* * *

 

    ძველ ხელნაწერ წიგნებში შრიფტი წიგნთან ერთად იბადებოდა; გადაწერის პროცესშივე ითხზვებოდა… და მაინც, ამ სპონტანურად გამოყვანილ ნიშანთა მიღმაც იგულისხმება წიგნური ხელრთვის თვითკმარი და მყარი სისტემები. პალეოგრაფია სწავლობს ამ სისტემებს. შრიფტის ყველა ფორმა მარტოოდენ წიგნისთვის (და წიგნში) არ იბადება და არც ცოცხლობს. შრიფტი არქიტექტურაშიც „მუშაობს“, რეკლამაშიცა და ეტიკეტშიც… შრიფტით „იწერება“ აფიშა და ფირნიში. წიგნის შრიფტი კი ჯიუტად ინარჩუნებს წიგნის ხელოვნების ფუნდამენტურ ფორმას; და არაწიგნურ შრიფტებზეც ახდენს გავლენას. ისეც ხდება, ამგვარი შრიფტები დაუკითხავად რომ შეიჭრებიან „ბიბლუსში“ და რეპრეზენტატული მონუმენტისა თუ თვალისმომჭრელი აფიშის, „ბატიფეხია“ განცხადებისა თუ ინტიმურ-საიდუმლო ბარათის („აწ საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი მტირალი“) ვიზუალური დისკურსით მსჭვალავენ მის სტილისტიკას. ასე რომ, შრიფტი არა მხოლოდ აუცილებელი ელემენტია წიგნისა, არამედ გრაფიკული ხელოვნების ავტონომიური რაობაც. შრიფტი თავის თავს par excellence წიგნში ინახავს (თუ გადა-ინახავს); თავის სივრცულ, პლასტიკურ, სტილურ თუ ექსპრესიულ თვისებებს წიგნში აუნჯებს. და ნებისმიერი სინთეზისამებრ, აქედანვე იღებს დასაბამს შრიფტის უშუალო (თუ გაშუალებული) რელაციები ანაწყობ (აწ კი აკრეფილ) ტექსტთან; ამ ტექსტის გრაფიკასთან და სივრცულ კომპოზიციასთან.

 

* * *

   ლადო გრიგოლია საგამფორმებლო ფუნქციებს ქართული შრიფტიც ვერტიკალისა და ჰორიზონტალის სემიოზისში ავლენს. ჰორიზონტალი უწყვეტი კონტინუალური მოძრაობის ხაზის ნიშანია; და ვერტიკალი, როგორც ნიშანი დისკრეტული, და შეჩერებული ხაზისა. ჰორიზონტალი სტრიქონის „იმიჯს“ შე-ადგენს. ასე მივყვებით ტექსტს… ასე ვმოძრაობთ სტრიქონთა გასწვრივ… გასწვრივ და კვალდაკვალ… ვერტიკალი სვეტის მთლიანობის ილუზიას აღძრავს. ეს – სტატიკური აღქმისას. სტრიქონ-სტრიქონ კითხვისას კი ქვემოთ და ქვემოთ ვეშვებით. ვერტიკალური დაღმასვლა, თითქოსდა, დინების საწინააღმდეგო მოძრაობაცაა; ნებისმიერ დროს შეიძლება დავაყოვნოთ, ანდა, სულაც, გავწყვიტოთ. ასე რომ, ვერტიკალი შრიფტში შეჩერებასავით მუშაობს. ტიტულისა და სვეტის ვერტიკალიც – წიგნშიცა და ასოს ვერტიკალიც – ასოსავე შტამპში შეჩერებად აღიქმება.

ამ ორი ძირეული მომენტის გაფორმებაა მთავარი შრიფტში. მეორე მხრივ, ასო-ნიშნები რაღაცნაირად ბაძავენ ფონეტიკურ „ჟესტებს“ და ამგვარი მიმეტიზმი ქართულ გრაფემათა ქართულ მხაზველობაშიც იგულისხმება. ხმოვნებსა და თანხმოვნებს განსხვავებული ხმოვან-ხედვითი რიგი აქვთ. და ამ გაგებით, სტრიქონის მოდელირებისას, თანხმოვნების ვერტიკალიზმთან ხმოვანთა „ღიაობის“ სიგნიფიკაციაც ხდება. ყოველ ასოს თავისი კონსტრუქცია აქვს; თავისი ჩონჩხითა და თავისი ხორცით. ამ კონსტრუქციის მნიშვნელობა იმაშია, რომ ვერტიკალურად დაყენებული ასო წინდაწინ მიიწევს. ჰორიზონტისაკენ… ჟესტები კი დიაგონალურად იკვეთებიან; ზემოთა და ქვემოთ.. . და ასოც, თითქოსდა, ახალ-ახალ ნაბიჯებს დგამს; წარმოვიდგინოთ, რომ ხელებსაც ამოძრავებს. ერთი შტამპიდან მეორეზე გადაცემული ჟესტები ცალკეული სიტყვის გამოსახულებასაც და მთლიან გრაფემულ პროპოზიციასაც ორგანიზმად აყალიბებს. ასე ესახსრება გრაფიკული რიტმი ვერბალურ რიტმს. ახლა, შრიფტის კონსტრუქცია: ასო შავი სილუეტია და ამ შავის მოდელირებით იძენს ქრომატულ იერს. შავის მოდელირებითვე იცვლება ასოს კონსტრუქცია და შრიფტად გვევლინება. შავი ასო თეთრშიც იძირება და თეთრიდანვე აღმოცენდება. ასეთ ასოს ვ. ფავორსკი რძეში ჩავარდნილ ბუზს ადარებს. შტამპის ფერი, „კავებთან“ კონტრასტში, ილუზორულად ღრმავდება ქაღალდზე, კავების „ულვაშები“ კი შავ შრიფტს ზედაპირზე ამაგრებენ. ამგვარ შრიფტში, თეთრზე შავის „ნაწოლი“ თეთრისავე აქტიურობას იწვევს და ხან მსუბუქია და განყენებული, ხანაც – მასიური. შავისა და თეთრის ანალოგიური Rendez-vous გვხვდება ქსილოგრაფიულ ილუსტრაციებში – პირველ პლანს ხშირად წარმოადგენს შავი, რომელიც ჩვენ თვალწინვე მსუბუქდება და უკანა პლანიდან მომდინარე თეთრის მეოხებით ნაცრისფერდება. შტამბისაგან გაქცევა შრიფტში, მართლაცდა, უფრო რთულია, ვიდრე არქიტექტურაში სვეტზე, ან პილასტრზე უარის თქმა. „ორდერი“ შრიფტში იყო და იარსებებს. მით უფრო, შრიფტულ კომპოზიციაში… შრიფტული სიტყვაც და შრიფტული წინადადებაც კომპოზიციურ სინტაქსისს ეფუძნება. მხატვარი კიდეც ხატავს და კიდეც წერს სიტყვებს; სიტყვებს, როგორც საგნებს. ლადო გრიგოლია იყო სიტყვებში საგნებს რომ ხედავდა და საგნებში – სიტყვებს. ძველი ქართული შრიფტი კლასიკურ დასავლურ antiqua-სთან გრიგოლიამ შეასახსრა. ქართველი მაესტრო მშობლიურ ანბანში აღმოაჩენს მანმადე წარმოუდგენელ შტამბებს. „შტამბი“ კი ხეა; ხის ტანია – ფესვებსა და ვარჯს შორის. ლადო გრიგოლიამ ქართული ასო რომანტიკულად მო-აქცია, თუმცა, არც მოცულობითობა და საგნობრიობა დაუკარგა. გრიგოლიასეული შრიფტი სივრცეშია განტოტვილი. მისი ვერტიკალური „კომპლექცია“ ამ განტოტვებით, დიახაც, ბუნებრივ მოქნილობას შეესატყვისება და განსხვავებულ გარნიტურებში, ვარიაბელური ნახჭის უფართოეს დიაპაზონზეა გათვლილი.
ესაა საკუთრივ წიგნის შრიფტი, რომელიც პლაკატში სულ სხვა მოდულაციებით ჟღერს. ამ შრიფტში ქართული კალიგრაფიის იმანენტური ხაზულობაც იგრძნობა და სტილ-მოდერნის რემინისცენციებიც ილანდება. კლასიკური ფესვი კი უცვლელი რჩება. და ეს ფესვი იძლევა მონათესავე გარნიტურების სინთეზირების საშუალებას. მთავარი მაინც ასო-ნიშნის „ორგანოტროპული“ ინტენციაა. ამ შრიფტული ორგანოტროპიზმის სიმბოლო კი ხეა; განტოტვილი ხე… ხან აშოლტილი და ხანაც „გადმოხრილი ზედმიწევნით მსუბუქი და ირიბი“… ხან „შიგნიდანვე გამომწვარი“ და ხანაც აყვავებული „ნატვრის ხე“… ამ ხეზე ასვლა მხოლოდ ლადო გრიგოლიამ იცოდა.

 

* * *

     წიგნი მაინც არქიტექტურის შვილობილია. წიგნსაც აქვს თავისი შესასვლელი; მკაცრი, საპარადო პორტალი… წიგნი მკაცრად ორგანიზებული სივრცეა. სიმეტრიაც, ხილული ვერტიკალური ღერძიც, მეტრულობაცა და განშლის კომპოზიციური ჩაკეტილობაც, შრიფტსაც და დეკორსაც ჩარჩოებში სვამს. შედარებით მეტი გასაქანი ეძლევა მხატვარს ფორზაცის კომპოზიციაში – წიგნური კონსტრუქციის ამ მედიალურ ელემენტზე პრედესტინაციული სივრცული სტრუქტურა ნაკლებად ვრცელდება. წიგნის შიდა სივრცეს ლადო გრიგოლიას პარადიგმაშიც ტრადიციულ-ორნამენტული დეკორი ანაწევრებს. ესაა თავსართები, ბოლოსართები, ინიციალები… ცალკე „თემაა“ ორნამენტული ჩარჩოები (ძირითად – ტიტულზე, იშვიათად – ყდაზე). და ყველა ეს ფორმა ორნამენტისა წიგნის „ორდერულ სისტემაში“ ეწერება. მეტიც, ორნამენტი თვით წიგნის შრიფტსაც ამკობს და ტექსტის საგანგებოდ მოზომილ ფრაგმენტსაც კი „სხვა თვალზე“ გვაკითხებს. შრიფტში რაღაც რიტმული, პროტოორნამენტული სუბსტანციაც იგულისხმება. და სწორედ ეს საწყისია წიგნის ხელოვნების გრიგოლიასეული კოდიც, რომელიც სწრაფ, კითხვად მარათონზე კი არა, ტექსტის სტრუქტურულად დისკრეტირებულსა და რიტმულად შენელებულ რეცეფციაზეა გათვლილი. წიგნის შრიფტი განყენებული ნიშნური საწყისის უმთავრესი მატარებელია. ასე მკვიდრდება წიგნში კონვენციურობაცა და სიგნიფიკაციურობაც; დენოტაციაცა და კონოტაციაც… თუკი ილუსტრაციაში უშუალოდ იკითხება ნახატის მიღმა საგულისხმებელი „სათქმელი“, შრიფტში დეშიფრირება (გნებავთ, დე-შრიფტირება), როგორც აზრის ამო-კითხვის პროცედურა, სხვაგვარ ინტენციას მოითხოვს. შრიფტული ნიშნების ფონოლოგიური თუ ეპისტემიოლოგიური მიმართებები, დიახაც, წიგნიერებას საჭიროებს. ერთ დროს ასო-ნიშანი ნახატიც იყო და იდეოგრამა-აკროფონიც. გავიდა ხანი და მან დაკარგა თავისი სახვითი ბუნება – მისი მოხაზულობაც გართულდა და უსარგებლო, დამატებით საზრისთაგანაც ზედმეტი ასოციაციებისაგანაც გათავისუფლდა. სივრცულ ხელოვნებაში მოსახილი ფორმათქმნადობის კანონზომიერებანი არასახვით პლანში სხვაა და სახვითში – სხვა. ფონეტიკური ნაწერიცა და იდეოგრაფიული ნაწერიც განსხვავებულია.
არქიტექტურასთან ასოციაცია ამჯერადაც აშკარაა. ასო-ნიშანი ერთგვარ კონსტრუქციად იკითხება. მისი მნიშვნელობაცა და გამომსახველობაც საკუთრივ სახვით ელემენტებზე – რიტმსა და კონსტრუქციაზე, ნაწერის სისწრაფესა და ზოგადად ინსტრუმენტარიის ფლობაზეა დამოკიდებული. ფონეტიკური შრიფტული ნიშანი არა იზოლირებულად, არამედ საერთო ხედვით (გან)რიგში აღიქმება და ცალკეული ასოს მოხაზულობის გრაფიკულ სისადავესაც ამდენადვე გვკარნახობს. ტექსტუალური სტრიქონის დენადი რიტმი და მისი ქრომატული ნაჯერობა – აი, ნორმალური კითხვის აუცილებელი პირობა და შრიფტის „გრაფიკული არქიტექ(ს)ტურის“ ფუნდამენტი! ტექსტუალური წყობის „იზოკეფალური“ შრიფტი კითხვისას „კვდება“. შრიფტის ნახატზე ყურადღების კონცენტრირება ნიშნავს, შეწყვიტო კითხვა. ეს „ნახატი“ მუდამ ჩვენ თვალწინაშეა; ჩვენსავე აღქმაში ფორმ(ატ)დება, როგორც თავისებური ფონი ანდა ტექსტის დამახასიათებელი ვიზუალური კამერტონი. ამ „კამერტონით“ განვიცდით წიგნის არტეფაქტურას. ასეთი იყო „ძველი ქართული (საბჭოთა) წიგნიც“: აქ შრიფტი იხატებოდა და სხეულებრივი წონითაც და მგრძნობელობითაც ეს „ნახატი“ აღავსებდა. მოკლედ, ლაკონიზმი, არქიტექტონიკულობა და აბსტრაქტულობა შრიფტული ნიშნის ფუძისეული თვისებებია. შრიფტი ნებისმიერი ფერისა შეიძლება იყოს, თუმცა, მაინც თეთრ ფონზე შავის ასკეტიზმი უხდება. შრიფტისთვის უცხო არც გართულებული ფიგურატულობაა, თუმცა, მაინც, ელემენტური სწორკუთხოვნებაა მისი მოდული. აქედან მოდის შრიფტული კომპოზიციის არქიტექტონიკური სიმკაცრეცა და წიგნის მხატვრულ სივრცეში დანაწევრების პოეტიკაც; საყრდენ ჰორიზონტალთა და ვერტიკალთა კლასიკური „სინტაქსისი“. შრიფტის გართულება და დეკორატიული ტრანსფორმაცია, როგორც საწინააღმდეგო ტენდენცია, ქართული წიგნური ხელოვნების ცოცხალ გენეზისშიც აისახა; გარკვეული გაგებით, ეს „საკრალური“ შრიფტის „პროფანიზაციაც“ იყო; ეს სინდრომი თავიდან, ყველაზე ტიპურად, ალ. ბანძელაძის „არსენას ლექსისა“ და კიპლინგის „მაუგლის“ ტრანსკრიპციებში გამჟღავნდა. „არსენას ლექსის“ 1966 წლის ვარიანტში (პირველი 1957 წელს დაიხატა) მხატვარი ძველქართული შრიფტის მიმსგავსებით გადაწერს ტექსტს; პერსონაჟთა მოუხეშავ ფორმებს ქართული არქაული ორნამენტიკით „გაალღობს“ და უნისონში წარმოგვიდგენს საკითხავ-სახილველს – ძველი ქართული გრაგნილის ჩაყვითლებულ სიმულაკრს, აბსტრაქტულ იდეოგრამათა და ბესტიალურორნიტოლოგიურ ფიგურაციათა კვაზიინკრუსტირებული გამების აკორდიკით… „არსენას ლექსს“ მოწითალო თუ შავ სტრიქონებად გადაწნული პეწიანი ხელრთვა კაზმავს – ტიტულიდან და სუპერიდანაც ცალკეულ ფურცლებამდე აერთიანებს და კონტრაპუნქტულად მსჭვალავს წიგნის მთელ სხეულს. ამ ინოვაციური „გარღვევის“ კონტექსტში, მით უფრო, მეტი სოლიდურობითა და აკადემიზმით იკითხებოდა ლადო გრიგოლიას „წიგნები“. 1940 წელს დაწყებული და 17 წლის შემდეგ დასრულებული აკაკი წერეთლის თხზულებათა მრავალტომეული თავისი საიუბილეო საზეიმო მხატვრული ანსამბლით, ქართული წიგნის ხელოვნების კანონიკური სუპერტექსტია.

1 2 3 4 5 6 7 8 9