული ენის პირობითობასაც ინარჩუნებს. შარლემანის მოწაფე (მოგვიანებით, ასისტენტი) იყო სოსო გაბაშვილიც. ძირითადად, საბავშვო წიგნით შემორჩა ისტორიას, თუმცა სრულიად ახალგაზრდა აფორმებდა მიხეილ ჯავახიშვილის რომანებს. მისი მთავარი წიგნი მაინც ფირდოუსის „შაჰ-ნამეა“. გაბაშვილმა, გუდიაშვილის „ვეფხისტყაოსანივით“, მთელი წიგნის ათვისება სცადა: სუპერი, ფორზაცები, ტიტული და კონტრტიტული – ტექსტებით ქართულ, სპარსულ და ფრანგულ ენებზე, თავად ფირდოუსის პორტრეტი, მინიატურული ნახატები და 8 ილუსტრაცია. ტექსტის ყოველი ფურცელიც ფერადი ორნამენტებით იყო მოჩარჩოებული. „დონორების“ ცვლამ გაბაშვილის არტისტული ჯგუფის სისხლში არევ-დარევა გამოიწვია და მისი შემოქმედებითი იდენტობაც ამიტომ დარჩა დაუდგენელი…

1 2 3 4 5 6 7 8 9