ანალოგიური ლეგენდაა შემონახული ეფრემ ასურის შესახებაც. სერგეი ავერინცევისა არ იყოს, ბიზანტიელი უნდა იყო, რათა წარმოიდგინო, როგორ სვამენ ქარტიას – ანუ პერგამენტის „ყლუპს“. ქარტიას არა, მაგრამ დაწერილ ასოთა შესმის პროცედურას კი „მართლაც“ შეიცავდა ერთი ბიზანტიური მაგიური რიტუალი. ყმაწვილის მიერ ცოდნის მისაღებად „რეკომენირებული“ ყოფილა დისკოზე მელნით ბერძნული ანბანის 24 ასო-ნიშნის გამოყვანა, მერმე, ღვინით გადარეცხვა და „ცოდნასმოწყურებულთათვის“ დასალევად მიწოდება. ლეგენდაც და რიტუალიც ერთ რასმე ითვალისწინებდა: დამწერლობა ნივთიერად უნდა გაჟღენთილიყო ადამიანის სხეულში, მისი „სომას“ ნაწილად უნდა ქცეულიყო, მის სისხლში უნდა გამჯდარიყო, რათა ადამიანის ესენცია ასოთა ტრანსცენდენტურ სუბსტანციას ზიარებოდა. ქართული ანბანი, ქართული დამწერლობა, ქართული შრიფტიც ასევეა გამჯდარი ჩვენს წარმოსახვით მახსოვრობაში; ამ ანბანის რეინკარნაციებია „წიგნის ხელოვანთა“ არა ერთი და ორი თაობის ძიებანი. გასაგებია, რომ სტალინურმა „სოცრეალისტურმა კანონმა“ ქართული წიგნიც და ქართული შრიფტიც არტახებში, გნებავთ, გისოსებში ჩასვა. ტფილისური ფუტურისტული წიგნის ეპატაჟური ექსპერიმენტებიც უიმედოდ „დაიბლოკა“. ფუტურისტების „არალინეარული“ ასო-ნიშნები ისევ ერთ მწყობრში ჩააყენეს. ასო-ნიშანთა მაგიას კი მაინც ეძებდნენ ოსტატნი; ქართველნიცა და არაქართველნიც; გრიგოლიაცა და ლანსერეც… „გაწითლდა“ ქართლი და ტფილელ ფუტურისტებსაც ალმაცერი ცქერა დაუწყეს; ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა, მთელი კულტურის რიტორიკა და ერუდიცია მიმართულია სახელების წინააღმდეგო. მერე კი, დასასრულისკენ, ამას ამატებს: „სიტყვები, როგორც მონები, ნახავენ თავის სპარტაკს და დაამარცხებენ არისტოკრატულ სახელებს, მაგრამ ეს დამარცხება იქნება დროებითი. ყოველ სიტყვას იმედი აქვს, რომ სახელის წოდებას მოიხვეჭს ოდესმე“. სახელის წოდება! „ქართულ საბჭოთა გრაფიკაშიც“ აღმოჩნდნენ მონები, რომლებმაც ნახეს თავიანთი სპარტაკი და დაამარცხეს არისტოკრატული ასონი. „პლებეური“ ეიდოსი მოეძალა ქართულ შრიფტს. თუმცა, თეატრისა არ იყოს, ესეც აუცილებელი ეტაპი იყო ამაღლებული გმირულ-რომანტიკული სტილიდან ყოველდღიურობის რიტორიკაზე გადასასვლელად. სწორება კი, ნებსით თუ უნებლიედ, მაინც გრიგოლიაზე კეთდებოდა; ლადო გრიგოლიას არისტოკრატული შრიფტი თავისი „სიმაღლით“ კიდეც იზიდავდა მხატვართ და კიდეც – განიზიდავდა… ქართული „წიგნის სცენაზე“ თითქოსდა სხვა ანბანი თამაშდებოდა; და არა მხოლოდ ქართული წიგნისა… შრიფტსა და გარნიტურს თანდათან „ნაწერი“ ჩაენაცვლება. ცოცხალი „მეტაბოლური“ ხელ-ნაწერი… ანდა, ხელნაწერის იმიტაცია… „კულტურული“ შრიფტი „ბუნებრივმა“ შრიფტმა შეცვალა. ხელნაწერი კი, მისდაუნებურად, თავად ხდებოდა მხატვრულად „გამოყვანილი“ და მერმე, დაბეჭდილი ასოების სიმულაკრი.
ახლა კი თვალსა და ხელს შუა გაქრა და ცოცხალი ასოს მაგიაც დაიკარგა. კომპიუტერის მკვდარი კლავიშებით ეძებენ ლიტერებს, რომელიც გრაფიკულ ლიტერ-ატურად ვეღარ იქცევა… ჟაკ დერიდა წერდა თავის „გრამატოლოგიაში“: „ჩვენი წერა და ჩვენი კითხვა ჯერ კიდევ ბევრწილად არის განპირობებული ხელის მოძრაობით. საბეჭდმა მანქანებმა სივრცის სტრუქტურა ვერ გაათავისუფლეს ხელის ჟესტის, როგორც წერითი იარაღის უშუალო დაქვემდებარებისაგან“. აქედან ფორმულა: წმინდა კითხვის სივრცე იმთავითვე გონებაჭვრეტითია, წმინდა წერის სივრცე კი, დასაბამითვე, გრძნობადი აღქმისათვის ხელმისაწვდომი. ხელ-მისაწვდომი! შრიფტი, ანბანის მსგავსად, ერთი და იმავე გრაფიკის გამოყენებით, მართლაცდა პრეზენტაბელობის, როგორც ანალიტიკური რაციონალობის პროგრესის ნიშანთა გარნიტურაა და ამ პროგრესის დამატებით ხარისხს მოასწავებს. და ჩვენც ვხდებით მოწმენი იმისა, როგორ გამოიხშირება სტიქია წმინდა აღმნიშვნელისა, რომელიც თავისთავადაა მოკლებული მნიშვნელობას. მნიშვნელობის ასეთი არქონა უნივერსალობის ანუ რაციონალობის ნეგატიური, აბსტრაქტული, ფორმალური მხარეა. ამგვარი ნაწერის მნიშვნელობა გაორმაგებულია – იტყვის დერიდა. შრიფტის პოსტსემიოტიკაც ამგვარ ამბივალენტობას ხომ არ გულისხმობს? ფერწერა, და საერთოდ, სახვითი ხელოვნება, ანბანის დარად, რომელიღაც გარკვეულ ენასთან არაა „მიბმული“ – ნებისმიერი გრძნობადი საგანი შეუძლია, მოგვაწოდოს და ამიტომაც გვევლინება უნივერსალური დამწერლობის სახეობადო… წიგნიც არაა განსაზღვრულ ენასთან „მიბმული“ და როგორც ფერწერა დისტანცირდება მოდელისაგან, შრიფტიც ასევე უცხოვდება ანბანისაგან და ისიც უნივერსალურ დამწერლობად გვევლინება.

 

* * *

     შრიფტი წიგნის კონსერვატორული ელემენტია – ინოვაციური ფორმებისადმი სიძუნწით გამოირჩევა. და შრიფტის ეკონომიკაც ამაშია… ნიშანთა პროპოციების უმნიშვნელო დარღვევაც კი იმთავითვე მხატვრულ პრეცენდენტად აღიქმებოდა. „ბადიდან“ უმცირესი ამოვარდნა და შტრიხის გასქელებაც კი ერთგვარი რევოლუცია იყო. ეგ კი არა, ისტორიულ ხაზულობებთან პერიოდული ინვოლუციაც კი ორგანულია და არქაიზმს (ანდა ანაქრონიზმს) სულაც არ მოასწავებს. შრიფტის საფუძველში ხომ ანბანის საუკუნეობრივად ნაცად-ნაწრთობი სისტემაა გარინდებული! ერთხელ და სამუდამოდ გარანდული ფორმა… გასაგებია, რომ ასაწყობი (resp. ასაკრეფი) შრიფტების რეპერტუარი ლიმიტირებულია. სამაგიეროდ, სატიტულო შრიფტი გაცილებით ღიაა აპრობირებული პროტოტიპების ვარიაბელობისთვის და შრიფტთა ახალი ფორმებიც სწორედ ამ სფეროში იბადება (რუსულ შრიფტში ამის მაგალითად „გროტესკი“ გამოდგება). ასე რომ, შრიფტი ისტორიული ტრანსლატორიცაა და დამწერლობითი კულტურის ერთგვარი „შემნახავიც“… გუტენბერგიდან მოყოლებული „წიგნური“ შრიფტი ლიტერთა მექანიკურ პროდუცირებას შეეპუა და განსხვავებული ტექსტების კონტექსტში, ერთი და იმავე ნიშნებით მანიპულირებისას თავად შრიფტის ესთეტიკასა და გრაფიკასაც თავისი ანაბეჭდი დააჩნია.
ასე დაიყო შრიფტის ხელოვნება ორ – „ხელქმნილ“ და „მექანიკურ“ სეგმენტებად. არადა, მექანიკური შრიფტიც მხატვრის პირველადი ნახელავი არაა?! ერთსა და იმავე ხელს არ ძალუძს, რაგინდარა წარწერის გრავირებაცა და ასაწყობი შრიფტის პუანსონის დაშტამპვა და მატრიცად გამოყვანა?! ყველაფერს ხელი შვრება! და ამ ხელის სა-ხელითვე უქმდება სხვაობა „უნიკალურსა“ და „ტირაჟირებულს„ შორის. შრიფტი მოძრავი ასო-ნიშანია და, ბუნებრივია, ცოცხალი დამწერლობის „მსგავსად და ხატად“ იქმნება იგი. ხელნაწერი ასო წერითი ტე-ქნიკის თავისებური კვალია და შრიფტის ამა თუ იმ კონსტრუქციაში აპრიორულად მონაწილეობს. თავდაპირველად ქართული შრიფტის ზომაც „ნებისმიერი“იყო და, ასე ვთქვათ, არაინსტიტუციონალური. 1947 წელს იქმნება „ქართული შრიფტის კომიტეტი“. აქედან იწყება ქართული შრიფტის კლასიფიკაცია, დგინდება ერთიანი მეტროლოგიური პარამეტრები და გარნიტურთა სისტემა. 50-იანი წლებიდან კი თანდათან მკვიდრდება ნახატით, ხაზულობითა და ზომით განსხვავებულ შრიფტთა – სატექსტოთა, სატიტულოთა (ანუ სასათაუროთა) და სააქციდენციოთა – მდიდარი რეპერტუარი. ნებისმიერი შრიფტი – აწყობილიც, დაწერილიც და დახატულიც – წიგნის „საშენი მასალაა“, წიგნის განუყოფელი ელემენტია; ტექსტის ერთადერთი მატარებელი და ტრანსლატორი… შრიფტთან, როგორც ხელოვნებათა წიგნისმიერი სინთეზის ერთადერთ მონაწილესთან მიდგომა, მეტისმეტად მძიმე ტვირთად შეიძლება მოგვეჩვენოს. შენობა მოხატვის გარეშეც შეიძლება წარმოვიდგინოთ; წიგნიც შეიძლება წარმოვიდგინოთ ილუსტრაციის გარეშე; აი, შრიფტის გარეშე კი წიგნი არ არსებობს. შრიფტი, უბრალოდ, დამატება კი არაა რაღაც, მის გარეშე დასრულებული მთელისა, ანდა, მისი გამდიდრებული ვარიანტი, არამედ ამ მთელის ორგანული, გნებავთ, აპრიორული ინგრედიენტია. შრიფტი დამოუკიდებელი მხატვრული ფორმაცაა; თავისი მორფოლოგიაც აქვს და თავისი – სინტაქსიც; და თავისი სემიოტიკა… შრიფტს თავისი გენეალოგიაც აქვს და თავისი – ისტორიაც. ასაწყობი შრიფტი წიგნის გარეშეც იქმნება. „თეთრი მთავრული“; „შავი მთავრული“; „დახრილი მთავრული“; „თხელი მთავრული“; „ნახევრად მუქი მთავრული“; საბჭოთა საქართველოშივე იყო: „ორჯონიკიძე მთავრული“; „ორჯონიკიძე ჩვეულებრივი“; „კიროვი თხელი“; „კიროვი მრგვალი“; ზემოთ რუსული შრიფტი – „Гротеск„ ვახსენე. და დღეს ამგვარი დასათაურებანი გროტესკულადაც იკითხება. აქამომდე შემორჩა:
„დუმბაძე მთავრული“; „გორდეზიანი ჩვეულებრივი“… „დღიური მუშის როლს“ ასრულებდა ანტონ დუმბაძე ქართულ შრიფტულ მეურნეობაში. „სამუშაო შრიფტებზე“ მუშაობდა ბენო გორდეზიანიც; ყოფილი „ჰაშორიესოისტი“, კომუნისტების მიერ დამფრთხალი, ჩვეულებრივ „ასოისტად“ შემორჩა…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9